„არის ვერსია - მედიაში გავრცელდეს ინფორმაცია სააკაშვილის არასწორი მკურნალობის და მისი შესაძლო მკვლელობის შესახებ, რაც საავადმყოფოს შტურმით აღებას გამოიწვევს, სწორედ ეს ვერსია აქვს ხელისუფლებას და ალბათ, არ რისკავენ“

„არის ვერსია - მედიაში გავრცელდეს ინფორმაცია სააკაშვილის არასწორი მკურნალობის და მისი შესაძლო მკვლელობის შესახებ, რაც საავადმყოფოს შტურმით აღებას გამოიწვევს, სწორედ ეს ვერსია აქვს ხელისუფლებას და ალბათ, არ რისკავენ“

ვუახლოვდებით თუ არა კრიტიკულ წერტილს, რომლის მერეც შემობრუნება ძნელი იქნება? - ისედაც პოლარიზებული გარემო საქართველოში ექსპრეზიდენტ სააკაშვილის დაბრუნებისა და მის გარშემო განვითარებული პროცესების შედეგად უფრო კრიზისული ხდება. „ნაციონალური მოძრაობა“ რადიკალურ აქციებზე გადავიდა და იმუქრება, თუკი სააკაშვილის კერძო კლინიკაში გადაყვანა არ მოხდება, სიტუაცია კიდევ უფრო გამწვავდება. ამიტომაც ახლა ყველა ელოდება, რა იქნება ამ აქციების ბოლო შემდეგი და გამძლეობა ვის უფრო ეყოფა - ხელისუფლებას თუ ოპოზიციას? ან, რატომ ჯიუტობს „ოცნება“ და სააკაშვილის კერძო კლინკაში გადაყვანაში რა სახის რისკებს ხედავს?

ოპოზიციაში ამბობენ, რომ თუ მიხეილ სააკაშვილს მრავალპროფილურ კლინიკაში გადაიყვანენ, ისინი საავადმყოფოსთან საპროტესტო აქციებს არ გამართავენ. ამაზე პასუხსიმგებლობას პირადად ნიკა მელია იღებს და იფიცება, რომ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანისას არანაირი პროვოკაცია არ მოხდება.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდობლობას უცხადებს და ამბობს, რომ მათი არც ერთი სიტყვის დაჯერება არ შეიძლება.

„ჩვენ კარგად ვიცით, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ არც ერთი სიტყვის ნდობა არ შეიძლება. ისინი არიან თავისი ბუნებით მიდრეკილი არეულობისკენ, დესტრუქციისკენ. აქედან გამომდინარე, მათ სიტყვას რანაირად შეიძლება ვენდოთ? შესაბამისად, ჩვენი ერთადერთი ამოცანა არის, ერთი - ადამიანის უფლებების დაცვა და მეორე, ყველას უსაფრთხოების დაცვა.

წარმოიდგინეთ სამოქალაქო საავადმყოფო, სადაც დაცულობის ხარისხი არის ბევრად უფრო დაბალი, იქნება ეს თბილისში, გორში თუ ნებისმიერ სხვა ლოკაციაზე. ბუნებრივია, ამის საჭიროება და აუცილებლობა თუ არ არსებობს, ბუნებრივია, ასეთ შემთხვევაში, დაუშვებელია, რომ საავადმყოფოს პერსონალის, ექიმების, პაციენტების, სპეცნაზის და ყველას უსაფრთხოებას შეექმნას ჭარბი პრობლემა. ეს არ უნდა იყოს დაშვებული ვიღაცის ახირების გამო. ისე დარბის პირველიდან მეოთხე სართულამდე, რომ აშკარად ჩანს, მას ჯანმრთელობის არავითარი რაიმე სერიოზული პრობლემა არ აქვს. არ შიმშილობდა ეს კაცი, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ. აქედან გამომდინარე, თავი დაანებონ სპეკულაციებს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენი ერთადერთი ამოცანა არის ადამიანის უფლებების სტანდარტის დაცვა“, - ამბობს ირაკლი კობახიძე.

კონფლიქტოლოგი მამუკა არეშიძე for.ge-სთან ამბობს, რომ ხელისუფლების გაჯიუტება არ გადაიყვანოს მიხეილ სააკაშვილი კერძო კლინიკაში რამდენიმე მიზეზით შეიძლება იყოს განპირობებული. არეშიძე აცხადებს, რომ გარკვეული ინფორმაციების შედეგად ცნობილი ხდება, რომ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანა არ არის ჩვეულებრივი მოთხოვნა, რომელიც მის მკურანლობასთან არის დაკავშირებული. ეს არის გეგმიური მოთხოვნა, რომლის უკანაც „ნაციონალურ მოძრაობას“ კარგად დაგეგმილი მიზანი ამოძრავებს.

„სააკაშვილის, როგორც პატიმრის შენარჩუნება კერძო კლინიკაში გადაყვანისას გაჭირდება. არის ასეთი ვერსია, რომ მედიაში გავრცელდეს ინფორმაცია სააკაშვილის არასწორი მკურნალობის და მისი შესაძლო მკვლელობის შესახებ, რაც საავადმყოფოს შტურმით აღებას გამოიწვევს. ენმ-ს ამის გაკეთება არ გაუჭირდება. ეს კი პოლიციურ ძალებსა და სააკაშვილის მხადამჭერებს შორის შეტაკებას გამოიწვევს. სისხლი დაიღვრება და ამით ხელისუფლების დაზიანებას შეძლებენ. საზოგადოების აზრს აქეთ შემოაბრუნებენ. სწორედ ეს ვერსია აქვს ხელისუფლებას და ალბათ, არსებობს კონკრეტული ინფორმაციებიც, რის გამო არ რისკავენ“, - ამბობს არეშიძე for.ge-სთან.

მისივე თქმით,დასავლელი პოლიტექნოლოგიების წესი და შეხედულება ასეთია, რომ ხალხის „სამართლიანი აღშფოთების“ შემაკავებელი კანონი არ არსებობს. ამიტომ, თუკი საავადმყოფოზე „აღშფოთებული“ მოქალაქეები შტურმს მიიტანენ, დასავლეთში, იმ ადამიანებისთვის, რომლებიც სააკაშვილს მხარს უჭერენ, მიუღებელი არ იქნება და გასასამართლებელ საბუთს მოუძებნიან. ხოლო, თუკი იგივე ძალები შტურმს ციხეზე მიიტანენ, ამას ვერც სააკაშვილის მხადამჭერი ევროპარლამენტარები გაამართლებენ.

„ეს არის ვერსია და მას არსებობის უფლება აქვს. „ნაციოანლებს“ ამის გაკეთება ისე შეუძლიათ, წარბსაც არ შეირხევენ. ამიტომ ხელისუფლების გაჯიუტების მე არ მიკვირს. სიმართლე გითხრათ, მე რომ ეს ვერსია დავიჯერო, სხვა არაფერი მტკიცებულება არ მჭირდება. თავად ვარ ყველა ჩვენს ქვეყანაში მომხდარი მოვლენების მონაწილე და მხილველი. ამიტომაც არაფერი გამიკვირდება, მით უმეტეს ამ პოლიტიკური ძალის მხრიდან.

ხელისუფლება უნდა გამოვიდეს და ბოდიში უნდა მოიხადოს იმ მახინჯი კოაბიტაციის გამო, რაც ამ წლებსის განმავლობაში „ნაციოანლებთან“ ჰქონდა. თქვას რა შეცდომები დაუშვეს. იმ ხალხმა, რომლებმაც სააკაშვილის რეჟიმი საკუთარ თავზე იმწვნიეს, ხელისუფლებისგან ბოდიში უნდა მიიღონ. ასევე, სამართლიანობის აღდგენისკენ ნაბიჯები აქტიურად უნდა გადადგან; ახალგაზრდებთან აქტიური საუბარი დაიწყონ, გააგებინონ, რეალურად, საკაშვილის რეჟიმი რას წარმოადგენდა. ახალმა თაობამ, რომელიც იმ დროს დაბადებულიც არ იყო, არ იცის, რომ პოლიციის მაღალჩინოსნები ახლა კი არ გამდიდრდნენ, „ნაციოანლების“ დროს ბიუჯეტის ფული მერაბიშვილმა და კეზერაშვილმა მოიპარეს“, - ამბობს არეშიძე for.ge-სთან.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე კი for.ge-სთან ამბობს, რომ „ნაციოანლური მოძრაობის“ კატეგორიულ მოთხოვნას სააკაშვილის კერძო კლინიკაში გადაყვანაზე პოლიტიკური კონტექსტი აქვს. ოპოზიცია საკუთარ ამომრჩეველთან ქულების დაწერას დაიწყებს და იტყვის, რომ ხელისუფლება იმდენად სუსტია, დათმობაზე წავიდა, აქციებმა შედეგი გამოიღო, ერთად ყოფნამ „ოცნება“ შეაშინა და იძულებული გახდა სააკაშვილი კერძო კლინიკაში გადაეყვანა.

„ნაციონალური მოძრაობა წაგებასაც კი მოგებად ასაღებს. გავიხსენოთ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება გვარამაიმ როგორი ზარზეიმით გამოაცხადა, რომ მოიგეს. თუმცა აღმოჩნდა, რომ პირიქით მოხდა და წააგეს. სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის საკითხიც ასეა. ეს ხომ მიზანმიმართული შიმშილია კონკრეტული გეგმის მიხედვით?! სააკაშვილის ქვეყანაში დაბრუნებას აზრი ხომ უნდა ჰქონდეს და აქედან პოლიტიკური ამბავი გამოვიდეს. აბა, რისთვის ჩამოვიდა? მართლა იმიტომ ხომ არა, რომ ჩადენილმა დანაშაულებებმა სინდისი გაუღვიძა?

სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანისას რამდენიმე სახის რისკი წარმოიშვება. ერთი ის, რომ „ოცნების“ ამომრჩეველი პროტესტს გამოთქვამს და ხელისუფლებას გააუწყრება, რადგანაც ჩათვლის, რომ სააკაშვილი პრივილეგილებურ სიტუაციაში აღმოჩნდება. ოპოზიცია კი ამას საკუთარ გამარჯვებად შეაფასებს. იტყვის, რომ ხელისუფლება დასუსტებულია, დათმობაზე წავიდა. მერე ახლა იმ კერძო საავადმყოფოსთან მისი გათავისუფლების მოთხოვნით აქციებს დაიწყებენ. დიდი რისკია იმის, რომ კერძო საავადმყოფოს დაცვა გაჭირდება. სხვაა როდესაც თავდასხმა ციხეზე ხდება და მეორეა თავდასხმა, როცა კერძო კლინიკაზე მოხდება. პატარა პროვოკაციაც კი შესაძლოა ქვეყანაში დაპირისპირების მიზეზი გახდეს“, - ამბობს საყვარელიძე for.ge-სთან.