ლუის ენრიკე:

ლუის ენრიკე: "მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლით მხრებიდან 100-კილოგრამიანი ტვირთი მომეხსნა"

ესპანეთის ნაკრების მწვრთნელმა ლუის ენრიკემ შვედეთთან გამარჯვების (1:0) შემდგომ კომენტარი გააკეთა. 51 წლის სპეციალისტმა გულშემატკივრის ფაქტორზე, უშუალოდ შეხვედრაზე და 17 წლის გავიზე ისაუბრა.

„ძალიან მაგარი გრძნობაა, როდესაც სტადიონზე გულშემატკივრებს ხედავ. ისინი სასტუმროსთანაც გველოდებოდნენ და ბედნიერი ვარ იმით, რომ ეროვნულ გუნდსა და ქვეყანას შორის ასეთი ერთიანობაა. ამაყად ვგრძნობთ თავს. და ეს მოთამაშეებს თავდაჯერებულობას ანიჭებს და მათ კიდევ უფრო ამბიციურს ხდის.

უშუალოდ შეხვედრა ძალიან დაძაბული იყო, რადგან შვედეთი არის გუნდი, რომლისაც უნდა გვეშინოდეს. ისინი თავს კარგად იცავენ, სივრცეებს კარგად აკონტროლებენ. ძალიან ვამაყობ ესპანეთის ყველა მოთამაშით, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს შესარჩევ ტურში და არა მხოლოდ ისინი, ვინც სევილიაში იყვნენ. ბევრი სირთულის მიუხედავად, ეს ეტაპი გამარჯვებით და წარმატებით დავასრულეთ.

გავის თამაში? მე ავირჩიე 17 წლის ფეხბურთელი, რომელსაც მცირე გამოცდილება აქვს, რადგან გულის სიღრმეში ვიცი, როგორი ფეხბურთელი შეიძლება გახდეს. დიახ, ეს არჩევანი ბევრს აკვირვებს, მაგრამ თქვენ თავად ნახეთ მისი თამაში, ეს ბიჭი მზად არის მაღალ დონეზე ტამაშისთვის.

ბოლო რამდენიმე მატჩში გაცილებით მეტ ზეწოლას ვგრძნობდით, ვიდრე ევროპის ჩემპიონატზე ან ერთა ლიგაზე. მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლით მხრებიდან 100-კილოგრამიანი ტვირთი მომეხსნა“, - ციტირებს UEFA-ს ვებგვერდი ენრიკეს სიტყვებს.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთმა "შვედეთს მორატას ერთადერთი გოლის წყალობით მოუგო, ჯგუფში 19 ქულა დააგროვა და მე-2 ადგილოსან გუნდს 4 ქულით აჯობა. ლუის ენრიკეს გუნდმა მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლა ზედიზედ 15-ჯერ შეძლო.