ჯუზეპე როსი იტალიაში დაბრუნდა

ჯუზეპე როსი იტალიაში დაბრუნდა

იტალიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ჯუზეპე როსი კარიერას სერია B-ს ბინადარ „სპალში“ გააგრძელებს. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

როსიმ „სპალთან“ ხელშეკრულება 2022 წლის 30 ივნისამდე გააფორმა. ჯუზეპე ამერიკაში დაბადებულია, კარიერა კი „მანჩესტერ იუნაიტედში“ დაიწყო, რომლის მაისურით დებიუტი 2005 წელს ჰქონდა.

მოგვიანებით მან „ნიუკასლში“, „პარმაში“, „ვილიარეალში“, „ფიორენტინაში“, „ლევანტეში“, „ჯენოასა“ და „სელტაში“ ითამაშა. კარიერის საუკეთესო წლები „ვილიარეალში“ დაჰყო და ესპანურ კლუბში ჩატარებულ 191 მატჩში 92 გოლი გაიტანა. ბოლოს ჯუზეპე ამერიკული „სოლტ ლეიკ სიტის“ წევრი იყო.

ჯუზეპე როსი თავის დროზე ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ ფეხბურთელად მიიჩნეოდა, მაგრამ ტრავმებმა მის კარიერაზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა და შესაძლებლობების ნახევარიც ვერ წარმოაჩინა. იტალიის ნაკრებში როსიმ 30 თამაშში 7 გოლი გაიტანა.