ალბათ ყველას კარგად ახსოვს, თამრიკო გვერდწითელი საზოგადოების ყურადღების ცენტრში იმთავითვე თავისი ხმის არაჩვეულებრივი ტემბრით მოექცა. პატარა, გამხდარი გოგონა „მზიურიდან“, მოკლე თმითა და ძლიერი ხმით პროფესიულ გზაზე ბევრად იღბლიანი აღმოჩნდა, ვიდრე პირად ცხოვრებაში, თუმცა, ორჯერ ქორწინებას მისთვის ხელი არ შეუშლია, მამაკაცებისთვის ისევ მიმზიდველი ყოფილიყო. მომღერლის ცხოვრების ფურცლები ძირითადად ბავშვური მოგონებებით არის აღბეჭდილი, რომელსაც დედამისი, ქალბატონი ინა გაგაცნობთ.
დედამ ყველაზე უკეთ იცის შვილის ხასიათი, დადებითი თუ უარყოფითი მხარე. თამრიკოს ბავშვობიდან დავიწყოთ: როგორი ბავშვი იყო?
- თამრიკო ძალიან გამხდარი და ცუდი მჭამელი იყო. რაც შეეხება სიმღერას, რვა თვის იყო, რასაც ვუმღეროდი, იმას რომ იმეორებდა. ვისთანაც ამას ვამბობდი, ყველას ეცინებოდა, არავის სჯეროდა, სანამ თვითონ არ დარწმუნდნენ. ერთი წლის რომ გახდა, უკვე თავისი რეპერტუარი ჰქონდა. სიმღერის დროს ძალიან დიდ განცდებში იყო. საწყალ კურდღელზე რომ არის საბავშვო სიმღერა, ძალიან ეცოდებოდა კურდღელი და ხშირად მას მღეროდა. წლის და ოთხი თვის რომ იყო, მეორე შვილი შემეძინა და პავლე დავარქვით. თამრიკო მის სახელს ვერ გამოთქვამდა და „პუპას“ ეძახდა. რომ ვეუბნებოდი – კარგი რა, პუპა რა სახელია-მეთქი, მპასუხობდა – ბუბა კარგია და პუპა ცუდიაო?! ასე შემორჩა პავლეს სახელი პუპა. სხვათა შორის, ამერიკაში ერთმა ასტროლოგმა მითხრა, ეს სახელი ძალიან უხდება მის ზოდიაქოს ნიშანს, რადგან ოთხი ასოაო. ბავშვობაში თავის ძმას გვერდიდან არ სცილდებოდა. ერთად დადიოდნენ ინგლისურ ბაღში, სკოლაში. ბაღში კარგად აითვისეს ინგლისური. პიანინოზე დაკვრა კი თვითონ ისწავლა. თავიდან, ერთი თითით აწყობდა მელოდიას. ექვსი წლის იყო, კონსერვატორიასთან არსებულ ნიჭიერთა მუსიკალურ ათწლედში რომ შევიყვანე. ხუთებზე დაამთავრა. ერთხელ სკოლაში საღამოზე მერი დავითაშვილის სიმღერით გამოვიდა, რომელსაც თვითონ კომპოზიტორი ესწრებოდა. მერე ეს სიმღერა ფილმ „მზიურში“ შევიდა. მერის ძალიან მოეწონა თამრიკოს ნამღერი და ორკესტრთან ერთად ჩაწერა. ამის შემდეგ „მზიურიდან“ დამირეკეს და მთხოვეს, ბავშვი მიმეყვანა.
ფილმ „მზიურის“ რომ ვუყურებ, თამრიკო ყველაზე დინჯია. ეს თვისება დღემდე აქვს?
– დიახ, დღემდე სერიოზულია, თუმცა, ძალიან აქტიური ბავშვი იყო. უსაქმოდ ერთი წუთითაც არ ჩერდებოდა. ხშირად დამყავდა ბავშვები ოპერის თეატრში. მერე, სახლში რომ მომყავდა, სცენებს დგამდნენ. ძმას დააყენებდა, ვითომ მაყურებელი იყო და თვითონ მღეროდა. თამრიკოს ბებია, მამამისის დედა მუსიკოსი იყო, ფორტეპიანოზე უკრავდა და უმღეროდა, ცალკე მამაჩემი უმღეროდა მთელ არიებსა და უვერტიურებს. როცა შეატყობდა, რომ ბავშვებს აღარ ჰქონდათ მოთმინების უნარი, მოესმინათ, მწკრივში დააყენებდა და მარშს უმღეროდა. ერთი მეზობელი გვყავდა, უშვილო ქალი იყო და ხშირად შემოდიოდა ჩვენთან. თამრიკოსთვის რაღაცეები მოჰქონდა, სამაგიეროდ კი, სიმღერას და კოცნას სთხოვდა. როგორც ჩანს, ძალიან მოჰბეზრდა და, ერთ დღესაც, რომ შემოვიდა ეს ქალი, თამრიკო გავარდა თავის ოთახში, შეაგროვა მთელი სათამაშოები, რაც ამ ქალმა აჩუქა და უკან დაუბრუნა. საკმაოდ პრინციპული ბავშვი იყო, მიაჩნდა, სიკეთეს რომ აკეთებ, სამაგიეროდ არაფერი არ უნდა მოითხოვო. პატარები რომ იყვნენ, ზაფხულობით სურამში ვისვენებდით – იქ სახლი გვქონდა. მე და ჩემი ქმარი რომ დავშორდით ერთმანეთს, თამარს ბოლომდე კარგი ურთიერთობა ჰქონდა ბებია-ბაბუასთან.
იყო პერიოდი, როცა თამრიკოს სიმღერის გარდა სხვა რამეც იტაცებდა?
– ყოველთვის უნდოდა, მუსიკოსი ყოფილიყო. არ ჰქონდა მნიშვნელობა, იმღერებდა თუ დაუკრავდა. ყველამ თავიდანვე ვიცოდით, რომ ის მუსიკოსი იქნებოდა. საკმაოდ კარგი მოსწავლე იყო. მეხუთე კლასიდან ნიჭიერთა ათწლედში გადავიდა. იქ კიდევ უფრო კარგად სწავლობდა. შემდეგ კონსერვატორია დაამთავრა ორი განხრით – საკომპოზიტორო და საფორტეპიანო.
თქვენი ვაჟი რა პროფესიისაა?
– ჩემი ვაჟი თბილისში ცხოვრობს, ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. პავლემ „გეპეის“ კიბერნეტიკული ფაკულტეტი დაამთავრა.
დღეს ყველა მღერის, მაგრამ ყველა ვერ აღწევს წარმატებას. მე ვიცი, რომ სწორედ თქვენი დამსახურებაა, რომ დღეს ის აღიარებული მომღერალია.
– არა, ჩემო კარგო, თამრიკო ამ გზაზე თავისი ნიჭით გავიდა. მართალია, საქართველოში ყველა მღერის და ამაში არაფერია გასაკვირი, მაგრამ, როგორ მღერის – ესაა მთავარი. რაც შეეხება ჩემს თანადგომას, რა თქმა უნდა, როცა დავინახე, რომ ნიჭიერია, გვერდში დავუდექი და ბოლომდე მივყევი.
თქვენი და თქვენი მეუღლე რომ დაშორდით, ამას თამრიკოს კარიერაზე არ უმოქმედია?
– ჩვენ დიდი ხანია, განქორწინებულები ვართ და ურთიერთობა არ გვაქვს, მაგრამ შვილებს მამასთან ყოველთვის კარგი დამოკიდებულება ჰქონდათ, მე კი ამ ადამიანის მიმართ არავითარი გრძნობა არ დამრჩა. ჩვენ სხვადასხვა ადამიანები აღმოვჩნდით. ვფიქრობ, რომ მაშინ სწორი გადაწყვეტილება მივიღე. უშეცდომო ვინ არის, მაგრამ, ამ შემთხვევაში მიმაჩნია, რომ შეცდომა არ დამიშვია. რა თქმა უნდა, რომ წამოიზარდნენ, მეკითხებოდნენ, რატომ არ ვცხოვრობდით მე და მამამისი ერთად. მათთვის არაფერი დამიმალავს. „მზიურის“ გოგონებმაც იცოდნენ, რაშიც იყო საქმე – მას ცხოვრებაში სხვა ქალი შეხვდა და ყველაფერი ამით დამთავრდა. არასასიამოვნო ფაქტია, მაგრამ, რამდენი შემთხვევა ვიცი, ერთი შეხედვით ნორმალური ოჯახი რომ გგონია და, ამ დროს, ფარსია. ამ ფარსს რომ მოშორდები, ეს არის სწორი. მე ებრაელი გახლავართ, ოდესიდან ვარ. როცა საქართველოში ჩამოვედი, ბავშვი ვიყავი. ყველაფერი მომწონდა და მიყვარდა – ხალხი, კულტურა, ქართული ნიჭი. მერე ოცნებები დამემსხვრა.
ისტორია განმეორდა – თამრიკო და მისი ქმარი, გიორგი კახაბრიშვილიც დაშორდნენ, რომელთანაც ერთი ვაჟი ჰყავს. სამწუხაროდ, მისი მეორე ქორწინებაც უიღბლო აღმოჩნდა. თქვენ რას ფიქრობთ?
– თამრიკოსთვის ქმარს არ უღალატია. მისი ცხოვრება ჩემი ისტორიის განმეორება არ არის. მასე, დედაჩემი და მამაჩემი არაჩვეულებრივი წყვილი იყო, მაგრამ მე არ გამიმართლა. თამრიკოს ამბავი სულ სხვაა. მაშინ საქართველოში ომი, უმოძრაობა იყო. თამრიკოს საქართველოდან წასვლა მოუწია, რადგან სხვანაირად ვერ მუშაობდა. მხოლოდ ამიტომ დაშორდნენ ერთმანეთს ის და თავისი ქმარი. გიორგი ვერ მიჰყვა მის ნება-სურვილს, გაუჭირდა ამ ყველაფრის გაგება. მაშინ სანდრო 10 წლის იყო. მოსკოვიდან ამერიკაში წავედით, შემდეგ ისევ მოსკოვში ჩამოვედით და დღემდე აქ ვცხოვრობთ. ყველას თავისი ცხოვრება აქვს. პატარები არ არიან და თვითონ იციან თავიანთი საქმის.
არ გიჭირთ მოსკოვში ცხოვრება? როგორ ართმევს თამრიკო თავს ოჯახის ფინანსურად განკარგვას?
- თამრიკო ბავშვობიდანვე საკმაოდ დამოუკიდებელი ადამიანია, ფაქტობრივად, „მზიურიდან“. შეეძლო, თავისი ჰონორარით მუსიკალური ფირფიტები მაინც ეყიდა. აბსოლუტურად ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მის შვილს არაფერი მოაკლდეს. მოსკოვში 1990 წელს ჩამოვედით. ჯერ თამრიკო წამოვიდა, მაგრამ, მერე ავად გახდა, მარტო იყო და გვერდით ვინმე სჭირდებოდა. ამიტომ მე და სანდროც წამოვედით. ცოტა ხნით გიორგიც ჩამოვიდა, სანამ დაშორდებოდნენ, მაგრამ, ძალიან რთული პერიოდი იყო, არავინ არ ვმუშაობდით. გიორგის და თამრიკოს გზები ამერიკის შემდეგ გაიყარა. თამრიკოს ჰყავდა მეორე ქმარი, გვარად ამბაზიელო, რომელიც ექიმი გახლდათ, მერე პროფესორი გახდა. მათი ქორწინება ძალიან ხანმოკლე გამოდგა. ცხადია, არც ერთ დედას არ უნდა, მისი შვილი მარტო იყოს, მაგრამ ეს მისი პირადი ცხოვრებაა და მე არანაირად არ მაქვს ჩარევის უფლება. ერთადერთი, რასაც ძალიან ნანობს, ისაა, რომ გარკვეული მიზეზების გამო, საქართველოდან წამოსვლა მოუწია.