წინასაარჩევნო ბატალიები სამტრედიაში

წინასაარჩევნო ბატალიები სამტრედიაში

27 აპრილს, სამტრედიელებს კვლავ მოუწევთ პარლამენტში მაჟორიტარი დეპუტატის არჩევა, კახა კალაძის ნაცვლად, რომელიც ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრად დაინიშნა და კანონის თანახმად გამოაკლდა პარლამენტს.

მიუხედავად იმისა, რომ სამტრედიელებმა „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ, ერთხელ უკვე გააკეთეს არჩევანი, რაიონში ისევ დაძაბულ სიტუაციაში მიმდინარეობს წინა საარჩევნო კამპანია. ძირითადად, ერთმანეთს კონკურენციას, კოალიცია „ქართული ოცნებიდან“ გიორგი კახიანი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ემზარ შუბლაძე უწევენ. ახლა უკვე სამტრედიაში როლები შეცვლილია და არასამართლიან საარჩევნო კამპანიაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შტაბის ხელმძღვანელი და ყოფილი გამგებელი ავთანდილ სტურუა საუბრობს.

„თითქმის ყველა დღე ხორციელდება ზეწოლა, ჩვენს აქტივისტებზე. აი, მაგალითად, სოფელ გომის კოორდინატორს, რუსლან ნადირაძეს მიუვარდა პოლიციის თანამშრომელი თავაძე და ულტიმატუმიც კი წაუყენა - თუ არ შეეშვებოდა „ნაციონალურ მოძრაობას“ ბრალდებას შეუთითხნიდნენ და დაიჭერდნენ კიდევაც. სამწუხაროა, რომ პოლიცია უხეშად ერევა საარჩევნო სამზადისში. თუმცა, ჩვენი კანდიტატი ემზარ შუბლაძე ღირსეული პიროვნება და ძლიერი იურისტია, ის სამტრედიელია, რითაც დიდი უპირატესობით სარგებლობს, მან თითოეული სამტრედიელის გასაჭირი იცის და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ“, - ოპტიმისტურ განცხადებას აკეთებს სტურუა.

რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, ის ყოველგვარ ბრალდებას უარყოფს.

სამტრედიის „ქართული ოცნების“ შტაბის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელი, მაია ნუცუბიძე:

„თამამდ ვაცხადებ, რომ მსგავსი ტიპის ბრალდებები უსაფუძლოა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უბრალოდ აღარ იცის როგორ მოიქცეს. ზონდერ ჯგუფებით და პოლიციით მანიპულირება ეს ოქტომბრის არჩევნებზე, „ნაციონალური მოძრაობის“ ილეთები იყო. საბედნიეროდ, ამჟამად ისინი მსგავს ხერხებს ვეღარ მიმართავენ და ერთადერთი, მსგავსი ტიპის განცხადებებით სურთ დაგვიპირისპირდნენ. ისინი გამწარებულები არიან, რადგან ხედავენ, რომ მათი დაშინებული აქტივისტები უკვე „ოცნების“ რიგებშია. მათ ხშირად ჩამოყავთ ცნობილი სახეები, მერაბიშვილი, ბაქრაძე და სხვები ხალხთან შესახვედრად, მაგრამ მათი ყოველი ცდა ამაო იქნება, რადგან სამტრედიელებმა უკვე გააკეთს სწორი არჩევანი. ჩვენი კანდიტატი, იურისტი გიორგი კახიანი, რომელიც წარსულში სახელოვანი მორაგბეც იყო, გვჯერა ღირსეული შემცვლელი იქნება კახა კალაძის“, - ამბობს ნუცუბიძე.

იქნება თუ არა ყოფილი მორაგბე ყოფილი ფეხბურთელის შემცვლელი პარლამენტში, ამ თემაზე სამტრედიელი მოსახლეობა არაერთგვაროვანია, დაპირისპირების თემაც ეს გახლავთ და ქუჩაში ხმამაღალ საუბარს ხშირათ გაიგონებთ, როგორ იცავენ თავიანთ პოლიტიკურ „იდეოლოგიას“. ჩვეულებრივ მოვლენადაც კი იქცა ხელჩართულ ჩხუბი, რომელიმე პარტიის, ან მისი ლიდერის დასაცავად. ფაქტი კი ერთია, მაისურშეცვლილი სამტრედიელები ქალაქში ისევ აქტიურად გამოდიან ქუჩაში და ახლა სხვა პარტიის ლოზუნგებით თამამად ოცნებობენ, რომ ექნებათ სამსახური, გაიაფდება კომუნალური გადასახადები და მოუგვარდებათ საყოფაცხოვრებო პრობლემები...