პორტუგალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ფერნანდუ სანტუშმა სერბეთის ნაკრებთან (1:2) მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ მარცხი მისი პასუხისმგებლობაა, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურს მაინც მოიპოვებენ.
„ვიღაცამ შეიძლება იფიქროს, რომ პორტუგალიის დამარცხება ლოგიკური იყო, მაგრამ ეს ასე არ არის. ანგარიში გავხსენით, სხვა შანსებიც გვქონდა, თუმცა სერბეთმა უკეთ ითამაშა. ბურთის კონტროლი ჩვენს დნმ-შია, მაგრამ ერთადერთი ვინც ამ იდეას იცავდა, ბერნარდო სილვა იყო. შიშით და შფოთვით ვთამაშობდით, ამაზე პასუხისმგებლობა მთლიანად მე მეკისრება.
პლეი-ოფში ჩვენი პერსპექტივები? ყატარში ვიქნებით. ვიცით, რომ ვერ გავაკეთეთ ის, რაც უნდა გაგვეკეთებინა, მაგრამ მუნდიალზე ვიქნებით. პორტუგალია ყოველთვის გამარჯვებისთვის თამაშობს და შეტევაზე ფიქრობს. თუმცა, ყოველთვის არ გამოდის ის, რაც ჩვენ გვინდა და ეს ჩემი პასუხისმგელობაა“, - თქვა სანტუშმა.
შეგახსენებთ, რომ სერბეთის ნაკრებმა ჯგუფში პირველი ადგილი 20 ქულით დაიკავა, პორტუგალიამ კი 17 ქულით მეორე. პლეი-ოფის მატჩები 2022 წლის მარტში გაიმართება.