გუშინ საღამოს გამოცემამ „Sport.es” საინტერესო ცნობა გამოაქვეყნა.
ცნობილი გახდა, რომ კატალონიური „ბარსელონას“ ხელმძღვანელობამ გუნდის ამჟამინდელ მთავარ მწვრთნელ ტიტო ვილანოვას ახალი ერთწლიანი ხელშეკრულება შესთავაზა. ბატონ ტიტოს ძველი კონტრაქტი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ უსრულდება.
გუშინ ვილანოვა ესპანურ გამოცემას ესაუბრა და განაცხადა, რომ 2013 წლის ზაფხულში „ბარსას“ მოთამაშეთა ნახევარი დატოვებს.
ვილანოვას გადაწყვეტილი აქვს, რომ ახალ სეზონში კლუბის ახალგაზრდული შემადგენლობის წარმატებული ფეხბურთელები დააწინაუროს და მათ ძირითად გუნდში თამაშის შესაძლებლობა მისცეს.
დაუზუსტებელი მონაცემებით, კატალონიურ კლუბს დაახლოებით 14 მოთამაშე დატოვებს. უკვე ცნობილია იმ ოთხი ფეხბურთელის ვინაობა, რომლებიც გუნდს მომავალში აღარ დაეხმარებიან.
ვიქტორ ვალდესი, ბოიან კრკიჩი, იბრაჰიმ აფელაი და ისააკ კუენკა „ბარსას“ ოფიციალურად გამოემშვიდობებიან. დიდი ალბათობით მათ რიცხვს დავიდ ვილია და ჩილელი ალექსის სანჩესიც შეუერთდებიან. დანარჩენი წამსვლელი ფეხბურთელების ვინაობა ცნობილი მოგვიანებით გახდება.