იტალიის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური ვერ მოიპოვა, მაგრამ რობერტო მანჩინი მაინც ოპტიმისტურადაა განწყობილი. როგორც მან აღნიშნა, დარწმუნებულია, რომ ფინალურ ეტაპზე გავლენ და მერე იმასაც არ გამორიცხავს, რომ მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგონ.
„ახლა ვერაფერს ვიზამთ. მარტში პლეი-ოფი გვექნება და მაქსიმალურად მოვემზადებით და ვიმედოვნებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე გავალთ. გოლის გატანა გვიჭირს, გვქონდა შანსი პირველ ტაიმში, მაგრამ ასეთი მატჩები უფრო მშვიდად უნდა ითამაშო. შეგვეძლო, რომ ჯგუფში სიტუაცია მანამდე დაგვესრულებინა. სექტემბერში ბულგარეთთან უნდა მოგვეგო, ისევე, როგორც შვეიცარიასთან. გავიხსენოთ, რომ გადამწყვეტ მატჩებში პენალტები ვერ გავიტანეთ... სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე გავალთ და შემდეგ შესაძლოა მოვიგოთ კიდეც“, - თქვა მანჩინიმ.
შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრებმა შესარჩევი ეტაპი კარგად დაიწყო, ზედიზედ სამი მატჩი მოიგო, თუმცა ეს იყო მარტში, ევრო 2020-მდე, ხოლო ევროპის ჩემპიონატის შემდეგ „სკუადრა აძურას“ შედეგები მნიშვნელოვნად გაუარესდა - 5 თამაში, 1 მოგება და 4 ფრე. საბოლოოდ, იტალია შვეიცარიას 2 ქულით ჩამორჩა და მარტში ბრძოლას პლეი-ოფში გააგრძელებს. აპენინელებმა 2018 წლის მუნდიალი სწორედ პლეი-ოფში მარცხის გამო გამოტოვეს, ზედიზედ ორი მსოფლიოს ჩემპიონატის მიღმა კი არასდროს დარჩენილან.