მე-13 მონაწილე: არგენტინამ მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური მოიპოვა

მე-13 მონაწილე: არგენტინამ მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური მოიპოვა

კონმებოლის ზონიდან უკვე ცნობილია ორი ნაკრები, რომლებიც მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებენ. წინა ტურში მიზანს ბრაზილიის ნაკრებმა მიაღწია, ამჯერად არგენტინამ.

„ალბისელესტემ“ საკუთარ მოედანზე სწორედ ბრაზილიას უმასპინძლა და „კლასიკო“ უგოლოდ დასრულდა, მაგრამ ლიონელ სკალონის გუნდისთვის ეს ქულაც საკმარისი გამოდგა, რომ ყატარის ბილეთი ოფიციალურად დაეჯავშნა.

არგენტინას 13 თამაშში 29 ქულით მეორე ადგილი უკავია და მეოთხე ადგილს დანამდვილებით არ ჩამოსცილდება. საინტერესოა, რომ სხვებთან შედარებით, არგენტინასა და ბრაზილიას თამაშით ნაკლებიც აქვთ ჩატარებული, რადგან სექტემბერში მათი ბრაზილიური დუელი ჩაიშალა და უცნობია, როდის გაიმართება ეს შეხვედრა.

მუნდიალის საგზურთან საკმაოდ ახლოსაა ეკვადორის ნაკრები, რომელიც მესამე საფეხურზეა და უახლოეს მდევრებს 6 ქულით უსწრებს. აი, დანარჩენი 1.5 საგზურისთვის (მე-4 ადგილი პირდაპირ გადის, მე-5 პლეი-ოფში) კოლუმბია, პერუ, ჩილე, ურუგვაი და ბოლივია იბრძვიან. შესარჩევი ციკლის დასრულებამდე კი 4 ტურია დარჩენილი.

ამრიგად, მსოფლიოს ჩემპიონატს უკვე 13 მონაწილე ჰყავს: ყატარი, ინგლისი, შვეიცარია, ბელგია, საფრანგეთი, ესპანეთი, დანია, სერბეთი, ხორვატია, გერმანია, ნიდერლანდები, ბრაზილია და არგენტინა.