„კვარაცხელია საქართველოს გმირი... და ესპანეთისაც“ - ასე ეხმაურება წამყვანი ესპანური სპორტული გამოცემა Marca მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში საქართველოს ნაკრების მიერ შვედეთის ნაკრების დამარცხებას.
„საქართველომ და განსაკუთრებით კვარაცხელიამ (რომელმაც თბილისში ესპანეთს გოლი გაუტანა) ესპანეთს დახმარების ხელი გაუწოდა. გასაკვირი გამარჯვება შვედეთთან, რომელმაც მატჩის მოსაგებად ყველაფერი გააკეთა“, - წერს ესპანური გამოცემა.
საქართველოს ნაკრებმა შვედეთის დამარცხებით ესპანეთს შანსი მისცა, ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდეს. ამისათვის ესპანელებს დღეს საბერძნეთში მოგება და ბოლო ტურში შვედებთან ფრედ თამაშიც აწყობთ.
მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში საქართველოს ნაკრებმა შვედეთი 2:0 დაამარცხა. ორივე გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა.