„კვარაცხელიამ ზლატანის შვედეთი დაამარცხა“ - ასე ეხმაურება წამყვანი იტალიური სპორტული გამოცემა La Gazzetta dello Sport-ი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში საქართველოს ნაკრების მიერ შვედეთის ნაკრების დამარცხებას.
„სულ რაღაც 20 წლის ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს ნაკრების ლიდერი გახდა. ეს ტალანტი, რომლითაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში „მილანი“ ძლიერ იყო დაინტერესებული, ევროპული გრანდისგან მოწვევას ელოდება. ამაღამ ხვიჩა კვარაცხელიამ ორი გატანილი გოლით შვედეთი გაანადგურა, რითაც ესპანეთს შესაძლებლობა მისცა, პირველი ადგილი დაიკავოს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფში“, - წერს იტალიური გამოცემა.
La Gazzetta dello Sport-ი აღნიშნავს, რომ შვედეთის ნაკრების კარში გატანილი ორი გოლის შემდეგ, ევროპაში ხვიჩა კვარაცხელიაზე კვლავ ალაპარაკდებიან და ამ კონტექსტში „მილანს“ ყურადღება უნდა მიექცეს.
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში საქართველოს ნაკრებმა შვედეთი 2:0 დაამარცხა. ორივე გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა.