ულმობელი დანაშაულებები და ლმობიერი სასჯელი

ულმობელი დანაშაულებები და ლმობიერი სასჯელი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არც პირველი და არც უკანასკნელია, რომელიც ციხის გისოსებს მიღმა აღმოჩნდა. სხვებისგან განსხვავებით, სააკაშვილი დანაშაულს არ აღიარებს და პროტესტის ნიშნად შიმშილობის ზომას მიმართა. ამასთან, სააკაშვილი ციხიდან ულტიმატუმს აყენებს - თუ მულტიფუნქციურ საავადმყოფოში გადაიყვანენ, ჭამას დაიწყებს.

მოკლედ, გადავწყვიტეთ შეგვედარებინა მიხეილ სააკაშვილი იმ პრეზიდენტებს, რომლებიც პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ, სამართალდამცველებმა დააკავეს. იმ ქვეყნის ლიდერების ჩამონათვალს, რომლებმაც სასჯელი მოიხადეს თუ იხდიან, მასალის ბოლოს შემოგთავაზებთ.

მანამდე კი ანალიტიკოსებს ასეთი კითხვით მივმართეთ, რატომ ვერ თუ არ აანალიზებს მიხელ სააკაშვილი ქვეყნისა და ერის წინაშე ჩადენილ დანაშაულს და რატომ არ სურს პასუხსმგებლობის აღება?

„როგორც სააკაშვილი, ასევე მისი გარემოცვა თავს დამნაშავედ არ სცნობენ და პრობლემა სწორედ ამაში მდგომარეობს. რაც მთავარია, საკუთარ დანაშაულს საჯაროდ, საზოგადოების წინაშე არ ინანიებენ. 2012 წლიდან მოყოლებული, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები უტიფრად ამტკიცებენ, რომ თითქოს ისინი სახელმწიღოს აღმშენებლები იყვნენ და თითქოს მანამდე საქართველოში არაფერი გაკეთებულა. ასევე, ისინი აცხადებენ, რომ ქვეყნისა და კანონის წინაშე უდანაშაულოები არიან. ამის დასამტკიცებლად კი ათასგვარ სისულელეს იშველიებენ. საქართველოს ტერიტორიაზე სააკაშვილმა დანაშაული ჩაიდინა. ის ამის გამო სამართლიანად აგებს პასუხს. მის გარდა ციხის მიღმა კიდევ არიან დარჩენილები, ზოგს ჯერ არ უგია პასუხი, ზოგიერთი მათგანი კი გაქცეულია - ადეიშვილი, კეზერაშვილი და კიდევ სხვები, რომლებსაც არანაკლები სიმძიმის დანაშაული აქვთ ჩადენილი. სწორედ, უტიფრობა და მოუნანიებლობა არის ამ პოლიტიკური ძალის კრახის მთავარი რეცეპტი“, - განუცხადა for.ge-ის გია აბაშიძემ.

ანალიტიკოსმა დავით ქართველიშვილმა მისაბაძ მაგალითად მოიყვანა სამხრეთ კორეის ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც გაასამართლეს და რომელიც დღესაც სასჯელს იხდის.

„სააკაშვილის ერთ ან ორ სფეროში გადაცდომა რომ ჰქონდეს და ეს აღიაროს, ან საზოგადოებას ბოდიში მოუხადოს, ამ ბოდიშს ჩვენ მივიღებდით. თუმცა, იმდენად კომპლექსური და იმდენად ყოვლისმომცვლელი დანაშაულებრივი სისტემა იყო შექმნილი, რომ ასეთ შემთხვევაში ერთ ეპიზოდს ვერ გამოშიგნავ, რომელიც საბოდიშოდ გამოდგება. მთლიანად იმ ცხრაწლიან რეჟიმზე ბოდიში რომ მოიხადო, ეს ნიშნავს საკუთარი ხელით უვადო პატიმრობის მუხლებზე ხელმოწერას. ასე რომ, ამის გამკეთებელი სააკაშვილი არაა. მაგალითად, სამხრეთ კორეის ქალბატონ ყოფილ პრეზიდენტს, რომელსაც თანხის გაფლანგვას ედავებიან, 22 წელი მიუსაჯეს და 12 მილიონი ევრო ჯარიმა გადაახდევინეს. იმ ქალბატონმა აღნიშნული თანხა გადაიხადა და ამით მან საკუთარი დანაშაული აღიარა. სააკაშვილის შემთხვევაში იმდენად ფართო სპექტრია დანაშაულის, რომ ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. თუნდაც, რომ სტრასბურგის ადამიანთა უფლებების კონვენცია ავიღოთ, ამ კონვენციის არც ერთი პუნქტი არ დარჩა ისეთი, რომლის შელახვა და ფეხქვეშ გათელვა სააკაშვილის მმართველობის პერიოდში არ მოხდა. სტრასბურგმა უამრავი საქმე განიხილა და 90% შემთხვევაში გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა. ყოველი ამ განაჩენის უკან არის უმძიმესი სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული საკმაოდ სოლიდური მსჯავრით. ამიტომაც სააკაშვილი აღიარებაზე ვეღარ მიდის“, - გვითხრა დავით ქართველიშვილმა.

კოლეგებისგან განსხვავებული პოზიცია აქვს გია ხუხაშვილს და სააკაშვილის არაღიარების ფაქტს ხსნის იმით, რომ სააკაშვილს ქართულ სასამართლოს მიმართ უნდობლობა აქვს.

„სააკაშვილი სანდრო გირგვლიანის მკვლელის შეწყალების ფაქტზეა გასამართლებული. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ამ დანაშაულში მისი თანამონაწილე იცით ვინც არის, ვისთან ერთადაც ეს დანაშაული ჩაიდინა?! მურუსიძე. პრეზიდენტს გირგვლიანის მკვლელები რომ შეეწყალებინა, სასამართლოს ამ ხალხისთვის უნდა შეემცირებინა განაჩენი, რათა ისინი ამნისტიის აქტში მომხდარიყვნენ. აღნიშნული გადაწყვეტილება ბატონმა მურუსიძემ მიიღო. ახლა ასეთი რამ გამოდის, თანამზრახველი თანამზრახველს ასამართლებს. ამიტომ არ აღიარებს. იმიტომ კი არა, რომ უდანაშაულოა, იმიტომ, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ მართლმსაჯულების ნდობა მინუს ქვემოთ დასწია. სასამართლოებში მოსამართლეებად დამნაშავეები ზიან. სარკოზი და სხვები დანაშაულს რომ აღიარებენ, იქ აზრადაც კი არავის მოსდის, რომ მოსამართლე შეიძლება დამნაშავე იყოს, ან პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღოს. ის მოსამართლეები, რომლებიც სააკაშვილს ასამართლებენ, სააკაშვილის დაკვეთით სხვებს ასამართლებდნენ. ამიტომ, რადგან მართლმსაჯულების მიმართ რომ ნდობა არ არის, ამით ვიღაცა ყოველთვის ისარგებლებს“, - გვითხრა გია ხუხაშვილმა.

ახლა კი წარმოგიდგენთ იმ ქვეყნების პრეზიდენტების სიას, რომლებიც გასამართლდნენ. აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის ორი პრეზიდენტი აღმოჩნდა განსასჯელის სკამზე.

ნიკოლა სარკოზი, საფრანგეთის პრეზიდენტი (2007-2012)

კორუფციისა და გავლენის ბოროტად გამოყენებისთვის, საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის სასამართლომ სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გამოძების მიხედვით, საფრანგეთის ექს-პრეზიდენტი ერთ-ერთ მოსამართლეს მის წინააღმდეგ მიმდინარე ანტიკორუფციული გამოძიების შესახებ ინფორმაციას სთხოვდა, სანაცვლოდ კი მონაკოში მაღალანაზღაურებად სამსახურს სთავაზობდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, სარკოზის ორწლიანი პატიმრობა პირობითია, ხოლო ერთი წელი მან შინაპატიმრობაში უნდა გაატაროს. ამასთან, უნდა ეკეთოს სამეთვალყურეო ელეტრონული სამაჯური.

პაკ კინ ჰე, სამხრეთ კორეის პრეზიდენტი (2013-2017)

სამხრეთ კორეის სასამართლომ ყოფილი პრეზიდენტი, პაკ კინ ჰე ქრთამის აღებაში და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში დამნაშავედ სცნო. მას 24 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. პაკ კინ ჰეს იმპიჩმენტს სამხრეთ კორეის საკონსტიტუციო სასამართლომ 2017 წლის მარტში დაუჭირა მხარი. იმპიჩმენტის მიზეზი კორუფციული სკანდალი გახდა, რომელშიც პაკ კინ ჰეს ნდობით აღჭურვილი პირი ჩოი სუნ სილი იყო ჩართული. სასამართლომ დაადგინა, რომ პაკ კინ ჰემ ჩოი სუნ სილთან ერთად ისეთი კონგლომერატებისგან, როგორიცაა სამსუნგი, ქრთამის სახით მილიარდობით სამხრეთ კორეული ვონი აიღო.

სერჟ სარგსიანი, სომხეთის პრეზიდენტი (2008-2018)

2019 წლის ბოლოს სპეციალურმა საგამოძიებო ჯგუფმა სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარგსიანს წაუყენა ბრალდება 1 მლნ დოლარის სახელმწიფო ქონების გაფლანგვის შესახებ. სარგსიანს ადანაშაულებენ იმაში, რომ მან თავის ხელქვეითებს დაავალა, დიზელის საწვავის მიმწოდებლად აერჩია კომპანია „ფლეში“ და არა „მასხერი“, რომელიც საწვავის შემოტანას გაცილებით ნაკლებ ფასად სთავაზობდა. 2020 წლის 25 თებერვალს სასამართლომ დაიწყო საქმის განხილვა. პროცესი დღემდე გრძელდება. სარგსიანს 4-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მოშე კაცავი, ისრაელის პრეზიდენტი (2000-2007)

ისრაელის ყოფილი პრეზიდენტი მოშე კაცავი 2011 წელს დააკავეს და სასამართლომ მას 7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მოშე კაცავის ბრალი ედებოდა ორ ქალბატონზე სექსუალური ძალადობის გამო. 2011 წლის დეკემბერში ის ქალაქ რამლეს ციხე „მაასიაგუში“ ჩასვეს. 2017 წლის 21 დეკემბერს კი ვადის ამოწურვამდე 2 წლით ადრე გაათავისუფლეს.

ჟაკ შირაკი, საფრანგეთის პრეზიდენტი (1995-2007)

2011 წლის დეკემბერში პარიზის სასამართლომ 2-წლიანი პირობითი სასჯელი შეუფარდა საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტ ჟაკ შირაკს, რომელიც ბრალდებული იყო პარიზის მერობის პერიოდში „ფიქტიური სამუშაო ადგილების შექმნასა“ და „უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში სარგებლის მიღების მიზნით“. ჟაკ შირაკი 2016 წლის 26 სექტემბერს გარდაიცვალა.

Katana .გია ხუხაშვილი: „სააკაშვილი სანდრო გირგვლიანის მკვლელის შეწყალების ფაქტზეა გასამართლებული. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ამ დანაშაულში მისი თანამონაწილე იცით ვინც არის, ვისთან ერთადაც ეს დანაშაული ჩაიდინა?! მურუსიძე.
პრეზიდენტს გირგვლიანის მკვლელები რომ შეეწყალებინა, სასამართლოს ამ ხალხისთვის უნდა შეემცირებინა განაჩენი, რათა ისინი ამნისტიის აქტში მომხდარიყვნენ. აღნიშნული გადაწყვეტილება ბატონმა მურუსიძემ მიიღო.
ახლა ასეთი რამ გამოდის, თანამზრახველი თანამზრახველს ასამართლებს.
ამიტომ არ აღიარებს. იმიტომ კი არა, რომ უდანაშაულოა, იმიტომ, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ მართლმსაჯულების ნდობა მინუს ქვემოთ დასწია. სასამართლოებში მოსამართლეებად დამნაშავეები ზიან.
*
ეს იმ იშვიათ შემთხვევათაგანია, როცა სავსებით ვეთანხმები ხუხაშვილს. ვინც არ ეთანხმება, დაამტკიცოს, რომ არ არის მართალი!
არასოდეს არანაირი შეხება მურუსიძესთან არ მქონია, მაგრამ მისი მოღვაწეობის გაგრძელება ამ ხელისუფლების სასამართლო სისტემაში იყო უპატიებელი შეცდომა, რამაც უამრავი მაგინებელი და ქვების მსროლელი გაუჩინა "ოცნებას".
საოცარია, ვინ და როგორ გაიტანა ეს უგუნური გადაწყვეტილება და რა ჰქონდა მიზნად?!
2 წლის უკან
XALIBI მურუსიძისნაირი გასვრილი ადამიანები საჭიროა ხელისუფლებისათვის. მათი ხელით ქოთანს საიდანაც გინდა იქიდან გაუკეთებ ყურებს..... ასეთი კადრებით სავსეა უამრავი სტრუქტურა.................... ,,ოცნების" მაგინებელნი და ქვების მსროლელნი, 2012 წლის არჩევნების მეორე დღესვე ვნახე ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, რომლებიც ნაცებზე მიცემულ სავარაუდო პროცენტს აპროტესტებდნენ.
2 წლის უკან