ევროლიგის მე-10 ტურში მოსკოვის ცსკა „ბარსელონას“ ესტუმრა და 73:81 დამარცხდა. შეხვედრა საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა და ოთხივე პერიოდში აბსოლუტურად განსხვავებული სურათი იყო.
პირველი მეოთხედი ფრედ დასრულდა (13:13), მეორე ათწუთეულში კი ცსკა სუსტად გამოიყურებოდა და 14:25 დათმო. თუმცა, შესვენების შემდეგ დმიტრი იტუდისის გუნდი პარკეტზე შესანიშნავი განწყობით გავიდა და მესამე პერიოდი 20(!) ქულით მოიგო 33:13, შესაბამისად, ბოლო პერიოდის წინ 60:51-ს იგებდა. მიუხედავად ამისა, რუსული გუნდი მაინც დამარცხდა, რადგან მეოთხე მეოთხედი „ბარსელონამ“ 30:13 მოიგო, თამაში კი - 81:73.
თორნიკე შენგელიამ პარკეტზე 29:11 წუთი გაატარა, ხსენებულ დროში კი თავის გუნდს 17 ქულა, 6 მოხსნა, 3 პასი, 2 ჩაჭრა და 2 დაფარება შესძინა. ქართველმა კალათბურთელმა 8-დან 4 ორქულიანი და 6-დან 3 სამქულიანი ჩააგდო, შედეგად, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 24-ს გაუტოლდა, რაც თანაგუნდელთა შორის საუკეთესო მაჩვენებელი იყო, მთლიანად შეხვედრაში კი მხოლოდ ნიკოლა მიროტიჩს (27) ჩამორჩა.
მოსკოვის ცსკა-ს 10 ტურის თავზე 5 მოგების საპირისპიროდ 5 წაგება აქვს და მე-10 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 19 ნოემბერს, სტუმრად შენგელიას ყოფილ გუნდს, „ბასკონიას“ დაუპირისპირდება.