„გვარამიამ აუხსნას თავის მაყურებელს, რა უნდა გააკეთოს ბადრაგმა, როდესაც პატიმარი მას არ ემორჩილება? - არავის საქმე არ არის პენიტენციური სისტემა პატიმარს სად წაიყვანს“

„გვარამიამ აუხსნას თავის მაყურებელს, რა უნდა გააკეთოს ბადრაგმა, როდესაც პატიმარი მას არ ემორჩილება? - არავის საქმე არ არის პენიტენციური სისტემა პატიმარს სად წაიყვანს“

სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში შესახლებიდან დღემდე, მიხეილ სააკაშვილს 179 ვიზიტორი ჰყავდა. იგი, ექიმების მხრიდან, 24-საათიანი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. ასევე, მას საკანში შესახლებისთანავე, ზუსტად ორ დღეში, მათ შორის არასამუშაო დღეებში, დაუმზადდა საბანკო ბარათი. ყველაფერი ეს ადასტურებს, რომ ექს-პრეზიდენტი პრივილეგიებით სარგებლობს.

ამის მიუხედავად დაცვის მხარე და კერძოდ, ნიკა გვარამია ამტკიცებდა, რომ პატიმარი სააკაშვილი ძალადობის მსხვერპლი გახდა, როდესაც რუსთავის N12 დაწესებულებიდან მოხდა მისი გადაყვანა გლდანის N18 ბრალდებულთა და მსჯავრდადებულთა სამკურნალო დაწესებულებაში. როგორც გვარამია ამბობდა, ბადრაგის სამსახურმა სააკაშვილი თმებით ათრია და ისე შეიყვანა საკანში.

ნიკა გვარამია რომ მიზანმიმართულად და შეგნებულად იტყუებოდა, ამის დასამტკიცებლად პენიტენციურმა სამსახურმა N18 ბრალდებულთა და მსჯავრდადებულთა სამკურნალო დაწესებულებაში პატიმარ მიხეილ სააკაშვილის შესახლების, პალატაში განთავსების კადრები გაავრცელა. კადრებში ნათლად ჩანს, სააკაშვილი როგორ არ ემორჩილება დაწესებულების თანამშრომლების კანონიერ მითითებებს, იქცევა აგრესიულად. ასევე ჩანს სააკაშვილის მიერ დაწესებულების თანამშრომლების მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების და სამედიცინო ტექნიკის დაზიანების ფაქტი.

პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში, რომელიც რეანიმობილშია გადაღებული, სააკაშვილი ამბობს, რომ საკუთარი ნებით მანქანიდან არ ჩავა და ითხოვს რუსთავის ციხეში დააბრუნონ.

„არ ვცნობ არც ერთ პროცედურას, ჩემი ნებით არ გადმოვალ. ადვოკატები და ოჯახი აქ მოვა... რას აცნობებთ? თქვენ ხართ დიქტატორის მსახურები“, - მიმართა მიხეილ სააკაშვილმა პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს, რომლებიც მას მოუწოდებდნენ, დამშვიდებულიყო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანაში წამოწოლილიყო.

მიხეილ სააკაშვილი: „არსად წამოვწვები და არაფერს არ გავაკეთებ. მე თქვენ არ გესალმებით. თქვენ ხართ პუტინის მონა. რას ნიშნავს დავმშვიდდე? პუტინის ბრძანებას ასრულებთ. არ დავმშვიდდები, ივანიშვილის ლეკვო. ახლავე უკან წამიყვანეთ, რუსთავის ციხეში! კარგად მომისმინეთ, არც ერთ ნაბიჯს არ გადავდგამ ჩემი ფეხით, არც ერთ სამედიცინო პროცედურას არ ჩავიტარებ, არ დავმშვიდდები! თქვენ ახლა პუტინის ბრძანებას ასრულებთ. ნამდვილი, უკანასკნელი ნაძირლები ხართ! თქვენ ადამიანები არ ხართ, მკვლელი ხართ, თქვენს შვილთაშვილებს გაყვება ის, რომ მკვლელი ხართ. ყველანი მკვლელები ხართ! აქედან ჩემი ფეხით არ ჩამოვალ. უკან წამიყვანეთ რუსთავის ციხეში!“

- „ნუ ჩხუბობთ, დამშვიდდით, ეს დროებითია, ჩვენზე ძალიან არავის უნდა თქვენ ჯანმრთელი იყოთ, ამას სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით“, - მიმართა სააკაშვილს პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა, რაზეც სააკაშვილმა უპასუხა:

- „თქვენი ლაპარაკი, თქვენი პოზიცია საერთოდ არ მაინტერესებს. თავი დამანებეთ! არ მინდა თქვენისთანა ჯალათი ჯანმრთელი იყოს, თავი დამანებეთ! პუტინის ჯალათი შენ ხარ, ჩასისხლიანებული თვალებით“, - რაზეც პასუხად მიიღო: „არ ვარ პუტინის ჯალათი, უძილო ვარ, არავინ მოგცემთ უფლებას, გარდაიცვალოთ, დამშვიდდით!“.

- „შენ პუტინის ნაძირალა ჯალათო, შენ ნაძირალა მკვლელო! მითხარით, რა ჰქვია ამ ნაძირალას. თქვენ ვინ ჩემი ფეხები ხართ, რომ დაგემორჩილოთ“, - არ ცხრებოდა სააკაშვილი, რის შემდეგ საბადრაგო სამსახურმა ის იძულებით გადმოიყვანა რეანიმობილიდან.

ყოფილი პრეზიდენტი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. პატიმრობაში მყოფმა სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. სააკაშვილის ადვოკატები და სახალხო დამცველი ყოფილი პრეზიდენტის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვენ, იუსტიციის სამინისტრო კი აცხადებს, რომ N18 სასჯელაღსრულების სამკურნალო დაწესებულებაში სააკაშვილის მკურნალობისთვის ყველა აუცილებელი პირობა არსებობს. 6 ნოემბერს პენიტენციურმა სამსახურმა გაასაჯაროვა იმ პროდუქტების ამსახველი ფოტომასალა, რომლებითაც პატიმარი სააკაშვილი იკვებებოდა.

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, გადაწყვეტილებას, რომელ სამკურნალო დაწესებულებაში მოათავსებენ მიხეილ სააკაშვილს, იღებს პენიტენციური სამსახური და არა თავად სააკაშვილი. მინისტრის განცხადებით, სააკაშვილმა იცოდა, რომ კლინიკაში, სამკურნალო დაწესებულებაში გადადიოდა, თუმცა, მინისტრს არ დაუზუსტებია, მიაწოდეს თუ არა მას ინფორმაცია გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანასთან დაკავშირებით.

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ტერმინ „გატაცებას“ ხელისუფლების ოპონენტები შეგნებულად ამკვიდრებენ და უნდათ, რომ საზოგადოებრივ ცნობიერებაზე მოახდინონ მავნე ზეგავლენა, დაარწმუნონ საზოგადოება თითქოსდა, ხელისუფლებამ ვინმე გაიტაცა.

„კადრებში ნაჩვენებია შესახლების ფაქტი. ეს კადრები აჩვენებს საზოგადოებას, როგორ იტყუება ერთ-ერთი ადვოკატი, თითქოსდა რეანიმობილი გაჩერდა 30 მეტრის მოშორებით პენიტენციური დაწესებულებიდან. ასევე, ეს კადრები აჩვენებს თუ როგორ მიაყენა პატიმარმა ფიზიკური შეურაცხყოფა ჩვენს თანამშრომელს და ასევე როგორ დააზიანა სამედიცინო ტექნიკა. მან იცოდა, რომ გადადიოდა კლინიკაში და სამკურნალო დაწესებულებაში. გადაწყვეტილებას, სად, რომელ პენიტენციურ დაწესებულებაში იქნება ის გადაყვანილი, იღებს არა პატიმარი, არამედ იღებს სპეციალური პენიტენციური სამსახური მისი ჯანმრთელობის და უსაფრთხოების ფაქტორებიდან გამომდინარე“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

მიუხედავად იმისა, რომ კადებში არ ჩანს ძალადობის ფაქტები, ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი აცხადებს, რომ არ არსებობს ქვეყანა, სადაც პატიმარი იძულებით გადაჰყავთ სამკურნალო დაწესებულებაში და მით უმეტეს ამ ფორმით.

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, ხელისუფლების მიზანია მიხეილ სააკაშვილმა მიმართოს შიმშილობაზე უფრო რთულ პროტესტის ფორმას.

„ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, სამინისტრომ გამოაქვეყნა კადრები, რომელზეც ასახულია, თუ როგორ ხდება ძალადობა სააკაშვილზე, სადაც მას შემოხეული აქვს ტანსაცმელი. რეალურად, ცხადია, რომ ამ კადრების გავრცელებით ხელისუფლების მიზანი იყო სააკაშვილის ღირსების შელახვა. ამის უკან მდგომი მიზანია, რომ სააკაშვილმა არა თუ შეწყვიტოს შიმშილობა, არამედ კიდევ უფრო გაამკაცროს პროტესტის მძიმე ფორმა, დაკავების დღიდან ის შიმშილობს.

იუსტიციის მინისტრმა ისაუბრა, რომ ერთი დაწესებულებიდან მეორეში გადავიყვანეთო. რეალურად, მოხდა სააკაშვილის გადაყვანა სამკურნალო დაწესებულებაში. გინახავთ ერთი ქვეყანა მაინც, სადაც ნებისმიერი ადამიანი, მათ შორის პატიმარი, იძულებით გადაჰყავდეთ სამკურნალო დაწესებულებაში და იმ ფორმით, რა ფორმითაც ეს განხორციელდა?! - ეს არის არაჰუმანიზმის გამოვლინება და სიბოროტე, რასაც ხელისუფლება დიდი ხანია უკვე ავლენს“, - განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ფიქტიური თავმჯდომარე, ნიკა მელია ფიქრობს, რომ ეს არის შურისძიება საქართველოს ერთ შვილზე, რომელმაც ამ ქვეყნისთვის ბევრი რამ გააკეთა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, კადრებში ჩანს ერთი დატყვევებული ადამიანის წინააღმდეგ ძალადობა.

„ადამიანს პროცესზე არ ასწრებენ, არ აძლევენ შესაძლებლობას და უფლებას სატელეფონო ზარები განახორციელოს. „ა“ პუნქტიდან „ბ“ პუნქტში გადაყვანისას იტაცებენ, მასზე ძალადობს სისტემა და იმის შიშით, რომ არ გაუვრცელდეს კადრები, სადაც აღბეჭდილია ძალადობა და ასევე, სტრასურგის სასამართლომ არ მოსთხოვოს მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხეში ძალადობით შეყვანის კადრების გასაჯაროება და მიწოდება, მათთვის მტკივნეული დილემა გადაწყვიტეს ისე, როგორც გადაწყვიტეს და მოუწიათ გასაჯაროვება. საქართველოს მესამე პრეზიდენტზე ივანიშვილი ძალადობს და შურისძიებას ახორციელებს. არ იქნება მოსვენება. ეს რეჟიმი მეთოდურად ჩამოინგრევა, მშვიდობიანად“, - აცხადებს ნიკა მელია.

პარლამენტის ვიცე-სპიკერ გია ვოლსკი ამბობს, რომ კადრები აუცილებლად უნდა გასაჯაროებულიყო, რადგან საზოგადოებამ იცოდეს, რა მოხდა რეალურად.

„იქ არ იყო თმებით თრევა, არ იყო მუშტი-კრივი და არ იყო ფიზიკური შეურაცხყოფა, რაც იმ ციხეებში, რომელსაც თავად მიხეილ სააკაშვილი განაგებდა, ჩვეულებრივი ამბავი იყო. როდესაც პატიმარი წინააღმდეგობას სწევს, იქნება ეს სააკაშვილი თუ ნებისმიერი სხვა, მისი ამ მეთოდით შეყვანა დასაშვებია, თუმცა სასიამოვნო საყურებელი ნამდვილად არ არის. ეს არის მოცემულობა, რასაც თავისი სამართლებრივი ნაწილი გააჩნია. ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ, რომ მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში გადაყვანის თაობაზე მოატყუეს - არავინ იცის, რა გარემოება იყო, შეიძლება დათანხმდა და შემდეგ სწორედ ეს გაითამაშა, რაც მისგან სავსებით მოსალოდნელია“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

სამედიცინო ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი, რომელმაც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს თავად ნახა ქართული ციხე, ამბობს, რომ გავრცელებული კადრები არ ასახავს ძალადობას და ციხეს აქვს წესები, რომელსაც პატიმარი უნდა დაემორჩილოს. წინააღმდეგ შემთხვევაში მას ემატება სასჯელი.

„სააკაშვილი არის იურისტი და ეს ყველაფერი გადასარევად იცის. არ მინდა შევადარო სააკაშვილისდროინდელი ციხე დღევანდელს, მაგრამ ზუსტად ვიცით, რა იყო მაშინ და რა არის დღეს. მაშინ მთლიანად დახურული იყო სისტემა. პატიმარს რისი უფლება ჰქონდა და რისი არა, ამაზე 300 ათასი ადამიანი საუბრობს, ბევრი ვერ საუბრობს, იმიტომ, რომ ცოცხალი არ არის. ბადრაგის სამსახურს ეუბნება თვალები რატომ გაქვს ჩაწითლებულიო. ადამიანს სტერეოტიპურად წარმოუდგენია ის, რომ თუ ადამიანს თვალები აქვს ჩაწითლებული ე.ი. ის მკვლელია. ის ადამიანი მორიდებით პასუხობს, რომ ღამენათევი ვარო. წარმოგიდგენიათ სად ვართ!

მეორე - არ ჩამოვალ, ამას ამბობს არა ვიღაცა, არამედ ამას ამბობს იურისტი, ქვეყნის მესამე პრეიზიდენტი, რომელიც სარეჟიმო დაწესებულებაში ეჩხუბება ბადრაგს. ამით დამთავრდა მისი იურისტობა, პრეზიდენტყოფილობა და ყველაფერი, როდესაც ელემენტარულად არ იცის, რომ ბადრაგის სამსახური არის ბრძანების შემსრულებელი. ისინი ასრულებენ ისტრუქციას და მათ ეძახის ეს კაცი პუტინის ჯალათებს, მკვლელებს, ნაძირლებს. შუა რგოლს მიაყენა შეურაცხოფა, ბადრაგს ურტყა. არ არის ეს კაცი ჯანსაღი. არავითარი წამება ეს არ არის. ყველა წესით დაცვით, ასეთი ზეკორექტული ძალადობა მე არ მინახავს, მაგრამ ფსიქიატრიულში მინახავს. ასეთი მძიმე თუ იყო მისი ფსიქიკური მდგომარეობა, მეც კი არ ვიცოდი“, - ამბობს მაია ნიკოლეიშვილი.

for.ge-სთან საუბრისას მაია ნიკოლეიშვილი იხსენებს როგორ მოხდა დილის 5 საათზე მისი დაკავება და როგორ დაატარებდნენ ნიღბიანები ჯერ პოლიციის შენობაში, შემდეგ კი მიტოვებულ პარკში.

„ესენი არიან ადამიანები, რომლებიც მოდელირებულ დანაშაულებს დგამდნენ. ჩემი დაკავება იყო ამის მაგალითი. დილის 5 საათზე 30 სპეცრაზმელი მოვიდა სახლში. ერთი ღობეზე ხტება, მეორე უკან მოჰყვება და ეს ავტომატიანი უკან იხედება და თანხმლებს ეუბნება - ხომ მიღებო? შემოდიან საძინებელში, სადაც მე და პატარა ბავშვი ვიყავით, ავტომატს მინათებს. თავიდან ყაჩაღი მეგონა, ვუთხარი - რა გინდათ, ბავშვი არ შემიშინო-თქო და ამ დროს მეუბნება, რომ თქვენ ხართ ბრალდებულიო, რაზეც ვუპასუხე - კიდევ კარგი, ყაჩაღები არ ხართ-თქო.

დილის 5 საათზე ოჯახს რომ უვარდები, მძინარე ბავშვს და ქალს ავტომატით უნათებ და ლოგინიდან აყენებ, ეს ადამიანურია? შემეკითხა ვინმე სად უნდა წავეყვანე? როცა ვკითხე სად მიგყავარ-თქო, ერთმა მიპასუხა - ნახავ მალეო. ავედით ძველი თბილისის პოლიციის განყოფლებაში, დაახლოებით 2 საათი მეჯდა ნიღბიანი, ავტომატიანი კაცი, რომელიც მიკითხავდა როგორ უყვარს სამშობლო და მე როგორ ცუდად ვიქცევი. ამის მერე მივყავართ ტრამვაი-ტროლეიბუსების მიტოვებულ პარკში, არავინ არ მეუბნება იქ რა მინდა. უამრავი სპეცრაზმელი და მე ვართ მარტო. კითხვაზე პასუხს არ მაძლევდნენ. შემდეგ შორიდან ვნახე მაია თოფურიას თმის ნაწნავი, აი მაშინ ამოვისუნთქე. წარმოიდგინეთ, ჩვენს თავზე დაფრინავდა ვერტმფრენები. გამაგებინოს ვინმემ, რატომ დაფრინავდა ვერტმფრენები? ეს ხომ იყო შოუ! ეს არ არის წამება?! ამის მერე ვინმეს ენა მოუბრუნდება და იტყვის, რომ სააკაშვილის სააკანში შეყვანა არის წამება?!“, - აცხადებს მაია ნიკოლეიშვილი.

ანალიტიკოსის ვახტანგ ძაბირაძის განცხადებით, როდესაც სააკაშვილმა უარი თქვა დამორჩილეობოდა საბადრაგო სამსახურს, ასეთ შემთხვევაში როგორ უნდა მოქცეულიყო ბადრაგი? მისი თქმით, უმჯობესი იყო ეს კადრები არ გავრცელებულიყო, მაგრამ ამას აქვს მეორე მხარე - კადრები რაც საზოგადოებამ ნახა, სრულიად აცდენილია იმას, რაზეც ოპოზიცია ლაპარაკობს.

„თმებით ათრიეს... 30 მეტრი ახოხიალეს და ა.შ. ვნახეთ, რომ ეს იყო სიცრუე. ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ უმჯობესია ხალხმა ნახოს, რა ხდებოდა რეალურად და რამდენად აცდენილია რეალობას ოპოზიციის განცხადება. იცით რა, პატიმარს აქვს შეზღუდული უფლებები, როცა არ ემორჩილება ბადრაგს, მან უნდა იმოქმედოს კანონის შესაბამისად. სააკაშვილის შემთხვევაში უკანონო გააკეთეს რამე? - არა. რა თქმა უნდა, ესტეთიური არ არის, ვის მოსწონს ასეთი კადრების ხილვა, მაგრამ სხვა გამოსავალი არ იყო. ჩვენ უნდა გამოვიდეთ კანონიდან, რამდენად სწორია მოპყრობა და რამდენად არის კანონთან შესაბამისობაში. არის კიდევ მეორე ფაქტორი, 40-დღიანი შიმშილობის ფონზე საკმაოდ ჯანზეა მოშიმშილე სააკაშვილი“, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.

როგორც ანალიტიკოსი აცხადებს, სასჯელაღსრულების უწყების მიერ გავრცელებული კადრები არ გამოდგება საიმისოდ ამტკიცონ, რომ პრეზიდენტი ძალადობის მსხვერპლია.

„ვინც ლაპარაკობს, რომ ეს არის ძალადობა, მაშინ ისიც თქვას - პატიმარი, რომელიც არ ემორჩილება საბადრაგო სამსახურს, ასეთ შემთხვევაში ბადრაგი როგორ უნდა მოიქცეს? თუ მიაჩნიათ, რომ კანონი არ არის გამართული და უფრო ჰუმანური უნდა იყოს, მაშინ თვითონ არიან პარლამენტში და მიიღონ კანონი. გვარამიამ აუხსნას თავის მაყურებელს, რა უნდა გააკეთოს ბადრაგმა, როდესაც პატიმარი მას არ ემორჩილება.

ასევე, არავის საქმე არ არის პენიტენციური სისტემა პატიმარს სად წაიყვანს. როდის იყო პატიმარს უთანხმებდნენ რომელ საკანაში უნდა იყოს. თუ პატიმარს იმის უფლება აქვს რომელ საკანში იყოს და რა რეჟიმში, მაშინ გამოდის, რომ ეს ციხე არ არის. ამიტომ, ოპოზიციის განცხადებები მათ საწინააღმდეგოდ მუშაობს და არა მათ სასიკეთოთ. თუ მათ ასე უნდათ ხელისუფლებაში მოსვლა, გაუჭირდებათ. სხვაგვარი ტაქტიკა სჭირდება ოპოზიციას იმისათვის, რომ ამომრჩეველი მიიმხროს. ესენი ყველაფერს პირიქით აკეთებენ“, - განაცხადა for.ge-სთან საუბრისას ვატანგ ძაბირაძემ.

 

Maverick საოცრად მძიმედ დაერხათ მიშარასტებს, ნაცარასტებს და ნაცმიდრეკილებს მიშმაკური შიმშილობის ბლეფის გამო.

ნაცბოზბანდავ გაიგეთ, შეიგნეთ!

ყველა ქართველს ღალატი, არაკაცობა და სიცრუე ეზიზღება!

ქართველს ღალატის, არაკაცობის, სიცრუის საწინააღმდეგო ვაქცინა ჩასახვისთანავე უკეთდება!!!
2 წლის უკან
არაგველი641 შიმშილობისგან სულ "ჩამომხმარა" ეს კაცი!
2 წლის უკან