„ოპოზიციის მიზანია, ადამიანი დაცული კი არ იყოს, არამედ დაუცველი, ასეთი მოთხოვნა როგორ შეიძლება პატიმრის ოჯახის წევრებს, თანამოაზრეებს ჰქონდეთ?!“

„ოპოზიციის მიზანია, ადამიანი დაცული კი არ იყოს, არამედ დაუცველი, ასეთი მოთხოვნა როგორ შეიძლება პატიმრის ოჯახის წევრებს, თანამოაზრეებს ჰქონდეთ?!“

„ჩემი აზრით, ნაციონალების საბოლო მიზანი მაინც 23 ნოემბერია, რომ ამ თარიღამდე ემოციურ ფონზე მივიდნენ და აიძულონ ხელისუფლება, სააკაშვილი გადაიყვანონ სამოქალაქო კლინიკაში, სადაც ის დაცული ვერ იქნება. ხომ შეიძლება, გაიტაცონ არა მარტო მისმა მომხრეებმა, არამედ მოწინააღმდეგეებიც მიუვარდნენ და მოითხოვონ მისი სხვაგვარად გასამართლება?! გამოდის, ოპოზიციის მიზანია, ადამიანი დაცული კი არ იყოს, არამედ დაუცველი. ასეთი მოთხოვნა როგორ შეიძლება პატიმრის ოჯახის წევრებს, თანამოაზრეებს ჰქონდეთ?!“ - აცხადებს ანალიტიკოსი ლადო ბოჟაძე for.ge-სთან საუბრისას.

რამდენად საფუძვლიანია ეჭვი, რომ, როგორც კი სააკაშვილი საზოგადოებას შეეცოდება, „ქართული ოცნება შეიძლება დასრულდეს. ქართულ ხასიათსა და ადამიანურ გულჩვილობაზეც ხომ არ არის გათვლილი სააკაშვილის უწყვეტი „შიმშილობა“ და არა მხოლოდ უცხოელების ყურადღების მიპყრობაზე? ეს გზაღა დარჩა სააკაშვილს - თანაგრძნობის გამოწვევა ჩვენს საზოგადოებაში? სიმართლე რომ ვთქვათ, ზოგიერთ ადამიანს, ვისაც უშუალოდ არ შეხებია მისი რეჟიმი, შეებრალა კიდეც ასეთ მდგომარეობაში მყოფი სააკაშვილი.

- სააკაშვილი უკვე რამდენი დღეა შიმშილობს და დღესაც არ ვიცით, რა მოთხოვნა აქვს - გათავისუფლებას ითხოვს, შეწყალებას ითხოვს, თუ რაიმე სხვა მოთხოვნები აქვს? ვიცით მხოლოდ ადამიანები, რომლებიც შიმშილობენ იმიტომ, რომ სააკაშვილი გადაიყვანონ სამოქალაქო კლინიკაში. თუმცა ის, რომ მას სტრასბურგის სასამართლომ მოუწოდა და, ამის მიუხედავად, არ აპირებს შიმშილობის შეწყვეტას, მიუთითებს იმაზე, რომ მათი გეგმაა, ისე დამძიმდეს სააკაშვილის მდგომარეობა, ამას გარკვეული პოლიტიკური პროცესების განვითარება მოჰყვეს ქვეყანაში. ეს პროცესი გრძელდება და სავარაუდო კულმინაცია, ალბათ, უნდათ, რომ იყოს 23 ნოემბერი, ანუ თარიღი, როცა მათ სურთ, აიძულონ ხელისუფლება, სააკაშვილი გადაიყვანონ სამოქალაქო კლინიკაში. რეალურად, ყველამ ვიცით ჩვენი ხელისუფლების პოზიცია, ისინი არიან პასუხისმგებელნი სააკაშვილის ჯანმრთელობაზე, სიცოცხლესა და უსაფრთხოებაზე. ყველაზე კარგად მისი უსაფრთხოება დაცული იქნება ციხის დაწესებულებაში, ეს თქვა სწორედ სტრასბურგმა და განმარტებაც გაკეთდა ამასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, სტრასბურგს წარუდგენს ხელისუფლება ყველა მოთხოვნას სააკაშვილის ჯანმრთელობასთან თუ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. თუკი სააკაშვილის შიმშილობამ საზოგადოების გარკვეულ ნაწილში პატიების და შენდობის სურვილი გააჩინა, ეს მაინც ემოციური და ადამიანური განწყობებია, სამართლებრივად ამას ვერავითარი პოზიცია ვერ მოჰყვება. მას მისჯილი აქვს, პრეზიდენტი არ აპირებს მის შეწყალებას და პარლამენტი არ აპირებს ამნისტიის გამოცხადებას. სხვაგვარად როგორც არ უნდა ებრალებოდეს სააკაშვილი ვინმეს და უნდოდეს მისი გარეთ ნახვა, ეს ვერ მოხდება მინიმუმ 6 წლის განმავლობაში. იგივე ეხება უკრაინაში ექსტრადაციასაც, მან საქართველოს მოქალაქეობის დროს საქართველოში ჩაიდინა დანაშაულები და სასჯელიც აქ უნდა მოიხადოს. თუ უკრაინაშიც საქმე იქნება აღძრული, როცა გამოვა სააკაშვილი ციხიდან და დაბრუნდება უკრაინაში, როგორც უკრაინის მოქალაქე, მერე იქ დააკავონ და გაასამართლონ, ეს უკვე უკრაინის საქმე იქნება და არა საქართველოსი.

თქვენ აღნიშნეთ სააკაშვილისთვის ე.წ. საკრალური თარიღის - 23 ნოემბრის შესახებ, ციხიდან სააკაშვილი თანამოშიმშილეებს უგზავნის ასეთ გზავნილს, რომ მათი შიმშილი იმეორებს მაჰათმა განდის აქციას, რომელმაც დაამარცხა იმპერია და გაათავისუფლა ქვეყანა. ისევ იმის თავი აქვს, საკრალურ თარიღებზე იფიქროს და არა საკუთარ სინანულზე?

- თუ მიაქცევდით ყურადღებას, სააკაშვილს არ მიუმართავს პარლამენტის წევრებისთვის, თქვენ არ იშიმშილოთო, არც პარლამენტარების მხრიდან არ ყოფილა სააკაშვილის მიმართ, შეწყვიტე შიმშილობაო. ეს ნიშნავს, რომ დაინტერესებულნი არიან, ერთი მხრივ, დამძიმდეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, მეორე მხრივ, რაც შეიძლება, ბევრი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდეს პარლამენტის შენობაში, საკრებულოში. ეს იმისთვის ხდება, რომ მასობრივი ხასიათი მიიღოს ამ ყველაფერმა და იყოს არა ერთი ადამიანის-სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა პრობლემა, არამედ ბევრი ადამიანის. კიდევ ვიმეორებ, ჩემი აზრით, მიზანი მაინც 23 ნოემბერია, რომ ამ თარიღამდე ემოციურ ფონზე მივიდნენ. 18 ნოემბრისთვის გადასწიეს ერთი აქცია, საგარეო პოლიტიკურ კურსს დაუკავშირეს სააკაშვილის შიმშილობა, არადა, რა კავშირშია საგარეო პოლიტიკურ კურსთან სააკაშვილის შიმშილობა? ეს გაუგონარი ამბავია ისევე, როგორც შედარებები მაჰათმა განდთან, თუ ვინმე სხვა ისტორიულ პერსონასთან, რომელსაც ეს გზა აქვს გავლილი.

ისიც მოვისმინეთ, რომ სააკაშვილთან თურმე უნდა შევიდეს წამების საწინააღმდეგო კომიტეტი.

- ეს კიდევ ცალკე სასაცილო საკითხია. თქვენ წარმოიდგინეთ, სტრასბურგის სასამართლოს რომ ჰქონდეს ინფორმაცია სხვადასხვა წყაროდან, რომ სააკაშვილს არაადამიანურად ეპყრობიან, მაშინ მას მოსთხოვდა შიმშილობის შეწყვეტას? ან საქართველოს მთავრობას დაავალებდა, ანგარიში ჩამაბარეთ, როგორ უზრუნველყოფ მის უსაფრთხოებას და ჯანმრთელობას, რაც მთავარია, ციხეშიო? ამიტომ სამოქალაქო სექტორის ნაწილისა და სახალხო დამცველის აპარატის შეხმატკბილებული პოზიცია, ექიმების შიმშილობა, ეს ყველაფერი პოლიტიკური პროცესის ნაწილია, რომლის საბოლოო თემაც უნდა იყოს მისი გადაყვანა სამოქალაქო კლინიკაში, სადაც სააკაშვილი არ იქნება უსაფრთხოდ. აქ მარტო იმაზე არაა საუბარი, რომ მისი მომხრეები არ მიუვარდნენ და არ მოიტაცონ, მოწინააღმდეგები რომ მიუვარდნენ და მოითხოვონ მისი სხვაგვარად გასამართლება?!

სხვათა შორის, სააკაშვილის მოწინააღმდეგეები ბევრად უფრო შემწყნარებლები ჩანან, ნაციონალების მომხრეებს კი მართლაც აქვთ სამომავლო პოლიტიკური მიზნისთვის სააკაშვილის განეიტრალების დაუძლეველი სურვილი.

- ყოველ შემთხვევაში, დავუშვათ, გადაიყვანეს სასამართლოში, ან კლინიკაში, მოვიდა 5 ათასი კაცი, მეორე მხარემ დაახვედრა კიდევ 5 ათასი პოლიციელი, მერე დაიწყო შეხლა-შემოხლა, ხელისუფლებამ გამოიყენა წყლის ჭავლი, ან კანონით განსაზღვრული მექანიზმები, მოიმატა ხალხის რაოდენობამ, მერე ვიღაც დაშავდა, ეს ხომ შეიძლება გაგრძელდეს, გაგრძელეს და აზვირთდეს. როგორ დასრულდება, ეს კიდევ ღმერთმა იცის. რატომ არის სამოქალაქო კლინიკაში მისი გადაყვანა ასე საჭირო და აუცილებელი? ჯერ ის ვერ გავარკვიეთ, ამდენი დღეა, შიმშილობს თუ არა და, ალბათ, გინესის რეკორდების კომისია ჩამოვა და შეისწავლიან, ვინ არის ამისთანა ეს კაცი, ამდენი დღე რომ შიმშილობს. უბრალოდ, ეს სასაცილო და სამარცხვინო ამბავია. აგერაა ექიმთა კონსილიუმი, ყოველდღიურ რეჟიმში აქვეყნებენ ლამის ანალიზის შედეგებსაც და პარამეტრებსაც, რა აკვიატებაა ეს, რომ სადმე გადაიყვანონ, თუ სხვა ტიპის გეგმა არ არსებობს? წარმოიდგინეთ, რამდენ პატიმარს უშიმშილია ამდენი ხნის განმავლობაში და ყველამ შეწყვიტა შიმშილობა საკანში. ან ციხის საავადმყოფოში რომ გადაიყვანეს, იქ შეწყვიტეს შიმშილი, უმკურნალეს ბოლომდე, შიმშილის შემდგომი პერიოდი გაიარეს და ყველა დაბრუნდა სასჯელის მოხდის ადგილზე ისევე, როგორც სააკაშვილი დაბრუნდება, როცა მორჩება შიმშილობასაც და მკურნალობასაც მე-18 დაწესებულებაში. რა პრობლემაა, რომ სააკაშვილი წარდგეს სასამართლოზე დისტანციური მეთოდით? მთელი მსოფლიო დისტანციურ მეთოდზეა გადასული, ეს ვის გაუკვირდება, ან ვის ეშინია სააკაშვილის მიმართვის პროკურორის, მოსამართლის, ან მოსახლეობის მიმართ? ვინ დაუშალა, ციხიდან ხომ ისედაც გზავნის პასკვილებს? არავის არ ეშინია სააკაშვილის, მაგრამ ამოცანაა, სააკაშვილი არ იყოს უსაფრთხო ადგილას, თავად სააკაშვილის აკვიატებაა, რომ გორის ჰოსპიტალში არ გადაიყვანონ, რომელიც უნიკალური კლინიკაა და სამხედრო ობიექტია, დაცულია და უსაფრთხო, იქაც კი არ უნდათ, გადაიყვანონ. ანუ არის რაღაც გეგმა, შესაძლოა, ჩვენს სპეცსამსახურებს აქვთ ეს ინფორმაცია, ფაქტია, პოლიტიკური სპექტრი, ოპოზიციის ნაწილი რადიკალურ „ნაცმოძრაობასთან“ ერთად, სამოქალაქო სექტორის ნაწილი, მედია ლუსტრირებულია. სააკაშვილის შემოპარვამ ქვეყანაში და მერე მისმა დაპატიმრებამ გამოიწვია ის, რომ ლუსტრაციის კანონის მიღება უბრალოდ აღარ გვჭირდება, რადგან ყველას ლუსტრაცია მოხდა ერშიც და ბერშიც. ითხოვენ, ადამიანი დაცული კი არ იყოს, არამედ დაუცველი. ასეთი მოთხოვნა როგორ შეიძლება პატიმრის ოჯახის წევრებს, თანამოაზრეებს ჰქონდეთ? აქედან გამომდინარე, რაც დაავალა საქართველოს მთავრობას სტრასბურგის სასამართლომ (ციხეში სააკაშვილის უსაფრთხოება და ჯანმრთელობა), დაცული იქნება. ამას ხედავენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები და არც ერთ ოფიციალურ სტრუქტურას რაიმე განცხადება არ გაუკეთებია. გამონაკლისნი არიან მათი მხარდამჭერი ევროპარლამენტარები და, უკრაინის სახალხო დამცველი. როცა მართლა ათრიეს სააკაშვილი თმებით და წიხლებით შედგნენ, სახურავიდან ჩამოათრიეს, არაადამიანურად მოექცნენ, არავის არ გახსენებია და არც მოუკითხავს მესამე პრეზიდენტის ღირსება, რომელიც თურმე სიმბოლო ყოფილა საქართველოსი. იგივე ეხებათ კონკრეტულ ევროპარლამენტარებს, რომლებმაც საკადრისი პასუხი მიიღეს იუსტიციის მინისტრისგან და მმართველი პარტიის თავმჯდომარისგან.

ცალკეული ადამიანები მეტ სიხისტეს ითხოვენ. მაია ორჯონიკიძე მიმართავს მელიას, „კმარა ბრძოლის იმიტაცია და 60-ათასიანი აქციების დაშლა, ან სასწრაფოდ აგროვებ მრავალათასიან აქციას და აღარ დაშლი, ან გადადგები მაგ დაპრივატებული თანამდებობიდან, რადგან, თუ სააკაშვილი გარდაიცვლება, პასუხისმგებლობა შენ გეკისრება“. სულ მალე ხომ შეიძლება ასეთი სცენარი ვიხილოთ, რომ ნაციონალებმა მელია „ქართულ ოცნებასთან“ გარიგებაში დაადანაშაულონ?

- მელიას გარიგებაზე არ არის საუბარი, უბრალოდ, მელიას უწუნებენ რადიკალიზმს, რომ 15 ოქტომბრის აქცია დაიშალა, მელიამ თქვა ბოლო სიტყვა და ხალხს მოუწოდა დაშლისკენ. ისინი ფიქრობენ, რომ თავისუფლების მოედანზე უნდა დარჩენილიყვნენ, რამდენიც დარჩებოდნენ, შიმშილობა უნდა დაწყებულიყო, თუმცა ერთია სურვილი და მეორეა რესურსი. ნაციონალები ხან ფეხით დადიან, ხან მანქანით, ალბათ, ცხენებითაც გამოჩნდებიან, ახლა შეცვალეს მოთხოვნა და ამბობენ, საგარეო პოლიტიკური კურსია შესანარჩუნებელი ქვეყანაშიო, 80%-მდეა ევროკავშირისა და ნატოს მომხრე ჩვენს ქვეყანაში და თითქოს ამ პოლიტიკურ საგარეო კურსს საფრთხე ემუქრება, რადგან სააკაშვილი შიმშილობს თუ არა, კიდევ ვერ გავარკვიეთ. მათი მხრიდან რადიკალიზმი და გამწვავების სურვილი არახალია, ვფიქრობ, შეიძლება უცხოელებისაც არ მოერიდოთ ამ თვალსაზრისით, კიდევ უფრო გაამწვავონ სიტუაცია. საზოგადოებას ამუნათებენ, მოუწოდებენ გამოსვლისკენ, შეურაცხყოფას აყენებენ, რატომ ხართ სახლში და არ გამოდიხართო. არ გამოდიან, რადგან საზოგადოებამ ყველაფერი კარგად იცის, განსხვავებით იმისგან, რასაც თავს გვახვევს ნიკა გვარამია და მისი ტელევიზია. საზოგადოებას არჩევნების გაყალბებასთან, თუ საგარეო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით არც დამუნათება სჭირდება, არც ხვეწნა, არც მუდარა. ხალხმა თავად იცის, როდის უნდა გამოვიდეს. „ქართული ოცნების“ აქციაზე გაცილებით მეტი ადამიანი მოვიდა, მთელი თბილისი გამოვიდა გარეთ ყოველგვარი ორგანიზების გარეშე.