„სააკაშვილის შიმშილობის პოლიტიკურმა კონტექსტმა აზრი დაკარგა, ილუზიაა, თითქოს შიმშილობის გაგრძელება რაღაც რევოლუციურ პროცესს მისცემს დასაბამს“

„სააკაშვილის შიმშილობის პოლიტიკურმა კონტექსტმა აზრი დაკარგა, ილუზიაა, თითქოს შიმშილობის გაგრძელება რაღაც რევოლუციურ პროცესს მისცემს დასაბამს“

პატიმრობაში მყოფი ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას წყვეტს, თუმცა პირობებს აყენებს. სტრასბურგის დაჟინებულ თხოვნას ყოფილი პრეზიდენტი იმ შემთხვევაში შეასრულებს, თუ მის რეაბილიტაციას მულტიფუნქციური და მაღალტექნოლოგიური კლინიკების მეთოდით ჩაატარებენ.

რატომ გადაწყვიტა სააკაშვილმა შიმშილობის შეწყვეტა? - გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში ყოფნის გამო, თუ უბრალოდ, ეს ფანდი აღარ გამოსდის? შესაძლოა, კერძო კლინიკაში გადაყვანისთვის სავაჭრო სხვა არაფერი დარჩა და ბოლომდე ისევ შიმშილობის ფანდის გამოყენებას ცდილობს? მისმა შიმშილობამ გული ვერც სტრასბურგის სასამართლოს მოულბო და გამოგზავნილ განცახდებაში მესამე პრეზიდენტს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა. იუსტიციის სამინისტროს მიერ გასაჯაროვებულ კადრებშიც კარგად ჩანს, რომ სააკაშვილს შიმშილობის 40 დღის კვალი არ ეტყობა და ბადრაგს წინააღმდეგობას საკამოდ კარგად უწევს. საავარაუდოდ, ნიკა გვარამიას და სხვა ოპოზიციური ლიდერების საუბარი მისი ჯამრთელობის დამძიმების შესახებ აღარ გაჭრის, ამიტომაც სააკაშვილი ნებისმიერ საბაბს გამოიყენებს იმისთვის, რომ შიმშილობის შეწყვეტა გაამართლოს.

„სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ - სწორედ ასე შევიდა განაცხადი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, რომლის ზუსტი შინაარსი ამ დრომდე უცნობია, თუმცა, ცნობილია სტრასბურგის სასამართლოს პასუხი: ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა. ამის შესახებ იმ წერილშია ნათქვამი, რომელიც სასამართლომ იუსტიციის სამინისტროს გაუგზავნა. სტრასბურგის სასამართლომ ასევე თქვა, რომ საქართველოს მთავრობამ უნდა მიაწოდოს სასამართლოს ინფორმაცია ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და უზრუნველყოს ციხეში მისი უსაფრთხოება.

იუსტიციის მინისტრი განმარტავს, რომ სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის დაცვის მხარის მთავარი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

სტრასბურგის სასამართლოს განცხადება ოპოზიციისთვის იმის დასტურია, რომ ევროპულ სასამართლოში სააკაშვილის შიმშილობის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას. ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისთვის ეს ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს მთავრობისადმი გამოხატულ უნდობლობას ნიშნავს.

„ქართული ოცნება“ კი მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებს შიმშილობის თემით პოლიტიკურ სპეკულაციაში ადანაშაულებს. აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, კონკრეტული საქმის შეუფერხებლად წარმოებისთვის, სტრასბურგის სასამართლოსთან თანამშრომლობის მზადყოფნას გამოთქვამენ.

სტრასბურგის სასამართლომ მიხელ სააკაშვილის საჩივარს პრიორიტეტი მიანიჭა და მხარეებს საქმის სრულყოფილი წარმოებისთვის ინფორმაციის 24 ნოემბრამდე მიწოდება დაავალა.

მოძრაობა „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია შიმშილობას არ წყვეტს. მან მადლობა გადაუხადა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მის მიმართ გამოჩენილი გულისხმიერებითვის, თუმცა აღნიშნა, რომ სანამ ქვეყნის მესამე პრეზიდენტს მრავალპროფილურ კლინიკაში არ გადაიყვანენ, შიმშილობას არ შეწყვეტს.

„ის ემორჩილება და გონივრულია მისი ეს გადაწყვეტილება, გამოვიდეთ კრიზისის უმწვავესი ფაზიდან. მე მინდა მადლობა მინდა ვუთხრა ბატონ მიხეილს ჩემს მიერ მომართული სიტყვებისთვის. ნებისმიერი ადამიანის შიმშილი არის მძიმე სანახავი. მე გადაწყვეტილება არ მიმიღია არავის მითითებით.

დღეს, კიდევ ერთხელ, „ოცნების“ ხელშია საბოლოო გასაღები ამ კრიზის განმუხტვის. სანამ მიხეილ სააკაშვილი არ იქნება სამოქალქო კლინიკაში, არ ვწყვეტ შიმშილობას“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილება შიმშილი შეწყვიტოს, პოლიტიკურადაც და მორალურადაც გამართლებულია. თუმცა ეს გარკვეული დათქმების გარეშე უნდა გააკეთოს. ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება მის კერძო კლინიკაში გადაყვანის გადაწყვეტილებას არ მიიღებს, რადგანაც ძალიან ბევრი რისკები არსებობს, რისი თავიდან არიდებაც ძალიან რთული იქნება.

„ამ 30 წლის განმავლობაში უამრავი შიმშილობა მინახავს, მაგრამ ასეთი შიმშილობა არ მინახია და არც ფატალური შედეგი დამდგარა. კი ბატონო, მივესალმები იმას, რომ მან შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო, ეს პოლიტიკურადაც და მორალურადაც სრულიად გამართლებულია - ადრე თუ გვიან, ის შიმშილობას შეწყვეტდა, არა აქვს მნიშვნელობა რა მოტივით, მაგრამ აუცილებელია, რომ ეს გააკეთოს. სააკაშვილის შიმშილობა და ცუდად ყოფნა პირველს, ვისაც ხელს არ აძლევს, ეს ხელისუფლებაა. ნებისმიერ ვარიანტში ეს მთავრობის პასუხისმგებლობის თემაა.

რაც შეეხება მის დათქმებს, მგონია, რომ ამას ხელისუფლება არ შეასრულებს და კერძო კლინიკაში არ გადაიყვანენ. არსებული რეალობა უნდა გავითვალისწინოთ, რადგან სააკაშვილის გადაყვანა ძალიან დიდი რისკია. შესაძლოა, ოპოზიციის ლიდერებმა გადაყვანისას სააკაშვილზე ან სასამართლოზე თავდასხმა არ მოახდინონ, მაგრამ შესაძლოა 5-მდე რადიკალურად განწყობილმა ადამიანმაც კი მოახერხოს, რომ ძალიან დიდი პროვოკაციაში ქვეყანა ჩაითრიოს. ეს შეიძლება იყოს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი, რათა ქვეყანაში არეულობა დაიწყოს. ამიტომაც ამ რისკზე ხელისუფლება არ მიდის და ლოგიკურიც არის“, - ამბობს ძაბირაძე for.ge-სთან.

მისივე თქმით, კერძო კლინიკაში უსაფრთხოების უზრუნველყოფო ძალიან რთული იქნება. სწორედ ამიტომ გადაწყდა, რომ ის პენიტენციური დაწესებულების სამკურნალო განყოფილებაში გადაეყვანათ. ძაბირაძე ამბობს, რომ თუკი ოპოზიციას მართლა რაღაცის მიღწევა უნდა, ტაქტიკა სრულიად სხვაგვარად უნდა დაგეგმოს.

„ხელისუფლებამ რომ სააკაშვილი კერძო კლინიკაში გადაიყავნოს, ამას ოპოზიცია მოგებად ჩათვლის. იტყვის, რომ „ოცნებას“ უკან დაახევინა. ეს ისეთი სისტემაა, რომ მაშინ მთელი პოლიტიკა ცალკე უნდა ააგოს. დარწმუნებული ვარ, „ოცნებას“ არც მაგის სურვილი და არც რესურსი აქვს, რომ ეს სისტემა სრულიად გადააწყოს, ისევე, როგორც ამის სურვილი თავის დროზე „ნაციონალებს“ არ ჰქონდათ. სააკაშვილი დღეს ყველას სამიზნეა, რადგანაც მისი გარდაცვალება ქვეყანაში არასტაბილურ ვითარებას გამოიწვევს. ხელისუფლება ამ რისკზე არ წავა და ლოგიკურიც არის“, - ამბობს ძაბირაძე for.ge-სთან.

რა იყო სააკაშვილის შიმშილობის მიზანი და მოიტანა თუ არა ამან კონკრეტული შედეგი ოპოზიციისთვის?

პოლიტიკის ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი for.ge-სთან მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის ფაქტორმა არჩევნების დროს გრეკვეული როლი შეასრულა, რადგანაც ენმ-ის ამომრჩევლის მობილიზება მოახდინა, თუმცა ამან მაინც ვერ უშველათ. მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც მათ გასამარჯვებლად სჭირდებოდათ, მიშას ფაქტორი არ აინტერესებს. ამიტომაც მისმა შიმშილობამ ვადა და პოლიტიკური კონტექსტიც ამოწურა.

„სტრატეგია, რაც მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ მაქსიმალურ კონსოლიდაციას გულისხმობდა, მცდარი აღმოჩნდა. უკეთესი იყო ნიკა მელიას სტრატეგია, რომელიც ორიენტირებული იყო იმ ამომრჩევლის მოზიდვაზე, რომლისთვისაც მიხეილ სააკაშვილი მესია არ არის და, მეტიც, რომელიც სააკაშვილს კრიტიკულად უყურებს. მელიას რომ მისცემოდა საშუალება პოზიტიური დღის წესრიგის ფორმირებისათვის, რომელიც გახსნიდა გზას იგივე გიორგი გახარიას, ანა დოლიძის და სხვების ამომრჩევლებისკენ, ამ შემთხვევაში, მეორე ტურებში უფრო უკეთესი შედეგის მიღება შეიძლებოდა. შესაბამისად, სააკაშვილის შიმშილობის პოლიტიკურმა კონტექსტმაც აზრი დაკარგა. არჩევნების შემდეგ მიხეილ სააკაშვილის შიმშილობას აღარ აქვს პოლიტიკური განზომილება. ამიტომ ლოგიკურია და სჯობია, რომ შეწყვიტოს.

ახლა არჩევნების შემდეგ ეს არის როგორც წმინდა ჰუმანიტარული, ასევე სახის შენარჩუნების საკითხი. ილუზიაა, თითქოს შიმშილობის გაგრძელება რაღაც რევოლუციურ პროცესს მისცემს დასაბამს. ჩვენი მოსახლეობა მას, როგორც მეწამულს და ტანჯულს, ვერ აღიქვამს. ამიტომ ამის წინაპირობები ქვეყანაში და საზოგადოებაში არ არსებობს. რაღაც პოლიტიკურ დივიდენდებს შიმშილობის გაგრძელება აღარ მისცემს“, - ამბობს ხუხაშვილი.

mamago კუჭიში რომ შეიკრას დაელოდები როდის გაიყვანენ?!
2 წლის უკან