პრეზიდენტის პოზიცია სააკაშვილთან დაკავშირებით კვლავ განხილვის საგნად იქცა

პრეზიდენტის პოზიცია სააკაშვილთან დაკავშირებით კვლავ განხილვის საგნად იქცა

წითელი ბარათი ხელისუფლებას პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისგან თუ „ოცნებასთან“ შეთანხმებული თამაში? - რატომ შეცვალა მან მოულოდნელად რიტორიკა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით? ჩნდება სხვადასხვა ვერსიები, რის გამოც ზურაბიშვილმა მოულოდნელად ხელისუფლებას პირდაპირ არა, მაგრამ ირიბად უთხრა, რომ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა უნდა მოხდეს და ის არ არის ჩვეულებრიივ პატიმარი. ხომ არ არის ზურაბიშვილის რიტორიკა ასევე დასავლეთიდან განპირობებული ზეწოლით ან მათ მოსაჩვენებლად ის დამოუკიდებელი პოლიტიკოსის როლს ირგებს? არც ისაა გამორიცხული, რომ მე-5 პრეზიდენტი ამას ხელისუფლებასთან შეთანხებულად კონკრეტული მიზნისთვის აკეთებდეს.

„ნებისმიერი სახელმწიფოსთვის ყოფილი პრეზიდენტის დაპატიმრება, არის ძალიან დიდი გამოწვევა. ყოფილი და აწ უკვე მსჯავრდებული პრეზიდენტის დაპატიმრება კანონის წინაშე თანასწორობასა და სამართლიანობას ეფუძნება. კანონის წინაშე ყველა თანასწორია, შესაბამისად მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრება კანონის უზენაესობიდან გამომდინარეობს. ეს მას კარგად გააზრებული ჰქონდა და მიუხედავად ამისა ჩამოვიდა, თანაც უკანონოდ. კანონის წინაშე ყველა ერთია, მაგრამ სასჯელის აღსრულების დროს, ციხეში მყოფი ექსპრეზიდენტი ვერ იქნება რიგითი პატიმარი, იგი განსაკუთრებული პატიმარია. ყველა აკვირდება მი ს მდგომარეობას და მოითხოვს უმაღლესი სტანდარტების შესრულებას. ჩვენი ქვეყნის სახე იმაში გამოიხატება თუ როგორ მოვეპყრობით მას და როგორ იქნება დაცული მისი ღირსება, ჯანმრთელობა და უსაფრთხოება. ამდენად, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში რეგულარულად ვიღებდით ინფორმაციას მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. დღეს მინდა ხელისუფლებას და საზოგადოებას მივმართო და გავაცნო ამ სერიოზულ საკითხზე ჩემი შეხედულება - პირველ რიგში დაცული უნდა იყოს ყოფილი პრეზიდენტის ღირსება, მისივე ქცევის მიუხედავად, რადგან ყოფილი პრეზიდენტი მაინც დაკავშირებულია სახელმწიფოსთან და ამ სტატუსს უნდა ეცეს პატივი. ამიტომ, იმ კადრების გავრცელება, რომელიც ღირსებისა და პატივის შემლახველია, ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია. საზოგადოებას ახსოვს თუ როგორ ექცეოდნენ პატიმრებს ყოფილი პრეზიდენტის სასამართლოსა და პენიტინეციურ სისტემაში, ამიტომ, დღევანდელი ხელისუფლება არ შეიძლება რამეში წინამორბედს დაემსგავსოს. გულგრილობა, დაცინვა და ქილიკი მიუღებელია არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ დარწმუნებული ვარ, მთელი საზოგადოებისთვის.

ასევე, ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობა უნდა იყოს განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ. ეს იწვევს განსაკუთრებულ საზოგადოების ინტერესს, რადგან ყველა ხვდება, რომ პრეზიდენტების ჯანმრთელობა სახელმწიფოს ეხება და შესაძლოა, გავლენა იქონიოს სახელმწიფოს სტაბილურობაზე. ქვეყნის დესტაბილიზაციის მიზეზი კი, შესაძლოა, ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობა გახდეს.

მიუხედავად იმისა, რომ თავად მიიღო შიმშილობის გადაწყვეტილება და თავად ცდილობს მართოს ეს პროცესი, ეს არ ხნის და არც ამცირებს ხელისუფლების პასუხისმგებლობას. ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის შენარჩუნებით, ყველაზე დაინტერესებული ხელისუფლება უნდა იყოს და ვფიქრობ, კიდევაც არის. საზოგადოებას უფლება აქვს ჭორების ნაცვლად, ყოველდღიურად მიიღო სრულყოფილი, მიუკერძოებელი და სანდო ინფორმაცია მისი ჯანმრთელობისა და ანალიზების შესახებ.

ეს ხელისუფლების ვალდებულებაა და მივმართავ მას, რომ დაუყოვნებლივ შეუდგეს ამ ვალდებულების სრულად შესრულებას და არა ნაწილობრივად.

ასევე, ისმის მოთხოვნა, რომ ექსპრეზიდენტი, ისევე როგორც სხვა რიგითი პატიმრები გადაყვანილი იყოს სამოქალქო მულტიფუნქციურ კლინიკაში. ამ სიტყვებს იმეორებს ერი და ბერი ისე, რომ არ აქვთ წარმოდგენა, თუ რას ნიშნავს ეს და რა საფრთხეებთან არის დაკავშირებული. თუ ვთანხმდებით იმაზე, რომ ყოფილი პრეზიდენტი რიგითი პატიმარი არ არის, მაშინ უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ ის შესაძლებლობა, რაც რიგით პატიმრებს ეძლევათ, რომ გადაყვანილები იყვნენ სამოქალაქო სივრცეში, სწორედ ამ განსაკუთრებულობიდან გამომდინარე, უფრო რთულად განსახორციელებელია, რისი დაზღვევაც ურთულესია. ამავე დროს, ექსპრეზიდენტი უნდა სარგებლობდეს უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებით, რათა არ გაჩნდეს არანაირი ეჭვი, რომ რამე დააკლეს მის მკურნალობას“, - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

ანალიტიკოსი პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილი „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმებულად თამაშობს, რაც დასავლეთის მოსატყუებლად სჭირდებათ, თითქოს და ქვეყანაში არსებობს ერთი დემოკრატიული ინსტიტუტი მაინც, რომელიც სხვებისგან განსხვავებულად აზროვნებს.

„ეს არის ჩვეულებრივი ფარსი, რომელსაც არანაირი შედეგი არ მოჰყვება. სალომე ზურაბიშვილი ხელისუფლებასთან შეთანხმებულად თამაშობს. მაქვს ასეთი ვერსია, რომ ევროპაში ყოფნისას, მას საკმაოდ კრიტიკული მოსაზრებების მოსმენა მოუწია, ამიტომაც „ოცნებამ“ და ზურაბიშვილმა გადაწყვიტეს, რომ დემოკრატიობანა ითამაშონ. გახსოვთ, ალბათ, მისი კატეგორიული ტონი, რომ ის სააკაშვილს არ შეიწყალებდა, რატომ? იმიტომ, რომ მაშინ ასე იყო საჭირო.

ახლა დაინახეს, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საერთაშორისო ასპარეზზე რაღაცა კრიტიკული შენიშვნები გაჩნდა და ლავირებენ. სამწუხაროდ, ჩვენი პარტნიორები ამას იჯერებენ. იმედი აქვთ, რომ საქართველოში დემოკრატია კიდევ არსებობს. მაშინ თუ ასე შესტკივა სააკაშვილზე გული, შეიწყალოს. მე სულაც არ ვარ მომხრე რომ მისი შეწყალება მოხდეს, მაგრამ ზურაბიშვილს ხომ ამით ერთხელ და სამუდამოდ წერტილის დასმა შეუძლია. თუმცა ამას ვერ გაბედავს, რადგანაც ჯერ ხელისუფლებას ეს არ უთქვამს“, - ამბობს ზაქარეიშვილი for.ge-სთან.

მისივე თქმით, მოჩვენებითია თითქოს ზურაბიშვილი დამოუკიდებელი მოთამაშის როლს თამაშობს, რადგან საუბრის ნაცვლად მოქმედება შეუძლია, რასაც არ აკეთებს. ეს კი ზუსტად იმის მანიშნებელია, რომ ის დამოუკიდებლად ვერ მოქმედებს.

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე კი ფიქრობს, რომ სალომე ზურაბიშვილი საერთაშორისო საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის აზრს ითვალისწინებს. ამიტომაც მან ამით დასავლეთს მესიჯი გაუგზავნა, რომ ის ხელისუფლების თამაშს არ თამაშობს და ცალკე მდგომი პოლიტიკოსია, რომელიც უფრო ადეკვატურია, ვიდრე რომელიმე ხელისუფლების წარმომადგენელი. ჩიტაძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ პრეზიდენტს არ უნდა ხელისუფლებას ბოლომდე ჩაჰყვეს და ამიტომ მათგან ამ საქმეში დისტანცირებას ცდილობს.

„ზურაბიშვილი ცდილობს ერის გამაერთიანებლის როლი ითამაშოს და ქვეყანაში არსებული დაძაბულობა შეამციროს. ამის პარალელურად ევროპელ პარტნიორებს აჩვენებს, რომ ის უფრო ადეკვატურად და სახელმწიფოებრივად აზროვნებს, ვიდრე ხელისუფლების სხვა წევრები. გვინდა თუ არა, სალომე ზურაბიშვილია ის ფიგურა, ვინც ამ ეტაპზე საერთაშორისო ასპარეზზე ძირითადად დიალოგს აწარმოებს. ის ევროპელებისთვის ბევრად მისაღები ფიგურაა, ვიდრე ხელისუფლების სხვა მესვეურნი. ამიტომ არ გამოვირცხავ, თავი მათთანაც ვალდებულად იგრძნო, რომ ეს განცხადება გაეკეთებინა. როგორც ჩანს, მისი რიტორიკა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მისაღები არ აღმოჩნდა.

მან კი განაცხადა, რომ მესამე პრეზიდენტს არ შეიწყალებს, მაგრამ იმასაც აცნობიერებს, რომ ასეთი განცხადებებით იმიჯს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ იზიანებს. ან ფიქრობს, რომ ახლა კარგი დრო და სიტუაციაა იმისთვის, რომ ცალკე პოლიტიკური თამაში დაიწყოს. ის დიდი ხანია „ოცნებასთან“ თავს ვალდებულად აღარ მიიჩნევს და არ გამოვრიცხავ, საკუთარ მომავალზეც ფიქრობდეს. მისი პოზიცია ბევრად იქნება დამოკიდებული ხელისუფლება რამდენად შორს წავა. ჩაყვება მას ამ ამბავში, თუ მისგან დისტანცირებას შეეცდება. ფაქტია, რომ გარკვეული მინიშნებები გააკეთა და ვნახოთ, ყველაფერი შეიძლება მოხდეს“, - ამბობს ჩიტაძე for.ge-სთან.

Katana პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი:
"ყოფილი პრეზიდენტი მაინც დაკავშირებულია სახელმწიფოსთან და ამ სტატუსს უნდა ეცეს პატივი."
?
როცა სააკაშვილმა საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობა უარჰყო, რათა სხვა სახელმწიფოში გუბერნატორი გამხდარიყო, ეს როგორი პატივისცემაა მისი, როგორც ყოფილი პრეზიდენტის, სტატუსისადმი?!
(ახლა არ მითხრას ვინმემ, საკუთარი მოქალაქეობა კი არ უარჰყო, სხვისი მოქალაქეობა მიიღო მხოლოდო! - სწორედ სააკაშვილის მიერ არის მიღებული კანონი, რომლითაც სხვისი მოქალაქეობის მიღება ავტომატურად იწვევს საკუთარი მოქალაქეობის გაუქმებას!)
*
"...ამიტომ, იმ კადრების გავრცელება, რომელიც ღირსებისა და პატივის შემლახველია, ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია."
?
ეს კადრები რომ არ გაევრცელებინათ და ყველას - თქვენც და მსოფლიოსაც! - ჰგონებოდა, რომ ეს აგელოზივით უწყინარი კაცი, მთელი ციხის თვალწინ, 30 მეტრი სულ ცემა-ტყეპით, თმებით შეათრიეს თავის პალატაში, როგორც ნიკა გვარამიას ტელევიზიამ გაავრცელა... ეს უფრო მისაღები იქნებოდა?!
ეს გერჩიათ?!
სიმართლე არავისთვის არ უნდა იყოს მიუღებელი! რაც ამ ვიდეოში ვიხილეთ, ნათლად აჩვენებს, რომ ბადრაგს არავითარი სხვა გზა არ დაუტოვა ექსპრეზიდენტმა, გარდა იმისა, რომ ბოლოსდაბოლოს გამოეყენებინათ ფიზიკური ძალა - აეღოთ და შეეტანათ თავის პალატაში!
საფრანგეთში როგორ მოიქცეოდნენ? ეტყოდნენ, - კაი, თუ არ მოგწონს აქაურობა, გვითხარი, სად გიჩევნია და იქ წაგიყვანთო?
2 წლის უკან