კომენდანტის საათის გამო

კომენდანტის საათის გამო "ბაიერნი" - "ბარსელონა" შესაძლოა უმაყურებლოდ გაიმართოს

ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მატჩი მიუნხენის „ბაიერნსა“ და „ბარსელონას“ შორის შესაძლოა, უმაყურებლოდ გაიმართოს.

ბავარიის რეგიონში ბოლო პერიოდში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა შემაშფოთებლად გაიზარდა, რის გამოც აუცილებელი გახდა მკაცრი შეზღუდვების დაწესება. გატარებულ პრევენციულ ზომებს შორის აღდგა კომენდანტის საათი, რომელიც ბავარიაში ადგილობრივი დროით 22:00 საათზე იწყება.

ვინაიდან, „ბაიერნი“ – „ბარსელონას“ თამაში დაახლოებით 23:00 საათისთვის დასრულდება, შეუძლებელი იქნება გულშემატკივრების სახლში დროულად დაბრუნება. ამიტომაც, Marca იტყობინება, რომ მატჩი უმაყურებლოდ ჩატარდება.

აქვე ვთქვათ, რომ „ბაიერნის“ ნახევარმცველი იუზუა კიმიხი, რომელიც აცრაზე უარს ამბობს, ჯერ კიდევ კარანტინში რჩება და უცნობია, ითამაშებს თუ არა.

შეგახსენებთ, „ბაიერნს“ 12 ქულით ჯგუფიდან გასვლა უკვე განაღდებული აქვს, მაგრამ „ბარსელონას“ მხოლოდ 6 ქულა გააჩნია და პლეი-ოფში თამაშის საკითხი ჯერ გადაჭრილი არ აქვს.