(იბეჭდება შემოკლებით)
ადამიანები ერთმანეთთან არა მხოლოდ მეტყველების მეშვეობით საუბრობენ, არსებობს სხეულის ენა, რომლის მიხედვითაც იმ იდუმალი აზრების და თვისებების წაკითხვა შეიძლება, რომელსაც ადამიანი ძალიან ხშირად მალავს. ჟესტი, მიმიკა და პოზა მოსაუბრეზე უკეთ „ამბობს სათქმელს“, რადგან ჟესტი და პოზა თითქმის არ ექვემდებარება ცნობიერს. სხვადასხვა ენაზე საუბრობენ ქალები და მამაკაცებიც.
უკვე დიდი ხანია, რაც სხეულის ენა მეცნიერთა კვლევის მნიშვნელოვანი თემაა, მასზე დაყრდნობით მსოფლიოს ცნობილი ლიდერების ფსიქოლოგიური პორტრეტებიც იქმნება. როგორ ამოვიცნოთ ადამიანის ხასიათი და ფსიქოლოგიური ტიპი მისი ჟესტების მიხედვით ამის შესახებ ცნობილ ფსიქოლოგს, ბატონ გაგა ნიჟარაძეს გავესაუბრეთ.
- ცნობილია, რომ ადამიანებს შორის ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლა ძირითადად მეტყველების მეშვეობით ხდება, თუმცა ზოგჯერ ადამიანი შიშის, მორიდების ან სხვადასხვა მიზეზების გამო, სრულიადაც არ ამბობს იმას, რასაც ფიქრობს. ძირითადი ენის, ანუ მეტყველების გარდა, ყველა ადამიანს გააჩნია სხეულის ენა, ეს არის ჟესტები, მიმიკა, პოზა. როგორც ცნობილია, სხეულის ენა უფრო კარგად გამოხატავს ადამიანის ნამდვილ ხასიათს, გუნება-განწყობილებას, მის ადგილს და ასე შემდეგ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქტუალური გახდა სხეულის ენის შესწავლა. განსაკუთრებით, ბიზნესსა და პოლიტიკაში გახდა ეს საჭირო, როდესაც ცდილობ, გაიგო მოსაუბრის ნამდვილი მოტივები და ფიქრები, რისი გამომჟღავნებაც მას არ სურს. ძალიან მარტივია ის, რომ თუ ბიზნესპარტნიორი შეხვედრაზე ზის გულზე ხელებდაკრეფილი და ფეხებგადაჯვარედინებული, ეს ნიშნავს, რომ მას სიტუაცია არ მოსწონს და რაღაცისგან თავს იცავს.
შეიძლება ითქვას, რომ არსებობს მიმიკა ან ჟესტიკულაცია, რომელიც მხოლოდ ამა თუ იმ პროფესიის ან თუნდაც, ეროვნების ადამიანებს ახასიათებს.
- პროფესიასთან დაკავშირებით ასეთი რამ არ არსებობს, ეროვნებებთან დაკავშირებით - კი. როგორც გაირკვა, ქალების სხეულის ენაც გაცილებით უფრო მდიდარია, ვიდრე მამაკაცების. საერთოდ არსებობს ჟესტის სამი სახეობა. პირველი - ჟესტი, რომელიც სიტყვის ანალოგია, მაგალითად მაღლა აწეული ცერა თითი, რომ კარგს ნიშნავს. მეორე ფორმაა, საუბრისას ხელების მოძრაობა, რასაც ილუსტრაციული ჟესტი ეწოდება. ეს უკვე კულტურების მიხედვით არის განსაზღვრული, მაგალითად, მექსიკელები და იტალიელები გაცილებით მეტ ჟესტს იყენებენ, ვიდრე - ფინელები. ქართველი შეიძლება, უფრო ექსპრესიული იყოს, ვიდრე, თუნდაც ნორვეგიელი. სამხრეთელ ხალხს უფრო ახასიათებს ჟესტიკულაცია, ამ მხრივ, რეკორდსმენები არიან მექსიკელები. მექსიკელის 180 ჟესტზე, ფინელის ერთი ჟესტი მოდის. ჟესტის მესამე ფორმაა, ნერვიულობის გამომხატველი, როცა ადამიანი აწვალებს თმას ან ფრჩხილებს „მიირთმევს“. ეს ნიშნავს, რომ ადამიანი გაღიზიანებულია ან რაღაც აწუხებს. მიმიკა უფრო მეტად ექვემდებარება ცნობიერ კონტროლს, ვიდრე - ჟესტი და პოზა, ძალიან დიდი ტრენინგი სჭირდება ადამიანს, რომ ჟესტმა და პოზამ არ გაყიდოს. ამ ტრენინგს უტარებენ იმ ადამიანებს, ვისაც ეს სჭირდება, მაგალითად, პოლიტიკურ ლიდერებს, მზვერავებს, აგენტებს, რომლებიც ყველაზე ხშირად იტყუებიან. მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანაში უტარებენ ტრენინგებს გამყიდველებს, თუ როგორ უნდა მიიზიდონ მყიდველი. ეს კარგად მუშაობს, გაღიმებული ოფიციანტი უფრო სასიამოვნო დასანახია. ბევრი ადამიანი ვერც კი წარმოიდგენს, რომ მისმა მიმიკამ შეიძლება, მისი საიდუმლო გასცეს, სხეულის ენა, სერიოზული ინფორმაციის შემცველია.
ქართველი პოლიტიკოსების ცნობილ ჟესტებზე რას იტყვით? ისინი ნიღბავენ საკუთარ ზრახვებს თუ ეს მათ მიმიკებში მაინც ჩანს?
- მე ზუსტად ვერ გეტყვით სწავლობენ თუ არა ქართველი პოლიტიკოსები სხეულის ენას, მაგრამ, ჩემი აზრით, ისინი გადიან ტრენინგს და სწავლობენ არა მხოლოდ იმას, რა უნდა თქვან, არამედ იმასაც, როგორ უნდა თქვან. ძალიან კრიტიკულ სიტუაციაში, სხეულის ენის მიხედვით, კარგად ტრენინგგავლილი პოლიტიკოსიც კი შეიძლება „გაიყიდოს“. ცნობილი ფაქტია, რომ სადამ ჰუსეინის ფსიქოლოგიური პორტრეტი შეიმუშავეს მისი სხეულის ენის დაკვირვებით. ჩერჩილის ერთ-ერთი გამოსვლის დროს, მას თავის წარმოსათქმელი სიტყვაში, გაკეთებული ჰქონდა ასეთი ჩანაწერი: აქ არგუმენტაცია მაინცდამაინც არაა დამაჯერებელი, ამიტომ მეტი ემოციია საჭირო. პოლიტიკოსები ასეთ ხრიკებს ხშირად მიმართავენ. სხეულის ენამ შეიძლება გააფუჭოს ის, რაც არსებითია, რადგან რაც უფრო დაძაბულია საკითხი, რაც უფრო კონცენტრირებულია ადამიანი, მით უფრო ნაკლებ ყურადღებას აქცევს სხეულის ენას. ასეთ დროს პოლიტიკოსი შეიძლება „წამოცდენებშიც“ „გაიყიდოს.“
ერთმა ქართველმა პოლიტიკოსმა, პირში წყალი აქვს დაგუბებულის ნაცვლად, თქვა, პირში სისხლი აქვს დაგუბებულიო, ეს იყო სერიოზული შეცდომა. ერთ-ერთი მოქმედი პოლიტიკოსი, ეტყობა, სხეულის ენას სწავლობს და რეპეტიციებს გადის სარკის წინ, თუმცა ეს მაინცდამაინც არ გამოსდის. მე საფუძვლიანად არ დავკვირვებივარ ჩვენი პოლიტიკოსების ჟესტებს, მაგრამ აშკარად თვალშისაცემია, რომ ბოლო პერიოდებში ძალიან დაძაბულია ნინო ბურჯანაძე, ეს მას ემჩნევა ტუჩის მოძრაობისა და ჯდომის მანერის მიხედვით.
როგორც სხვა პროფესიის ადამიანებში, პოლიტიკოსებშიც ჟესტიკულაცია ძალიან ინდივიდუალურია. ზვიად გამსახურდიას ჟესტიკულაცია თუ გახსოვთ, ის თითქოს ხელით თავისკენ იღებდა რაღაცას. „ჩემები ხართ“ -ნიშნავს, ეს ილუსტრაციული ჟესტიკულაცია, რაც ავტორიტარიზმის ნიშანია. გამორჩეული ჟესტიკულაცია არ ჰქონია ედუარდ შევარდნაძეს.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, ის ძალიან ექსპრესიულია და ქოლერიკული ტემპერამენტი ახასიათებს, მიდრეკილია უარყოფითი ემოციებისკენ. ამის მაჩვენებელია, მისი თითის ქნევა. რაც შეეხება ცნობილ ეპიზოდს ჰალსტუხთან დაკავშირებით, ეს წმინდა ფროიდისტული ბავშვური ჟესტია. ადამიანი მოხვდა ტრაგიკულ სიტუაციაში და მან ეს ასე ჩათვალა - ჰალსტუხის ღეჭვა ეს არის დედის ჩანაცვლება. გამოუვალ სიტუაციაში არაცნობიერიდან დედის ხატი ამოდის ხოლმე, ღეჭვა, დედის სიყვარულის მონატრებასავითაა.
შეხვედრების დროს სააკაშვილს ყოველთვის ფეხი ფეხზე აქვს გადადებული, ეს უფრო დისკომფორტის, თავის დაცვის გამომხატველი პოზაა. რაც უფრო შეკრული და მოკუნტულია ადამიანი, ეს ნიშნავს, რომ ის დაძაბულია არსებულ სიტუაციაში.
მისი სიარულის მანერაც რამეზე მეტყველებს?
- ეს უფრო იმიჯის შექმნის ილეთია, რომ ის ახალგაზრდა და სხარტია. იმიჯმეიკერობა სერიოზული პროფესიაა, მე არ ვიცი კლინტონმა საქსაფონზე დაკვრა ნამდვილად იცოდა თუ არა, შესაძლოა იმიტომ ისწავლა, რომ ასე იყო საჭირო. მგონია, რომ ასეთივე იყო უფროსი ბუშის გატაცება ფერმერული აქსესუარებით. მე დადგმული მგონია, სცენა, რომელიც ბარაკ ობამას და ბუზს შორის „მოხდა“. დინჯი იმიჯის მქონე პრეზიდენტს, რომელიც კარგად აკონტროლებს საკუთარ თავს, სჭირდებოდა სწრაფი რეაქციის და ემოციის გამოხატვა, რომ გაფრენილ ბუზსაც კი იჭერს.