ხელისუფლება სამარცხვინო ბოძზე

ხელისუფლება სამარცხვინო ბოძზე

რამდენიმე დღის წინ ერთმა კომპეტენტურმა ადამიანმა კონფიდენციალურად მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილს ავლაბრის რეზიდენციაში ბიძინა ივანიშვილი დაუბარებია და ისიც წვევია. წყაროს ცნობით, სააკაშვილი ივანიშვილისგან 1,5 მლრდ დოლარს ითხოვდა, რაზეც ამ უკანასკნელს უარი უთქვამს. 

დაწვრილებით არ შევუდგები იმის აღწერას რა ვითარებაში წარიმართა შეხვედრა, მაგრამ როგორც წყარო ამბობს, საუბარი მეტად დაძაბულ ვითარებაში შედგა და საქმე კონფლიქტამდეც მისულა. წყარო იმასაც დასძენს, რომ რეზიდენციიდან გამოსულ ივანიშვილს გადაწყვეტილება მიუღია – საქართველოში რაც ბიზნესები აქვს დახუროს. 

ვნახოთ, რამდენად გამართლდება ჩვენი წყაროს ინფორმაცია. ზოგადად, უხერხულობას მიქმნის, როცა ამა თუ იმ ინფორმაციის გახმაურება დოკუმენტების და წყაროს დასახელების გარეშე მიწევს, მაგრამ „ვარდოსანი ხელისუფლების“ მოსვლის შემდეგ ე.წ. კულუარული ინფორმაციები ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, რადგან საჯაროდ ვერავინ ვერაფერზე ლაპარაკობს. 

თუმცა კი, ინფორმაციები სახელისუფლებო კულუარებიდან, შედარებით ნაკლებად, მაგრამ, როგორც სხვა ხელისუფლების შემთხვევაში ხდებოდა, მაინც, ჟონავს და ხშირ შემთხვევაში, იგი მართლდება. კონკრეტულ შემთხვევაში, თავს ვერ დავდებ რამდენად უტყუარია აღნიშნული ინფორმაცია, მაგრამ ქვეყანა ახლა იმ მდგომარეობაშია, რომ დაუჯერებელი არაფერია იმაში, სააკაშვილს ივანიშვილისთვის ფული ეთხოვა, მითუმეტეს, რომ მსგავს ფაქტს ადგილი ადრეც ჰქონია. 

ივანიშვილზე რომ არაფერი ვთქვათ, უკვე კულუარებს გასცდა და პოლიტიკოსები ღიად საუბრობენ იმ ფაქტის შესახებ, რომ კატასტროფის წინაშე მდგარი ბიუჯეტის შევსებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს ზურაბ ადეიშვილი. ადეიშვილმა საპროცესო გარიგებებით 1 მლრდ–ის ვალდებულება რამდენიმე თვის წინ, ერთ–ერთ მთავრობის დახურულ სხდომაზე საკუთარ თავზე აიღო, მაგრამ იმ პირობით, რომ არც–ერთ საქმეში მერაბიშვილი და თვით სააკაშვილიც არ უნდა ჩარეულიყვნენ. 

შედეგად, ქვეყანაში მასობრივი ტერორი დაიწყო, გამოწურული მსხვილი ბიზნესის შემდეგ, სააკაშვილის ხელისუფლება აქამდე ხელუხლებელ რეზერვს – მცირე მეწარმეებს დაერია. საქმეში ბანკებიც იქნენ ჩართული და ზედმიწევნით დაიწყო ბანკებისთვის გაცემული სახელფასო ცნობების გადამოწმება. ცნობებში, სადაც კი 100–200 ლარით გაზრდილად იყო ნაჩვენები სახელფასო შემოსავლები, დაბრუნებული სესხების მიუხედავად, ცნობის გამცემებსაც და სესხის ამღებებსაც საპროცესო გარიგებებს უფორმებენ. 

ხელისუფლების ტერორის მსხვერპლი გახდა სამედიცინო პერსონალიც. კულუარებში აქტიურად საუბრობდნენ ცნობილი კარდიოლოგის, გულიკო ჩაფიძის შემთხვევაზეც. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ კარდიოლოგიური კლინიკის გაყიდვის პროცესში, ხელისუფლებას ცნობილი კარდიოლოგი შიდა პატიმრობაში ყავდა აყვანილი. 

კულუარული ინფორმაციით, საპროცესო გარიგება გაუფორმეს პედიატრ ქეთი ნემსაძესაც, რომელსაც ხელისუფლება 200 ათას დოლარზე მეტს ედავებოდა. უამრავი ექიმი იყო ასევე პროკურატურაში დაბარებული, რომელთა უმრავლესობასთან უკვე გაფორმდა საპროცესო გარიგებები. 

ყველა ფაქტს ვერ ჩამოვთვლით, თუმცა საპროცესო გარიგებები რომ ბიუჯეტის შევსების მნიშვნელოვან წყაროდ იქცა, ფინანსთა მინისტრმა, კახა ბაინდურაშვილმაც დაადასტურა. ბაინდურაშვილმა პარლამენტში ოპოზიციის ცნობისმოყვარეობა დააკმაყოფილა და განმარტა, რომ მიმდინარე წლის ცხრა თვის მონაცემებით, საპროცესო გარიგებებიდან ბიუჯეტში მხოლოდ 30 მილიონი ლარი გადაირიცხა. 

თუმცა, სხვა ინფორმაციით, ბოლო სამი თვის განმავლობაში, საპროცესო გარიგებებით სპეციალურ ანგარიშზე 150 მლნ ლარია მობილიზებული და ეს ციფრი ყოველდღიურად იზრდება. 

იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან საპროცესო გარიგებები ბიუჯეტის შევსების ერთადერთი წყარო არ არის. უკვე გაძვირდა კომუნალური გადასახადები, ტრანსპორტი და პირველადი მოხმარების პროდუქტი. სააკაშვილმა მთავრობის ბოლო სხდომაზე, სვანეთის მთებში, მისთვის უჩვეულო მორიდებით შემოგვაპარა, რომ ნავთობი ისევ გაძვირდა და ეს აუცილებლად დაარტყამს თითოეული ადამიანის მდგომარეობას. 

თუმცა, სააკაშვილს ერთი სიტყვით არ უხსენებია, რომ ქვეყნის ეკონომიკის გაჩანაგებაში, ნავთობის გაძვირებაზე მეტად, სწორედ ამ ხელისუფლების უგუნურ პოლიტიკას მიუძღვის უდიდესი წვლილი. 

ამიტომ, სააკაშვილის მთავრობას უკვე აღარც მღვიმეები უშველის და რამდენიც უნდა მოინდომოს, ვერც ცამდე ამაღლება – ქვეყანა უფსკრულში მიექანება. მძიმე იყო 2010 წელი, მაგრამ როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, 2011 წელი კიდევ უფრო მძიმე იქნება. მართალია, მთავრობა ამაყობს, რომ ქვეყანაში ინვესტიციების საპროგნოზო მაჩვენებლებმა მოლოდინს გადააჭარბა, მაგრამ სხვა საქმეა რას უწოდებს ხელისუფლება ”ინვესტიციებს”. 

ხელისუფლება საკუთარი აქტივების გაყიდით მიღებულ შემოსავალს ინვესტიციად ნათლავს, მაგრამ უძრავი ქონების ფულად აქტივად ქცევა არაფერს ნიშნავს, როცა მას ქვეყნის ეკონომიკისთვის დამატებითი შემოსავალი არ მოაქვს. კატასტროფული მდგომარეობა გვაქვს პირდაპირი ინვესტიციების კუთხით, მაგრამ არც ობიექტების გაყიდვებით შეგვიძლია თავის მოწონება. 

 

სამი კვარტლის მონაცემებით, ქვეყანაში სულ რაღაც 433 მილიონი დოლარის ინვესტიციამ მოიყარა თავი. არადა, 2010 წლის საპროგნოზო მაჩვენებლად მთავრობა 1,2 მლრდ დოლარს ასახელებდა. ამის მიუხედავად, ხელისუფლება თავს იწონებს, რომ საქართველო ინვესტორებისთვის მიმზიდველი ქვეყანაა. ფაქტი ისაა, რომ საქართველოს ინვესტორები ისევ გაურბიან.

 

2011 წელი წინასაარჩევნო წელია და იმ რეალობიდან გამომდინარე, რაც დღეს ქვეყანაშია, რთული წარმოსადგენია, რომ ხელისუფლება თავს დამშვიდებულად გრძნობდეს, მითუმეტეს, რომ უცხოური დახმარებები პრაქტკულად ამოიწურა და საქართველოსთვის დამატებითი თანხების გამოყოფას არავინ აპირებს.

 

ბოლო პერიოდში სულ უფრო აქტიურად საუბრობენ ქვეყანაში მოსალოდნელი სოციალური ბუნტის საფრთხეზე. როგორც ექსპერტთა ნაწილი განმარტავს, ხელისუფლებისთვის ბუნტი ყველაზე სერიოზული გამოსავალი იქნება და მისი ყველა ნაბიჯიც სწორედ აქეთკენაა მიმართული. თუმცა, ამ თემის გაშლას დღეს არ ვაპირებ, მაგრამ პროცესები თუ მართლაც, ამ მიმართულებით განვითარდა, მივიღებთ იმ სურათს, რაც უკვე ვნახეთ – კამერების წინ, საწოლიდან წამოყრილ და ტრუსებით მორბენალ ჩინოვნიკებს, რომლებიც, როგორც ვატყობ, ყველაფრის მიუხედავად, ისევ ჩვენი, ჟურნალისტების დასაცავები გახდებიან.