სულშერი

სულშერი "მანჩესტერს" ცრემლებით დაემშვიდობა: "ეს კლუბი ჩემთვის ყველაფერია"

ოლე გუნარ სულშერი „მანჩესტერ იუნაიტედს“ ცრემლებით დაემშვიდობა. კლუბის ოფიციალური ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში ნორვეგიელმა სპეციალისტმა იტირა და თქვა, რომ „მანჩესტერი“ მისთვის ყველაფერს ნიშნავს.

„თქვენ იცით, რას ნიშნავს ეს კლუბი ჩემთვის და აქ რისი მიღწევა მინდოდა - კლუბისთვის, გულშემატკივრებისთვის, ფეხბურთელებისთვის, პერსონალისთვის. მინდოდა, მომდევნო ნაბიჯი გადაგვედგა, პრემიერლიგაში გამარჯვებისთვის და ტიტულებისთვის გვებრძოლა. ყველაფერზე პასუხის გაცემა არ მინდა. ჟურნალისტები ინტერვიუს მომთხოვენ, მაგრამ ინტერვიუს მიცემას არ ვაპირებ. წინა კარიდან მივდივარ, რადგან ვფიქრობ, რომ ყველამ იცის, ამ კლუბისთვის ყველაფერი გავიღე. ეს კლუბი ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს. სამწუხაროდ, სასურველ შედეგს ვერ მივაღწიე და ჩემი წასვლის დროა.

ძალიან, ძალიან ვამაყობ, უკან რომ ვიხედები. ჯერ ფეხბურთელი ვიყავი, შემდეგ სარეზერვო გუნდის მწვრთნელი, მერე კი ერთადერთი ოცნება, რომელიც ახდენილი არ მქონდა, ამიხდა - მთავარი გუნდის მწვრთნელი გავხდი. პირველიდან ბოლო წუთამდე სიამოვნება იყო აქ მუშაობა, ამიტომ, ყველა ფეხბურთელს მადლობა უნდა გადავუხადო, რადგან ისინი უკეთესები გახდნენ. ზოგი მოვიდა, ზოგი წავიდა, მაგრამ ყველასთან მუშაობა სასიამოვნო იყო. უპირველეს ყოვლისა მინდა მადლობა გადავუხადო დირექტორთა საბჭოს და მფლობელებს, რომ მომცეს ეს შესაძლებლობა, რადგან ამ შანსს ყველა ვერ იღებს, მაგრამ მე მქონდა.

ჩემთვის დიდი პატივი და პრივილეგიაა, რომ კლუბის მწვრთნელობა დამავალეს და იმედი მაქვს, რომ კლუბს უკეთეს მდგომარეობაში ვტოვებ, ვიდრე მაშინ იყო, როცა მოვედი“, - თქვა სულშერმა.

შეგახსენებთ, ოლე გუნარ სულშერი „მანჩესტერში“ 1996-2007 წლებში თამაშობდა და 366 მატჩში 126 გოლი გაიტანა. 2008-2011 წლებში ის კლუბის სარეზერვო გუნდში მუშაობდა, ხოლო 2018 წლის 19 დეკემბერს, ჟოზე მოურინიო შეცვალა და მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. მასთან ერთად „მანჩესტერმა“ ტიტული ვერ მოიგო და მაქსიმუმი „ვილიარეალთან“ წაგებული ევროპა ლიგის ფინალი გამოდგა. ნორვეგიელს კარიერაში ასევე გაუწვრთნია „მიოლდე“ და „კარდიფ სიტი“, ხოლო „მანჩესტერს“ დროებით მაიკლ კერიკი უხელმძღვანელებს.