„ქართულმა ოცნებამ“ არაფრისგან გმირად აქცია სააკაშვილი“

„ქართულმა ოცნებამ“ არაფრისგან გმირად აქცია სააკაშვილი“

„მე არასდროს არ მივცემ ხმას „ნაციონალურ მოძრაობას“, მაგრამ იმის გამო, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დააბრუნა ისინი, უფრო და უფრო მეტი ადამიანი აძლევს ხმას „ნაცმოძრაობას“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი.

თვით „ნაციონალებსაც“ კი უჩნდებათ ეჭვი, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, სააკაშვილი წმინდანად აქციოს და ადამიანური კათარზისის ქაფიდან ახლად დაბადოს. თქვენ რა შთაბეჭდილება დაგრჩათ სააკაშვილთან მიმართებით ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და რას იტყვით სასამართლო პროცესის შემხედვარე, რომელიც მთავარი გმირის - სააკაშვილის გარეშე შედგა?

- „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი თავი ჩიხში ჩაიგდო, მართლაც არაფრისგან გმირად აქცია სააკაშვილი. სააკაშვილის მეორედ დაბადებას ვხედავთ ნამდვილად და ეს მხოლოდ „ქართული ოცნების“ სინდისზეა. იმდენად ჩიხში არიან, რომ ნებისმიერი მათი მოქმედება მათ საწინააღმდეგოდ მოქმედებს, გამოაჩენენ სააკაშვილს სასამართლო პროცესზე, ვაია, არ გამოაჩენენ - ვუი. აბსოლუტურად არ იციან, როგორ იმოქმედონ ამ ეტაპზე. ისინი თვლიან, რომ ორი უბედურებიდან ნაკლები უბედურება უნდა აარჩიონ და სასამართლო პროცესზე არ გამოაჩინონ სააკაშვილი. ამისთვის დაარღვიონ კანონი, დაიკიდონ ფეხზე დასავლეთი, ოღონდ სააკაშვილს არ მიეცეს ტრიბუნა. ეს არის ფარსი, არავითარი საერთო ამას სასამართლოსთან არ აქვს, მიდიან ფარსზე მხოლოდ იმიტომ, რომ სააკაშვილს არ მიეცეს მეტი საშუალება, საზოგადოებასთან ილაპარაკოს. მეცოდება საქართველო, ასეთი უუნაროების ხელში. დროზე მიიღონ გადაწყვეტილება და გაუშვან უკრაინაში სააკაშვილი, მათთვის ეს ყველაზე კარგი ვარიანტი იქნება.

ვიცით, რომ სააკაშვილი პიარის დიდოსტატია. თუკი დაუშვებდნენ სასამართლო პროცესზე, არავინ იცის, პროცესები რა სიმძიმით განვითარდებოდა, იქნებ, ხელისუფლებას სახელმწიფოებრივი პოზიციიდან გამომდინარე, არ აწყობდა არეულობა?

- სასამართლო საჯარო ტრიბუნაა, ბევრი საქმე მოგებულა სწორედ პიარის დიდოსტატების, კარგი ადვოკატების მხრიდან სასამართლოზე. რომის იმპერიიდან მოდის საჯაროობა. წესით, არაფერი დასამალი არ უნდა იყოს სააკაშვილის საქმეში. რა თქმა უნდა, სააკაშვილი თავის სასამართლო პროცესს ყოველთვის გამოიყენებს, მით უმეტეს, თუ ძალიან შეცვლილი იქნება, თუ შიმშილობა დაეტყობა, ისე ენერგიულად ვერ ილაპარაკებს, მოსახლეობაში ეს გამოიწვევს მეტ სიმპათიებს. ამის ეშინიათ. მძიმე მდგომარეობაში არიან, არა იმიტომ, რომ რამეს აგებენ, პირიქით, კომფორტულად არიან, არჩევნები მოიგეს, ერჩივნათ, სააკაშვილი ასე მედგარი არ ყოფილიყო. როგორც სააკაშვილი ვიღაცამ მოატყუა და საქართველოში ჩამოიყვანა, ისე ვიღაცამ მოატყუა ივანიშვილი და უთხრა, რომ სააკაშვილი ასეთი ვაჟკაცი არ იქნებოდა. პირიქით მოხდა, სააკაშვილი მედგარი და პრინციპული აღმოჩნდა. ვიდრე ივანიშვილი არ ჩანს სცენაზე, მანამდე „ქართული ოცნება“ მშვიდადაა. ჯერ კიდევ მათ სიმშვიდის რესურსები გააჩნიათ. როგორც კი ივანიშვილი გამოჩნდება, ე.ი. სიტუაცია დაიძაბა. მაშინ შეიძლება ვილაპარაკოთ, რომ „ქართული ოცნება“ კრიზისშია.

გამოჩნდება კი ივანიშვილი საჯაროდ? ოპოზიციურ არხებზე ვრცელდება ჭორი, თითქოს საქართველოდან უცხოეთში მიდის და თავისი კოლექციაც გაიტანა.

- რატომ უნდა წავიდეს? ყველაფერს მიაღწია. სახელმწიფოს ფეოდალია, რასაც უნდა, იმას აკეთებს, სასამართლო, პროკურატურა, პარლამენტი, მთავრობა, ბიუჯეტი მისია, ერთი სააკაშვილი ვერ დაიმორჩილა. ამიტომ სად უნდა წავიდეს? აუტკივარი თავი რატომ უნდა აიტკიოს უცხოეთში წასვლით? თქვენ მკითხეთ, იქნებ, ხელისუფლებას სახელმწიფოებრივი პოზიციიდან გამომდინარე არ აწყობს არეულობა და ამიტომაც არ დაასწრეს სააკაშვილი საკუთარ პროცესს? სახელმწიფო არ არსებობს, არსებობს მხოლოდ „ქართული ოცნება“. სასამართლო არ არსებობს. შეიძლება ერქვას ოჯახი, სადაც ცოლ-ქმარმა ვირტუალურად ხელი მოაწერეს და დაშორდნენ?! სააკაშვილის გამოჩენით სასამართლო პროცესზე არაფერი არ მოხდებოდა. ხელისუფლებას შეუძლია, კარგად დაიცვას პარლამენტი. შეუძლებელია, არ დაეცვათ კლინიკა, სადაც სააკაშვილს გადაიყვანდნენ, ან სასამართლო დარბაზი. არავითარი გადატრიალება და ხალხის შევარდნა არ მოხდებოდა. ამ საფრთხეებს იგონებენ. როგორც წესი, „ქართულ ოცნებას“ სჭირდება ორი რამ: ტემპერატურის აწევა და სააკაშვილის დადუმება. ჯერჯერობით ეს გამოსდით, ტემპერატურა აწეულია, რა დროს კორონავირუსია, რა დროს სიღარიბეა, ხომ ხედავთ, „ნაციონალური მოძრაობა“ მოდის. საზოგადოებას პირში ბურთს ჩრიან და ქმნიან უარყოფით დამოკიდებულებას „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ. მათ იმედი აქვთ, 29 ნოემბრამდე სააკაშვილი ისე დასუსტდეს, შეწყვიტოს შიმშილობა, რაც „ქართულ ოცნებას“ გამარჯვებად ჩაეთვლება, რომ თავისას მიაღწია. „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანაა, მოსახლეობის დიდი ნაწილის წინაშე შეინარჩუნოს სახე და დააჯერონ ხალხი, რომ სააკაშვილი მიუღებელია. თორემ სააკაშვილი ვისაც უყვარს, მათ განწყობას ვერ შეცვლიან. ხელისუფლების მიზანია, იმოქმედოს გულწრფელ ამომრჩეველზე, ვინც ფულით, შიშით ან მუქარით კი არ მისულა არჩევნებზე, არამედ, ვინც მათ გულწრფელად ხმას აძლევდა, ეს ხალხი არ დაკარგონ. მათი ამოცანაა, როგორმე შეინარჩუნონ თავის მომხრეებში მხარდაჭერა. ამიტომ დასავლეთთან ურთიერთობასაც გააფუჭებენ, მათ ეს არ ადარდებთ. მთავარია, სააკაშვილმა არ მოიპოვოს მეტი პოპულარობა. არადა, ხელისუფლების უგუნური ქცევებით სააკაშვილი მოიპოვებს პოპულარობას.

„ნაციონალები“ ირწმუნებიან, თითქოს ოცნების საწინააღმდეგოდ დასავლეთიდან შტურმი წამოვიდა, მაგრამ, ამავე დროს, იბეჭდება სტატიები უცხოურ თუ პოსტსაბჭოთა პრესაში, რომ სააკაშვილი ვაშინგტონის და ბრიუსელის საყვარელი პიროვნება აღარ არის.

- დღეს საქართველო არავის ადარდებს, თავის სააკაშვილიანად. საქართველო ჩამოწერეს სააკაშვილმა და ივანიშვილმა ერთად. ალბათ, დასავლეთს გულზე არ ეხატება სააკაშვილი, მაგრამ არც საქართველო არ ეხატებათ გულზე. ვინმეს ნუ ჰგონია, რაკი უცხოელები სააკაშვილს არ აქებენ, ამის გამო მოსწონთ, რასაც უკეთებენ სააკაშვილს, ეს ასე არ არის. ისინი ფიქრობენ, რომ ჩვენ ვართ ველურები და არაფერი საერთო არ გვაქვს ცივილიზაციასთან. როცა აკრიტიკებენ ერთს, არ ნიშნავს, რომ აქებენ მეორეს. მთელი ქართული რეალობაა მათთვის მიუღებელი.

თქვენ ამბობთ, უკრაინაში გაგზავნონ სააკაშვილი, მაგრამ უკრაინიდანაც ზელენსკის დონეზე არ ისმის განცხადებები მიშას წაყვანასთან დაკავშირებით, თუ არ ჩავთვლით, ზელენსკის პირველ განცხადებას.

- ზელენსკიმ თავიდანვე თქვა, ჩვენს მოქალაქეებს დავიბრუნებთო. ახლახანს რადამ გააკეთა განცხადებები, როგორც იქნა, გამოფხიზლდა უკრაინის ელჩი საქართველოში, მივიდა საგარეო საქმეთა სამინისტროში, ანუ დაიწყო მოქმედებები. სახელმწიფო ინსტიტუტებია აქ მთავარი და არა ზელენსკის აქტიურობა.

ისე, უკრაინაზე მეტად „ნაციონალები“ გერმანიაში სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანის თემას განიხილავენ, როგორც ეს მოხდა იუშჩენკოს და ნავალნის შემთხვევაში. თუკი გაგზავნაზე მიდგა საქმე, რატომ გერმანია და არა უკრაინა? სააკაშვილი ხომ იუშჩენკოს და ნავალნის მსგავსად არავის მოუწამლავს?

- სააკაშვილს სამკურნალო იმდენად არ სჭირს, რამდენადაც შიმშილობიდან უნდა გამოვიდეს. თუ რამე ავადმყოფობა სჭირს, ამას ექიმები იტყვიან. ჩემთვის მთავარი არაა, რას იტყვიან პოლიტიკოსები, მთავარია, რას იტყვიან ექიმები. ექიმები ამბობენ, რომ საჭიროა, გადავიყვანოთ სამოქალაქო კლინიკაში. მე ექიმებს და პროფესიონალებს ვენდობი, მაგრამ რა სჭირს სააკაშვილს სამკურნალო, ჯერ არ ვიცი. ნავალნის რაც სჭირდა, ეს გასაგებია, ის მოწამლეს გაუგებარი ნივთიერებით, ამიტომ საჭირო იყო მისი სასწრაფოდ გადაყვანა გერმანიაში, რათა გერმანიას დაედგინა, რა საწამლავით მოწამლეს, რომ მერე ემკურნალათ. გერმანიაში საწამლავიც დაადგინეს და უმკურნალეს კიდეც. სააკაშვილს რა სჭირს გერმანიაში გადასაყვანი, მე არ ვიცი, არავინ ამბობს, რატომ უნდა გადავიყვანოთ ქალაქის კლინიკაში, ან რატომ უნდა წაიყვანონ უცხოეთში.

გლდანის ციხეში პატიმრებმა სააკაშვილს ერთგვარი „შუმოკი“ მოუწყეს, რაც მისი მომხრეების მტკიცებით, გათანაბრებულია წამებასთან. ჩვენ გვსმენია თეთრაძის, მოლაშვილის, გირგვლიანის და სხვათა წამების შესახებ, მაგრამ სააკაშვილთან მიმართებით რა ხდება?

- მოლაშვილის და სხვათა გამო პასუხი აგო „ნაციონალურმა მოძრაობამ“, მათ წააგეს არჩევნები, ეს არ უნდა დაგვავიწყდეს. პოლიტიკური პასუხისმგებლობა იყო ის, რომ მათ წააგეს არჩევნები, ხოლო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა იყო, რომ მერაბიშვილი ციხეში იჯდა, ახალაია ციხეში ზის, ადეიშვილზე გადაწყვეტილება მიღებულია, სააკაშვილი ციხეში ზის სამარცხვინოდ, ასე სამარცხვინოდ არც ერთი პატიმარი არ ზის. გასაგებია, „ნაციონალები“ საშინლად, ამორალურად იქცეოდნენ, პირადად მე მათ ვებრძოდი და პოლიტიკიდან გავაპანღურეთ „ნაცები“, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ ისინი დააბრუნა. ერთადერთ რამეს ვერჩი „ქართულ ოცნებას“, რატომ დაგვასვა თავზე „ნაციონალური მოძრაობა“ და რატომ გვაშინებს იმით, რაც თვითონ გააკეთა?! ჩემთვის „ქართული ოცნება“ აღარ არსებობს, არსებობს „ქართული ოცნება“, რომელმაც ააღორძინა „ნაციონალური მოძრაობა“. ეს არის მისი საერთო სახელი.

„ნაციონალებს“ ისევ უნდათ ხელისუფლებაში დაბრუნება, ყოველგვარი მონანიების გარეშე.

- უნდათ თუ არა, ეს ქართველი ხალხის გადასაწყვეტია და, თუ ქართველ ხალხს უნდა, ქართველი ხალხი მოიყვანს მათ. მე არასდროს არ მივცემ ხმას „ნაციონალურ მოძრაობას“, მაგრამ იმის გამო, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დააბრუნა ისინი, უფრო და უფრო მეტი ადამიანი აძლევს ხმას „ნაცმოძრაობას“, ხალხის ხმა კი უზენაესია. ღარიბაშვილს, კობახიძეს არავინ არ შეეკითხება, დაბრუნდება თუ არა „ნაცმოძრაობა“ ხელისუფლებაში. თუ მას ხმას მისცემს ქართველი ხალხი არჩევნებით, მე ეს არ გამიხარდება, მაგრამ ეს იქნება რეალობა, რაც დაიმსახურა და რაც გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“. მათ ყურებით შემოათრიეს ქართულ პოლიტიკაში „ნაციონალური მოძრაობა“ და მიხეილ სააკაშვილი.

ალბათ, ამიტომაც ჰგონია ბევრ ადამიანს, სააკაშვილი გარიგებული ხომ არაა „ქართულ ოცნებასთან“.

- გარიგებული კი არ არიან, კარგად ესმით ერთმანეთის.

 

 

romani უსაფუძვლო და პროვოკაციული განცხადება. ამ ბატონის მოსაზრებებს ზიანის მეტი არაფერი მოაქვს. გახარიას შემთხვევაშიც, მისმა დაუფიქრებელმა პოსტმა, არჩევნების წინ, ხელი შეუწყო გახარიას მიერ ქალაქის მერის არჩევნებში მონაწილეობის მიღების სრულიად დესტრუქციული გადაწყვეტილებას, სხვა ფაქტორებთა ერთად, რა თქმა უნდა.
2 წლის უკან
Katana . ზაქარეიშვილი ამ ავტორის საყვარელი რესპონდენტია.
მეტეორი რომ მოფრინავდეს დედამიწისკენ, მანანა ნოზაძე სასწრაფოდ დაუკავშირდება პაატა ზაქარეიშვილს და გაარკვევს, დაეცემა თუ არა საქართველოს ეს მეტეორი?
2 წლის უკან
tngh ბ-ნო პაატა!!! შენთვის და შენის მსგავსებისტვის აქციეს გმირად ქვეყნის 22%-ის დამკარგავი, და ჯარისა და სტუმრის ფორთხვით მიმტოვებელი პრეზიდენტ-მთავარსარდალი???
2 წლის უკან