მიფრინავენ, მიფრინავენ შორს...

მიფრინავენ, მიფრინავენ შორს...

გაზეთი „ალია“ აქვეყნებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებიდან ზოგმა უკვე დატოვა ქვეყანა, ზოგი კი 19 აპრილს, გვიან ღამით მიფრინავს საქართველოდან. გაზეთი ინფორმაციით, მათ გუშინ გვიან ღამით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან დაუკავშირდნენ და ნაციონალების მიერ ქვეყნის მოსალოდნელი დატოვების შესახებ ამცნეს. ქვეყნიდან წამსვლელთა და უკვე წასულთა სია ასე გამოიყურება:

ჩიორა თაქთაქიშვილი 15 აპრილს გაფრინდა პრაღაში. (ჩამოსვლის თარიღი უცნობია);

დავით დარჩიაშვილი 16 აპრილს გაფრინდა პრაღაში – იმყოფება პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად საპარლამენტო დელეგაციაში, (ჩამოსვლის თარიღი უცნობია);

გიორგი ბარამიძე 17 აპრილს გაფრინდა კიევში, ჩამოდის 21.04 (აქციაზე არ იქნება);

გიორგი ვაშაძე მიემგზავრება რიგაში, ჩამოსვლის თარიღი უცნობია;

გიორგი უგულავა – 20 აპრილს გაფრენა პრაღაში (ჩამოსვლის თარიღი უცნობია)

ვახტანგ ნაცვლიშვილი –ვაკის მაჟორიტარი თბილისის საკრებულოში– 20 აპრილს გაფრენა პრაღაში(ჩამოსვლის თარიღი უცნობია);

დავით წერეთელი თბილისის საკრებულოს დეპუტატი ავჭალიდან – 20 აპრილს გაფრენა პრაღაში(ჩამოსვლის თარიღი უცნობია);

ირაკლი დვალი – თბილისის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“– 20 აპრილს გაფრენა პრაღაში(ჩამოსვლის თარიღი უცნობია);

ხვიჩა სანაია – თბილისის საკრებულოს წევრი, ისნის პარტიის თავმჯდომარე – 20 აპრილს გაფრენა პრაღაში(ჩამოსვლის თარიღი უცნობია);

ასევე აეროპორტიდან გაზეთის მიერ მიღებული ამონაწერიდან ჩანს, რომ უგულავასთან ერთად მისი მეუღლე ლელა კილაძე და დედაქალაქის ყოფილი ვიცე-მერი, მამუკა ახვლედიანიც მიემგზავრებიან, მითითებულია რეისის ნომერიც - CSA 35.

გაზეთის ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ ცნობილი სახეები ქვეყნიდან გარბიან, რადგან არ არის გამორიცხული, რომ 19 აპრილის აქციაზე გარკვეულ პროვოკაციას ჰქონდეს ადგილი, მოხდეს შეტაკება და ამიტომაც, ისინი პასუხისმგებლობისგან თავის დაძვრენას ცდილობენ.

გავრცელდა საპარლამენტო უმცირესობის წევრის, გიორგი ვაშაძის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ პრეზიდენტი 19 აპრილის აქციას არ დაესწრება.

როგორც ჩანს, ნაციონალები 19 აპრილის აქციისგან კარგს არაფერს ელიან. აღსანიშნავია, რომ უკანასკნელ დღეებში „ნაციონალური მოძრაობის“ აქციასთან დაკავშირებით სხვადასხვაგვარი ინფორმაციები ვრცელდება. გამოითქვა მოსაზრება, რომ აქციაზე შეიძლება გარკვეული პროვოკაცია მოხდეს და ეს თავად ნაციონალების მიერ იყოს ინსცენირებული, რათა შემდეგ მმართველ გუნდს და მის მხარდამჭერებს დაბრალდეს.

დღეს კი საინფორმაცი სააგენტო „ნიუსპრესმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათ ელექტრონულ ფოსტაზე თბილისის მერიის ყოფილი მაღალჩინოსნის, გია უდესიანის სახელით წერილი მიიღეს, სადაც ნათქვამია, რომ ხვალ აქციაზე ტერაქტია მოსალოდნელი. წერილის ავტორის თქმით, დათა ახალაიასა და ვანო მერაბიშვილისგან დავალებული აქვს საქართველოში კრიმინოგენური ფონის აწევის ილუზიის შექმნის ორგანიზება და ასევე თბილიში19 აპრილის ჩანიშნული მიტინგის პროვოკაცია - ტერაქტი „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ.

„კატეგორიულად ვახადებ, რომ მე ჩემი მხრიდან ვემიჯნები აღნიშნულ ჩანაფიქრს და მხად ვარ დავასახელო ტერაქტის ყველა შემკვეთი და მონაწილე პირი. მე ჩემის მხრივ ვეთიშები „ნაციონალურ მოძრაობას“ და ვაცხადებ, რომ თუ განხორციელდა რაიმე პროვოკაცია, პირადად მე, არანაირი კავშირი ამასთან არ მაქვს. ასევე მინდა გავაფრთხილო საქართველოს მოსახლეობა, რომ იგივე ჯგუფი ამზადებს ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაციასაც. მზად ვარ ყველაფერს მოვფინო ნათელი და ვითანამშრომლო საქართველოს ხელისუფლებასთან“, - ნათქვამია გიორგი უდესიანის სახელით დღეს დილით გავრცელებულ განცხადებაში.

ამასთანავე, უკანასკნელ დღეებში ჩვენ სოციალური ქსელების მეშვეობით ყოფილი ძალოვანების სახელით გავრცელებული არაერთი წერილის მომსწრენი გავხდით, დაწყებული დათა ახალაიასგან და დამთავრებული იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის სახელით გავრცელებული წერილებით. ორივე ამ წერილის თანახმად, მათი ავტორები აპირებენ, ქართული საზოგადოების ყველა კითხვას გასცენ პასუხი, თუმცა ორივე მომხმარებელი, რომელთა მეშვეობითაც ეს წერილები გავრცელდა, facebook-ზე სულ რამდენიმე საათის დარეგისტრირებული იყო.

დათა ახალაიას ადვოკატმა, ირაკლი ზაქარეიშვილმა სამი დღის წინ ახალაიას სახელით გავრცელებული წერილის ნამდვილობა დაადასტურა. მეორე დღეს ახალაიას სახელით მეორე წერილი გავრცელდა, რომლითაც პირველი წერილის ავტორობას დათა ახალაიას სახელით დარეგისტრირებული მომხმარებელი უარყოფდა. მეორე წერილის ნამდვილობა დათა ახალაიას ადვოკატმა კატეგორიულად უარყო.

რა თქმა უნდა, ძნელია იმის გარკვევა, სოციალური ქსელით ვინ ავრცელებს განცხადებას, მართლაც ის ადამიანი, ვისი სახელითაც წერილი ვრცელდება, თუ ვინმე სხვა, თუმცა საინტერესოა თავად ის ფაქტი, რომ ყოფილი მაღალჩინოსნების სახელით ასეთი განცხადებები ვრცელდება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ დათა ახალაიას მიერ გავრცელებულ წერილში ვანო მერაბიშვილს საკმაოდ სერიოზული ბრალდებები აქვს წაყენებული და ახალაიებთან მის დაპირისპირებაზეა საუბარი. გია უდესიანის სახელით გავრცელებულ წერილში კი ნათქვამია, რომ 19 აპრილის აქციაზე პროვოკაციის მოწყობა ახალაიამ და მერაბიშვილმა დაავალეს. ამიტომ ბუნებრივია, ჩნდება კითხვა, ხომ არ ემსახურება წერილების მთელი ამ კასკადის გავრცელება იმ მიზანს, რომ ყურადღება „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებულ დაპირისპირებაზე იყოს გადატანილი და სინამდვილეში ისინი რაიმე პროვოკაციას გეგმავენ, რასაც ხელისუფლების დისკრედიტაცია მოჰყვება. ფაქტია, რომ გარკვეული ძალები, ნაციონალების აქციასთან დაკავშირებით მოსახლეობაში პანიკის დათესვას ცდილობენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების მიერ თვითვმფრინავის დაჯავშნული ბილეთები ბევრ კითხვას ბადებს. იმის გასარკვევად, თუ რა მიზნით ტოვებენ ისინი საქართველოს, ჩვენ მათთან დაკავშირება ვცადეთ, თუმცა უშედეგოდ, ზოგი ტელეფონს არ პასუხობდა, ზოგს კი საერთოდ გამორთული ჰქონდა. ერთადერთი, ვისთან დაკავშირებაც მოხერხდა, თბილისის მერიის პრეს-სამსახურის წარმომადგენელი, თეა შათირიშვილია. ჩვენს კითხვაზე, მიიღებს თუ არა მონაწილეობას თბილისის მერი 19 აპრილის აქციაში, იგი პასუხობს, რომ უგულავას ნაცვლად ამაზე ვერ ილაპარაკებს და არ იცის, დედაქალაქის მერი მივა თუ არა „ნაციონალური მოძრაობის“ აქციაზე. თუმცა თეა შათირიშვილი აცხადებს, რომ 19 აპრილს გიგი უგულავა თბილისში იქნება. რაც შეეხება მის პრაღაში გამგზავრებას, მერიის პრეს-სამსახურის წარმომადგენელი ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ გიგი უგულავა ჩეხეთში თბილისის დღეებზე დასასწრებად მიემგზავრება 20 აპრილს და თბილისში 25 აპრილს დაბრუნდება. ჩვენს კითხვაზე, შედიან თუ არა ქართული დელეგაციის შემადგენლობაში ის ადამიანები, რომლებიც ზემოთ ჩამოვთვალეთ, თეა შათირიშვილმა თბილისის მერიის ოფიციალური ვებ-გვერდისკენ მიგვითითა, სადაც მისი თქმით პრაღაში გასამართი თბილისის დღეების შესახებ ინფორმაციაა მოცემული. თუმცა მერიის საიტზე მხოლოდ იმ კულტურული ღონისძიებების ჩამონათვალია, რომლებიც პრაღაში თბილისის დღეების ფარგლებში გაიმართება. ამის შემდეგ კი თეა შათირიშვილმა ჩვენს სატელეფონო ზარებს აღარ უპასუხა. ამდენად, გაურკვეველი რჩება ვახტანგ ნაცვლიშვილი, დავით წერეთელი, ირაკლი დვალი და ხვიჩა სანაია თბილისის მერიის დელეგაციის ეგიდით ტოვებენ საქართველოს, თუ საკუთარი ინიციატივით, ასევე ისიც გაურკვეველია, უგულავასთან ერთად, მისი მეუღლე, ლელა კილაძე და მამუკა ახვლედიანი რატომ მიემგზავრებიან.