„ხელისუფლება და ოპოზიცია ქვეყნის ძირითად პრობლემებს ვერ პასუხობენ“

„ხელისუფლება და ოპოზიცია ქვეყნის ძირითად პრობლემებს ვერ პასუხობენ“

2010 წარსულს ბარდება. ახალი წელი ახალ იმედებთან არის დაკავშირებული. მანამდე ანალიტიკოსები ქვეყნის მიერ განვლილ გზას აფასებენ. სამწუხარო ტრადიცია გრძელდება და პოზიტივს ნეგატივი ჭარბობს. 

პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილის აზრით, 2010 წელს საქართველოსთვის ყველაზე ნეგატიური მოვლენა უკრაინის ნაცვლად ბელორუსის დამეგობრება და სარკოზის განცხადება იყო საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. როგორც ცისკარიშვილმა „პირWელს“ განუცხადა, საქართველოსთვის აღნიშნული ფაქტები მომავალში ნეგატიური შედეგებით შეიძლება დასრულდეს. 

„სარკოზიმ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების გასაღები ფაქტობრივად რუსეთს ჩაუგდო ხელში“, - აღნიშნა პოლიტოლოგმა. 

რაც შეეხება დადებით მოვლენებს, ექსპერტის თქმით, საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ევროპარლამენტის სხდომა იყო, ხოლო სასიამოვნო მოსასმენი - ასტანის სამიტი. 

„ევროპარლამენტის სხდომაზე დასავლეთმა საქართველოსთან იზოლაცია გაარღვია. წლის განმავლობაში, ყველაზე სასიამოვნო მოსასმენი იყო ასტანაში გამართული სამიტი, სადაც საქართველოს მხარდამჭერი ბევრი განცხადება გაკეთდა. თუმცა ეს სამიტი იმედის გაცრუების საგანიც გახდა იმ კუთხით, რომ რუსეთმა დაბლოკა კონფლიქტის მოწესრიგების გეგმა, რომელიც სამიტს უნდა მიეღო“, - აცხადებს სოსო ცისკარიშვილი. 

ექსპერტ გია ხუხაშვილის განცხადებით, 2010 წელი ქართული პოლიტიკისთვის კრიზისის წელი გამოდგა, რაც ქმნის საფუძველს, რომ საქართველოს ბედი ქვეყნის გარეთ გადაწყდეს. 

როგორც ხუხაშვილმა „პირWელს“ განუცხადა, ქვეყანაში პრაქტიკულად არ არსებობს ოპოზიცია და ვერც ხელისუფლება ქმნის ქვეყნისთვის ეკონომიკური, სოციალური და საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით საჭირო პირობებს. 

„ვერც ხელისუფლება და ვერც ოპოზიცია, რომელიც პრაქტიკულად აღარ არსებობს, ვერ პასუხობს ქვეყნის ძირითად პრობლემებს. შეიძლება ითქვას, რომ პოლიტიკური ელიტა ღრმა კრიზისშია,  რაც სამომავლოდ ცუდ ფონს ქმნის“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა. 

რაც შეეხება 2010 წელს მომხდარს დადებით მოვლენებს ქვეყანაში, ექსპერტი ამ თვალსაზრისით ყველაზე წარმატებულად სანტა კლაუსის საქართველოში ჩამოსვლას მიიჩნევს. 

„თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მან თოვლის ბაბუა ჩაანაცვლა, რომელიც ემიგრაციაში გაუშვეს. ჩვენს ქვეყანაში ყველაფერი ამ ლოგიკით ხორციელდება. უცხოელ თოვლის ბაბუას მეტი დატვირთვა აქვს, ვიდრე ქართველს“, - დასძინა გია ხუხაშვილმა. 

„ქრისტიან-დემოკრატების“ ლიდერის გიორგი თარგამაძის აზრით, „საქართველოს ხელისუფლებაში ღირებულებების გადაფასება მიმდინარეობს“. 

მისივე თქმით, „2010 წლის მეორე ნახევარში ამ მიმართულებით უმნიშვნელოვანესი პოზიტივები შეიმჩნეოდა, მათ შორის - საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის დაფიქსირება, ასევე პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ საერთაშორისო საზოგადოების წინაშე ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებაში ძალის გამოუყენებლობის შესახებ გაკეთებული განცხადებები, თუმცა „ქრისტიან დემოკრატებისთვის“ საქართველოს სინგაპურიზაციის პოლიტიკა მიუღებელია“. 

„თუ საშინაო პოლიტიკის მიმართულებით ქრისტიან-დემოკრატებისა და ხელისუფლების შეხედულებები აბსოლუტურად განსხვავებულია, საგარეო პოლიტიკურ ვექტორთან დაკავშირებით გარკვეულ ნაწილში ჩვენი ხედვები ემთხვევა. თუმცა აქაც არის სხვაობა. საქართველოს ხელისუფლებაში ღირებულებათა გადაფასება ხდება. 

თუ ადრე ჩვენს მიზანს ნატო-ში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნად შევსულიყავით, დღეს საქართველო ცდილობს, აზიური სივრცის წარმატებული დემოკრატიის მოდელად წარმოჩინდეს. ცხადია, აზიური სტანდარტების დაკმაყოფილება გაცილებით ადვილია და ამ კონტექსტში მართლაც პირველები შეიძლება, ვიყოთ, მაგრამ ეს პასუხისმგებლობისგან გაქცევაა, როდესაც გაცილებით მაღალ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებ“, - განაცხადა თარგამაძემ და აქვე დასძინა, რომ „გარდა ღირებულებითი მნიშვნელობისა, სინგაპურიზაციის პოლიტიკის დასავლური ლიბერალური დემოკრატიის ალტერნატივად წარმოჩენა რაციონალური თვალსაზრისითაც გაუმართლებელია“. 

„სინგაპურის მოდელი მაღალ სოციალურ დონეს, ეფექტურ მთავრობასა და სერვისების დონეს გულისხმობს, მაგრამ ეს დასავლური გაგებით დემოკრატია არ არის. 53 წელია, სინგაპურს ერთი პოლიტიკური პარტია განაგებს. ამასთან, საქართველოს სინგაპურიზაციის ეკონომიკური რესურსი არ გააჩნია, ვინაიდან არა ნავთობის მომპოვებელი, არამედ მხოლოდ ტრანზიტორი ქვეყანაა. ასე, რომ, ჩვენს პოლიტიკურ ძალას როგორც რაციონალური, ისე ღირებულებითი თვალსაზრისით არჩევანი დასავლური, ქრისტიან-დემოკრატიული ღირებულებების თვალსაზრისით გვაქვს გაკეთებული“,- დასძინა თარგამაძემ. 

ექსპერტის ეკონომიკის საკითხებში ლადო პაპავას აზრით, 2010 წელი საქართველოს ეკონომიკურ ისტორიაში ინფლაციის წლის სახელით შევა. 

„წელს იყო გარკვეული წარმატებებიც და წარუმატებლობაც, თუმცა მთავარი ისაა, რომ 2010 წელი საქართველოს ისტორიაში ინფლაციის წლად შევა“, - განუცხადა „პირWელს“ პაპავამ. 

ამ კონტექსტში მან ყურადღება პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ მთავრობისთვის მიცემულ დავალებაზეც გაამახვილა, ორი კვირის ვადაში ანტიინფლაციური პროგრამა წარმოადგინოს. 

„ყველას კარგად გვახსოვს 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს გაპიარებული ე.წ. 50-თვიანი პროგრამა. ის დღემდე არავის უნახავს, რადგან ეს დოკუმენტი რეალურად არ არსებობს. წარმოუდგენლად მიმაჩნია ასევე ანტიინფლაციურ პროგრამაზე საუბარი. მსგავს პროგრამებს არც ერთ ქვეყანაში არ წერენ. 

საქმე რეალურად იმაშია, რომ ცალკე მთავრობამ და ცალკე ეროვნულმა ბანკმა საკუთარი საქმიანობა სწორად უნდა წარმართონ, ქვეყანას კი არა ანტიინფლაციური, არამედ ეკონომიკური განვითარების პროგრამა სჭირდება, რომელიც სადღეისოდ არ აქვს“ - განუცხადა „პირWელს“ პაპავამ. 

გასული წლის მნიშვნელოვანი მოვლენა ოფიციალური თბილისის ხაზგასმით სამშვიდობო წინადადებები გახდა. საქართველომ საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე ცალმხრივად აიღო ვალდებულება, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად სამხედრო ძალას არ გამოიყენებს. სამწუხაროდ ამ წინადადებას მეორე მხრიდან სათანადო დაფასება არ მოჰყოლია. 

ამ ფონზე ინტერნეტ-გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით, საქართველოს პრეზიდენტის ბოლოდროინდელ სამშვიდობო ინიციატივებს დადებითი შედეგი არ მოჰყვება. 

საინფორმაციო სააგენტო „პირWელის“ მიერ ჩატარებული ინტერნეტ-გამოკითხვის ფარგლებში მოქალაქეებს უნდა ეპასუხათ კითხვისთვის, „მოჰყვება თუ არა დადებითი შედეგი საქართველოს პრეზიდენტის ბოლოდროინდელ სამშვიდობო ინიციატივებს?“. 8 დეკემბრიდან მიმდინარე გამოკითხვაში სულ 720 მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა.

გამოკითხულთა უმრავლესობის - 63.19%-ის (455 ხმა) აზრით, მიხეილ სააკაშვილის ბოლოდროინდელ სამშვიდობო ინიციატივებს დადებითი შედეგი არ მოჰყვება; 30.42%-ის (219 ხმა) აზრით კი, პრეზიდენტის ინიციატივები უშედეგოდ არ ჩაივლის. აღნიშნულ კითხვაზე პასუხი გამოკითხულთა 6.39%-ს (46 მოქალაქე) არ აღმოაჩნდა. 

თუ გინდა მშვიდობა, ემზადე ომისთვის. ნებისმიერ სამშვიდობო წინადადებას ძლიერი შეიარაღებული ძალები ზურგს უნდა უმაგრებდეს. როგორც ჩანს, ქვეყანას ამ ეტაპზე არცთუ სახარბიელოდ აქვს საქმე. 

„საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა დაკარგეს უნარი გააკონტროლონ თავიანთი ქვეყნის საჰაერო სივრცე ან უკუაგდონ ნებისმიერი მეზობლის შემოჭრა ქვეყანაში“, – წერდა საქართველოში აშშ-ის ელჩი ჯონ ტეფტი ვაშინგტონს საიდუმლო გზავნილში, რომელიც 2009 წლის ივნისითაა დათარიღებული. ეს ინფორმაცია ინტერნეტ-გვერდ „WikiLeaks“-ის გვერდზე გამოქვეყნებული ახალი მასალებიდან ირკვევა. 

„საქართველოს ახლანდელი ოპერატიული გეგმები მდგომარეობს იმაში, რომ თუკი არმია შეძლებს და თბილისს შემოჭრილი ჯარისგან 72 საათის განმავლობაში დაიცავს, საერთაშორისო საზოგადოება ზეწოლით შეძლებს და გააჩერებს შემტევ მხარეს“, – წერდა ტეფტი და იქვე აღნიშნავდა, რომ - „რუსეთის მტკიცება იმის შესახებ, რომ საქართველოს სამხედრო პოტენციალი 2008 წლის აგვიტოსთან შედარებით გაიზარდა და რომ თბილისი გამალებით იარაღდება - შეცდომაა“. 

2008 წლის აგვისტოში მომხდარი კონფლიქტის დროს საქართველომ დაკარგა სულ მცირე 60 % ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებისა, ჯავშანმანქანების 30 % და ამერიკული წარმოების იარაღის 40 % - „და ყველა ეს დანაკარგი აღდგენილი არ არის“, – წერდა ტეფტი. 

მისივე თქმით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება ჯარის რაოდენობის შემცირების შესახებ 6 ათასი კაცით. „გასული წლის ივნისში ქართულ არმიაში 31 ათასი ადამიანი იყო. თავდაცვის მინისტრმა კი ჩვენ კონფიდენციალურად გვაცნობა, რომ შეიარაღებული ძალების საბოლოო რაოდენობა 30 ათას ჯარისკაცზე ნაკლები იქნება“, – აღნიშნავს ტეფტი. 

ამასთან ერთად, მისივე თქმით, საქართველოს სამხედრო ბიუჯეტის 7 %-ით მოსალოდნელი შემცირება საბოლოო ჯამში მივა იქამდე, რომ საქართველოს დანახარჯები თავდაცვისათვის 2008 წლის დონის ნახევარი იქნება. 

„ქართული მხარე არ აცხადებს არმიის შემცირების შესახებ, იმის, გამო, რომ შიშობს, რომ ქართული არმიის მცირერიცხოვნობამ შესაძლოა რუსებს შეიარაღებული შემოჭრისკენ უბიძგოს“, – წერს ტეფტი. 

აშშ-ს ელჩი საქართველოში ასევე მიიჩნევს, რომ აშშ-მ უნდა გააფართოოს საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობა, ვინაიდან აშშ-ს უარი საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობის გაფართოებაზე აღქმული იქნება როგორც „რუსეთის დაჯილდოება საქართველოს აგრესიისათვის და მის მიერ საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და ვალდებულებების დარღვევისათვის“. 

„რუსეთმა შეიძლება ამტკიცოს, რომ არც ერთი იარაღი არ არის თავისი ბუნებით მხოლოდ თავდაცვითი. რუსეთმა ასევე შეუძლია ამტკიცოს, რომ საქართველო მალულად ყიდულობს იარაღს, თუმცა ამის არავითარი დამადასტურებელი ფაქტი არ არსებობს“, – წერს ტეფტი. 

ამასთან ერთად, ტეფტი საუბრობს რამდენიმე იდეის შესახებ, რომელიც მისი აზრით შეძლებდნენ რეგიონში არასტაბილურობის რეალური საფრთხის განეიტრალებას. 

„უპირველეს ყოვლისა ჩვენ შეგვიძლია ვუბიძგოთ საქართველოს გააკეთოს საჯარო განცხადებები ან წერილობითი ვალდებულებები ახალი სამხედრო პროგრამების მხოლოდ თავდაცვითი ხასიათის შესახებ. ამასთან ერთად შეიძლება შევთავაზოთ საქართველოს, რუსეთს შესთავაზოს ძალის გამოუყენებლობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება“, – წერს ტეფტი და იქვე ეჭვს გამოთქვამს, რომ რუსეთი საქართველოს ამ წინადადებას დასთანხმდება.