2022 წლიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტში სააბონემენტო სისტემა ამოქმედდება, რომელიც ერთთვიანი, 6-თვიანი და ერთწლიანი იქნება. ინფორმაცია ამის თაობაზე დედაქალაქის მერმა გაავრცელა. სააბონიმენტო სისტემის დანერგვა უთუოდ კარგი სიახლეა მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით მათთვის, ვინც ხშირად გადაადგილდება. თუმცა, პარალელურად გაჩნდა კითხვა - ხომ არ გაძვირდება მგზავრობა ცვლილებების შემდეგ?
თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ვიქტორ წილოსანი თბილისელებს ამშვიდება და ამბობს, რომ ტარიფის ზრდა არ იგეგმება იმ ადამიანებისთვის, ვინც ხშირად სარგებლობს საზოგადოებრივი ტრანსპორტით. დანარჩენ დეტალებთან დაკავშირებით კი დაზუსტებულ ინფორმაციას მერი მოგვიანებით გაავრცელებს.
ვიქტორ წილოსანის ინფორმაციით, გადახდის ახალ სისტემაში კონკრეტული ჯგუფებისთვის (სტუდენტები, პენსიონერები და ა.შ.) ამ დრომდე არსებული შეღავათები გათვალისწინებული იქნება.
„სააბონემენტო სისტემა ნიშნავს, რომ ერთჯერადი შეძენით თქვენ შესაძლებლობა გექნებათ, ერთთვიანი, ექვსთვიანი და ერთწლიანი აბონემენტი შეიძინოთ, რაც საშუალებას მოგცემთ, საზოგადოებრივი ტრანსპორტით ულიმიტოდ ისარგებლოთ. ერთჯერადი გადახდები, რა თქმა უნდა, დარჩება. თუმცა იმ მოქალაქეებისთვის, ვინც ბევრს მგზავრობს, სააბონემენტო სისტემა იქნება შეღავათი, რათა უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი. იმ ადამიანებისთვის, ვინც ხშირად სარგებლობს საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ტარიფის ზრდა არ იგეგმება“, - განაცხადა „საქმიან დილაში“ წილოსანმა.
საავტომობილო დარგის ექსპრეტები სიახლეს მიასალმებიან, მაგრამ ეჭვობენ, რომ ახალი სისტემის ამოქმდება საზოგადოებრივი ტრანსპორტისადმი მიდრეკილებას დიდად ვერ გაზრდის.
„აბონიმენტების თემა კარგ ფონს შესძენს ამ ყველაფერს, მაგრამ ეს საზოგადოებრივი ტრანსპორტისადმი მიდრეკილებას დიდად ვერ გაზრდის. ტრანსპორტს მიზიდულობა იმ შემთხვევაში ექნება, თუ მართლა, თავიდან ბოლომდე ექნება მას საცობის გარეშე მოძრაობის საშუალება“, - დასძინა „საქართველოს საავტომობილო ფედერაციის“ ვიცეპრეზიდენტმა, მევლუდ მელაძემ.
გარდა ამისა, სპეციალისტი აცხადებს, რომ ქვეყანა საცობებისგან რომ განიტვირთოს, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მაქსიმალურად უნდა განვითარდეს.
„ყველა ბევრს ფიქრობს, თუ როგორ შეიძლება მოგვარდეს საცობების საკითხი. ჩემებური ვერსიით, დიდი უბანი დიდ უბანს უნდა უკავშირდებოდეს დამოუკიდებელი და განიერი გზით, შუქნიშნების გარეშე. ავტომობილების რაოდენობის შემცირება არის ძალიან შორი პერსპექტივა. ეს მოხდება მაშინ, როდესაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი იქნება ძალიან მოქნილი. ვგულისხმობ იმას, რომ შესაძლოა, მეტროს სადგურებიც დაემატოს.
რაც შეეხება ავტობუსებს, მეტროსავით უნდა მოძრაობდეს, სრული დამოუკიდებლობა და თავისი ზოლი ჰქონდეს და ა.შ. ეს ყველაფერი მოკლე ვადაში ვერ მოხერხდება. ახლო მომავალში შეიძლება გაკეთდეს ის, რომ უბანი უაბნს უკავშირდებოდეს, რამე ფართო, უშუქნიშნო გზით“, - აღნიშნა მელაძემ.