საქართველოს ნაკრებისა და ოდესის „ჩერნომორეცის“ ფეხბურთელმა კიევის „დინამოში“ არსებულ კონკურენციაზე ისაუბრა, რის გამოც გუნდის იჯარით დატოვება მოუწია.
„დინამოში“ წიტაიშვილის პოზიციაზე უკრაინის ნაკრების ფეხბურთელი ვიქტორ ციგანკოვი თამაშობს და როგორც ქართველმა ნახევარმცველმა აღნიშნა, სწორედ მასთან კონკურენციის გამო ბევრი სათამაშო დრო არ ეძლეოდა.
„ვფიქრობ, რომ ბევრი იმიტომ არ მითამაშია, რომ გუნდში კონკურენტად ასეთი ფეხბურთელი მყავდა. კარგია, რომ მსგავსი მოთამაშე არსებობს. 17 წლის ვიყავი, როცა ჩემპიონთა ლიგის მატჩზე მას აუტიდან ბურთებს ვაწვდიდი. მასთან კარგი ურთიერთობა მაქვს. არ ვბრაზობდი იმის გამო, რომ ის ჩემი კონკურენტი იყო. ბევრს სურს ევროტურნირებზე თამაში, მაგრამ ციგანკოვის ღირებულება 20-25 მილიონია“, - თქვა წიტაიშვილმა.
შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში წიტაიშვილმა „ჩერნომორეცის“ რიგებში უკრაინის პრემიერლიგაში ერთი გოლის გატანა მოახერხა. ის ჯერ კიდევ „დინამოს“ საკუთრებაა და ოდესელთა ღირსებას იჯარით იცავს.