სტალინის დამსახურებაა, რომ ლენინი ციხეში მიყვანამდე არ მოკლეს

სტალინის დამსახურებაა, რომ ლენინი ციხეში მიყვანამდე არ მოკლეს

1917 წლის თებერვალში რუსული  სახელმწიფო პირველ ნაბიჯებს  დგამდა დემოკრატიისკენ. მონარქიული რეჟიმი დასრულდა, მეფემ მოსალოდნელი სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად, ხელმწიფობაზე უარი განაცხადა და სამეფო ტახტიდან გადადგა. გამოცხადდა პოლიტიკური მოტივებით მსჯავრდებულთა სრული ამნისტია.

ყველა მხრიდან, განსაკუთრებით ციმბირიდან, ათასობით ადამიანმა სახლებისკენ აიღო გეზი. მათ ყველა „სტანიცაზე“, როგორც გმირებს, ისე ხვდებოდნენ. თებერვალში, „ჩვილი“ რუსული დემოკრატიის მიერ ამნისტირებული ჯუღაშვილი, ტურუხანსკის გადასახლებიდან პეტროგრადში ჩავიდა და ალილუევების ოჯახში დაბინავდა.

მათ ის ჯერ კიდევ ბაქოში, რევოლუციური მოღვაწეობის პერიოდიდან იცნობდა. როცა, მომავალი მეუღლე მაშინ 2 წლის და მასზე 22 წლით უმცროსი იყო. ალილუევებმა მას ცალკე ოთახი გამოუყვეს. სოსომ ცენტრალურ კომიტეტში გაზეთ „პრავდის” რედაქციაში დაიწყო მუშაობა. იმ დროს ლენინი იქვე, რაჟდენსტვენსკის ქუჩაზე მდებარე ბინაში ცხოვრობდა. სულ რაღაც ორ თვეში, პოლიტიკური ვითარება შეიცვალა, ბოლშევიკებისა და სხვა ორგანიზაციების მიერ განხორციელებული ტერორისტული აქტების გამო.

იმ პერიოდისთვის ხელისუფლება პეტროგრადის საბჭოს ხელში იყო გადასული, რომლის თავმჯდომარე, ცნობილი ქართველი მარქსისტი, კარლო ჩხეიძე გახლდათ.

დროებითი ხელისუფლება იძულებული გახდა, ბოლშევიკი ულიანოვის (ლენინის) ტერორიზმში ბრალდებით, დაპატიმრების ბრძანება გაეცა. პირადად, ბატონი კარლო მიიჩნევდა, რომ მისთვის შინაპატიმრობაც საკმარისი იყო. შემდგომ დააბრალეს, რომ ასეთი გადაწყვეტილება მან სტალინთან შეხვედრის შემდეგ მიიღო – შეხვედრა იყო, მაგრამ ჩხეიძემ ჯუღაშვილს განუმარტა, რომ არ შეუძლია ანგარიში არ გაუწიოს საზოგადოებრივ აზრს და მორალურ პრინციპებს.

ამის შემდეგ, საგანგებო თათბირი ჩატარდა ლენინს, ნოგინს, სტალინს, ორჯონიკიძესა და სხვა თანამებრძოლებს შორის. იხილებოდა საკითხი, დამორჩილებოდა  თუ არა ლენინი მართლმსაჯულებას.

სტალინი კატეგორიული იყო, ამტკიცებდა, რომ ლენინი უნდა დამალულიყო, რადგან იუნკერები ციხეში მიყვანამდე მოკლავდნენ, შეიძლება, გზაშიც კი ჩაექოლათ. ერთი სიტყვით, „პროლეტარიატის” ბელადს არალეგალურად ცხოვრებაც მოუწია, ჯუღაშვილის პროტექციამ  ჩხეიძესთან ვერ გაჭრა. სამაგიეროდ, ასეთ სიტუაციებში გამოცდილმა სტალინმა და ბუხარინმა, ლენინს სესტრორეცკელი მუშის, ემილიანოვის სახლში, ჩინებული სამალავი მოუწყვეს. იქ ლენინი და ზინოვიევი ფარულად ცხოვრობდნენ, ალილუევები კი საკვებითა და სასმლით ამარაგებდნენ. იქ არა მხოლოდ სამუშაო თათბირები, არამედ წვეულებებიც ეწყობოდა. ამაგი ყველას დაუფასდა, ზინოვიევის, ბუხარინისა და ალილუევების გარდა.

1921 წლის დეკემბრის ერთ დილას, ნადეჟდა ალილუევა – სტალინის მეუღლე შინ, კრემლის ბინაში შეწუხებული დაბრუნდა. მაშინ იაკობი, სტალინის ვაჟი პირველი ქორწინებიდან, მათთან ერთად ცხოვრობდა. მან პირველად ნახა ნადიას თვალებზე ცრემლი. იაკობს დედინაცვალთან კარგი, მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა, მით უფრო, რომ ის მასზე მხოლოდ 6 წლით იყო უფროსი. იაკობმა ჰკითხა, თუ რა მოხდა.

„პარტიიდან გამრიცხეს პროფკავშირულ მოძრაობაში ანარქისტ-სინდიკალისტებთან თანამშრომლობის გამო“, თქვა მან ქართულად, რადგან მაშინ იაკობმა რუსული, ფაქტობრივად, არ იცოდა და ერთმანეთში ქართულად საუბრობდნენ ხოლმე (ნადეჟდა კავკასიაში იყო გაზრდილი). „რატომ?!” – გაოცება ვერ დამალა იაკობმა. „პროფკავშირებისთვის შრომის იარაღისა და წარმოების საშუალებების გადაცემის მხარდაჭერისთვის“, – უპასუხა ნადეჟდამ. ერთი შეხედვით, რომელიმე პარტიის რიგების დატოვება, ტრაგედია არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ ბოლშევიკური პარტიიდან გარიცხვა, მხოლოდ თანამდებობის ან პრივილეგიების დაკარგვას არ ნიშნავდა. სასტიკი სასჯელი გელოდა, ან, უკეთეს შემთხვევაში, საზოგადოებიდან გარიყვა. სტალინმა არ ისურვა, ამ საქმეში ჩარევა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება და იმის მტკიცება, რომ მისი ცოლი პროლეტარიატის დიქტატურის მომხრე იყო. ეს საკუთარი ღირსებისთვის შეუფერებლად მიიჩნია.

მალე დაპატიმრებების სერიაც დაიწყო, მათ შორის მაღალი თანამდებობის პირებისა და მათი ოჯახის წევრების, მაგრამ სტალინი რეაგირებას მაინც არ ახდენდა. ნადეჟდა იძულებული გახდა, ლენინისთვის მიემართა, აეხსნა, რომ პროფკავშირებისა და პარტიის დაპირისპირებაში ბრალს უსამართლოდ სდებდნენ. ლენინმა გულიანად იცინა ოპოზიციონერის სიტყვებზე, შემდეგ კი სასწრაფოდ გაუგზავნა წერილი პარტიის წმენდის ცენტრალური კომისიის თავმჯდომარეს, ზალუცკის: „ვიცნობ ალილუევების ოჯახს. მამას – ვეტერან რევოლუციონერს, ასევე, დედას და ორ ქალიშვილს. როცა მე და ზინოვიევი იძულებული ვიყავით, დავმალულიყავით და საფრთხე დიდი იყო, ამ ოჯახში ვიმალებოდი. კომისიამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ცარიზმის დროსაც კი, ნადეჟდა ალილუევას მამა სერიოზულ სამსახურს უწევდა ბოლშევიკებს“, – წერდა ლენინი. ნადია გადარჩა, კომისიამ პროტექცია გაითვალისწინა. თუმცა, მაინც საინტერესოა, რას გრძნობდა მაშინ სტალინის ცოლი, ლენინი დაეხმარა, ქმარი – არა.

1923 წლის ბოლოს, მოსკოვის უმაღლესი პოლიტიკური წრეები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ გერმანიაში რევოლუციური სიტუაცია იყო და გადაწყვიტეს, რომ ამ პროცესს ხელშეწყობა სჭირდებოდა. ამავე წლის ივლისში პოლიტბიურომ გერმანული საკითხების ექსპერტის, კარლ რადეკის ანგარიში მოისმინა. გერმანელი კომუნისტები ირწმუნებოდნენ, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია.

სტალინმა მოითხოვა მათი ლიდერების მოსკოვში გამოძახება. 22 აგვისტოს მიიღეს ერთობლივი გადაწყვეტილება, რომელსაც სტალინმა ხმა არ მისცა: 1) ცენტრალურ კომიტეტში არსებული მასალებისა და გერმანიის კომპარტიის ხელმძღვანელობის მოხსენების საფუძველზე, ჩაითვალოს, რომ გერმანიის პროლეტარიატი დგას ხელისუფლებისთვის ბრძოლის გადამწყვეტი ეტაპის წინაშე. 2) არა მხოლოდ გერმანიისა და რუსეთის კომპარტიებმა, არამედ მთელმა კომუნისტურმა ინტერნაციონალმა, მაქსიმალურად უნდა გააძლიეროს მუშაობა ამ მიმართულებით. 3) პოლიტბიურო ავალებს რუსეთის კომპარტიის დელეგაციას, კომინტერნის სხდომებისთვის შეიმუშაოს  შესაბამისი დასკვნები, შექმნილი საერთაშორისო მდგომარეობიდან გამომდინარე და შემოიტანოს პოლიტბიუროში დასამტკიცებლად. 4) ამოცანები ამ პოლიტიკურ საკითხთან დაკავშირებით:  ა) საბჭოთა რესპუბლიკების მშრომელთა მასების მომზადება; ბ) საბრძოლო ძალების მობილიზება; გ) ეკონომიკური დახმარების გაწევა გერმანიის პროლეტარიატისთვის. დ) შესაბამისი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა.

აღნიშნული საკითხების გადასაწყვეტად შეიქმნა სპეციალური კომისია შემდეგი შემადგენლობით: ზინოვიევი, სტალინი, ტროცკი, რადეკი, ჩიჩერინი. მათვე დაევალათ ადგილობრივი კომიტეტებისთვის დახურული წერილებისა და თეზისების დაგზავნა საგაზეთო კომპანიისთვის.

მაინც, რას ელოდნენ მოსკოვში გერმანული რევოლუციისგან? თეზისები ზინოვიევმა შეიმუშავა და პოლიტბიუროს წევრებს დაუგზავნა. ამჯერად სტალინმა თავი შეიკავა, პოლიტბიუროს ყველა წევრმა კი მოიწონა. 23 სექტემბრის დოკუმენტი მრავლისმეტყველია, უფრო სწორად, არის ბოლშევიკების მიერ თავის მოტყუების შედევრი. იქ წერია, რომ თითქოს გერმანელი და საბჭოთა ხალხების მეგობრობის პერსპექტივა დიდი პოპულარობით სარგებლობს და მას მილიონობით მომხრე ჰყავს. რომ საბჭოთა გერმანია დაარსების პირველივე დღეებში, მჭიდრო და მეგობრულ ურთიერთობას დაამყარებს საბჭოთა ხალხთან. გარდა ამისა ჩვენი სოფლის მეურნეობის შერწყმა გერმანულ მრეწველობასთან უზარმაზარ ეფექტს მოიტანს; რომ ამ გაერთიანებით შეიქმნებოდა მსოფლიოს ისტორიაში აქამდე არარსებული სამხედრო ძლიერება, რაც მათ მსოფლიო იმპერიალიზმისგან დაიცავდა.

სტალინს სიტუაციიდან გამომდინარე, სხვა შეხედულება ჰქონდა. ის არ ეწინააღმდეგებოდა საბჭოთა გერმანიის იდეას, მაგრამ მიაჩნდა, რომ ომი გარდაუვალი იქნებოდა და თუ მაინც ასე მოხდებოდა, ევროპის მუშურ-გლეხური რესპუბლიკების კავშირის შექმნა ჯობდა. ის ფიქრობდა, რომ დღესვე იყო საჭირო ევროპული ქვეყნების მომავალი არსებობის ფორმებზე ფიქრი.

უმრავლესობამ მაინც თავისი გაიტანა – 1923 წლის 20 ოქტომბერს ცეკას სამხედრო კომისიამ წითელი არმიის მობილიზაციის გეგმა შეიმუშავა: გერმანიის პროლეტარიატის შეიარაღებული დახმარებისთვის მილიონი მებრძოლი გამოყო, საგანგებოდ შეიქმნა 20 ახალი დივიზია. ადამიანებს საგულდაგულოდ არჩევდნენ, განსაკუთრებით მათ, ვინც გერმანული ენა იცოდა (პირველი მსოფლიო ომის დროს მრავალი რუსი სამხედრო პირი ჩავარდა ტყვედ). 1923 წლის 24 ოქტომბერს პოლიტბიურომ მიიღო გადაწყვეტილება, გერმანიის რევოლუციის თარიღად 9 ნოემბერი დაენიშნა.

სტალინის წინასწარმეტყველება გამართლდა, საბჭოთა გერმანიის დაბადების დღე არ შედგა. მიზეზი პრიმიტიული იყო – ამას არც აპირებდა და ვერც მოახერხებდა გერმანელი ერი. ზინოვიევისთვის გაგზავნილ წერილში იოსებ ბესარიონის ძე საკმაო ირონიით წერდა: „გერმანიის საკითხებთან დაკავშირებით, საქმე რადეკთან არ არის. საეჭვოა, რომ დღეს კომუნისტები ხელში ძალაუფლების ჩაგდებას უნდა ცდილობდნენ. მომწიფდნენ კი ისინი ამისთვის? – აი, მთავარი საკითხი. ჩვენ რუსეთში ძალაუფლების აღებისას, დიდი რეზერვები გვქონდა, თუნდაც მოწოდებები: მშვიდობა, მიწის გადაცემა გლეხებისთვის, მუშების მხარდაჭერა, გლეხების თანაგრძნობა. გერმანელ კომუნისტებს ამ ეტაპზე მსგავსი არაფერი აქვთ. ახლა ძალაუფლება ხელშიც რომ ჩაიგდონ, მალევე დაკარგავენ კარგ შემთხვევაში, ცუდ შემთხვევაში კი, მემარჯვენეები გენერალურ ბრძოლას გაუმართავენ და სასტიკად დამარცხდებიან. არც ფაშისტებს სძინავთ და მიაქციეთ ყურადღება მათ განვითარებას. ჩვენთვის უმჯობესია, ისინი თავად გააქტიურდნენ. ეს მუშათა კლასს კომუნისტების ირგვლივ გააერთიანებს. გერმანია ბულგარეთი არ არის. გერმანელები უნდა შევაკავოთ და არა – წავაქეზოთ, კარგად ბრძანდებოდეთ ი.სტალინი“.