„ავღანეთში ვართ ჩვენ და არა ევროკავშირში. ამიტომ, ნუ მოვიტყუებთ თავს - ხალხს არ უნდა მეტი დემოკრატია, ხოლო, ხელისუფლება და ოპოზიცია ამით კარგად მანიპულირებს“

„ავღანეთში ვართ ჩვენ და არა ევროკავშირში. ამიტომ, ნუ მოვიტყუებთ თავს - ხალხს არ უნდა მეტი დემოკრატია, ხოლო, ხელისუფლება და ოპოზიცია ამით კარგად მანიპულირებს“

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პენიტენციური სამსახურის მე-8 (გლდანის) დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ, ქვეყანაში სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, მიზეზად პატიმრების მიერ ატეხილი ხმაური მოჰყავთ, რაც სააკაშვილის ციხეში გადაყვანას მოჰყვა. პოლიტტექნოლოგიებსა და პოლიტიკურ ხრიკებში გაწვრთნილი ნაციონალები, აშკარად კარგად მართავენ სიტუაციას. უკვე ერთი თვეა, ქვეყანა სააკაშვილის მენიუს გაცნობით და მისი ანალიზების გარჩევით ცხოვრობს. სამწუხაროდ, „ნაციონალური მოძრაობის“ ამ თამაშს, სიამოვნებით აჰყვა ხელისუფლრებაც, რამაც ქვეყანაში არსებული ისედაც მძიმე კოვიდვითარება კიდევ უფრო დაამძიმა, პრემიერ-მინისტრის მიერ დაანონსებული არნახული ეკონომიკური ზრდაც ტრადიციულად ღიმილს იწვევს, საერთაშორისო იმიჯი კი ფაქტობრივად, განადგურებულია. სააკაშვილს მრავალრიცხოვან გულშემატკივართა შორის არის ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტიც, რომელიც სპეციალურად გავრცელებულ განცხადებაში ამბობს, რომ ყურადღებით აკვირდებიან სააკაშვილის გარშემო განვითარებულ მოვლენებს და მოუწოდებენ ხელისუფლებას, უზრუნველყონ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და უსაფრთხოება:

„ჩვენ ახლოდან ვაკვირდებით ვითარებას, აქამდე - ყოფილი პრეზიდენტის სააკაშვილის დაკავებას და ახლა - მისდამი მოპყრობას. მათ შორის, საქართველოს ომბუდსმენის განცხადებას, რომელიც აჩენს კითხვებს პატიმრობაში მყოფი პრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით. ამ განცხადების ფონზე, ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, დაუყოვნებლივ გადადგას ნაბიჯები, რათა უზრუნველყოს სააკაშვილის როგორც გადაუდებელი ფსიქოლოგიური, ისე ფიზიკური საჭიროებების დაკმაყოფილება. ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, რომ მოექცეს სააკაშვილს სამართლიანად და ღირსეულად, საერთაშორისო სტანდარტების და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. როგორც ყოველთვის, ამ შემთხვევაშიც, მთავრობის პასუხისმგებლობაა პატიმრები დაიცვან ძალადობისგან, მათ შორის - ფსიქოლოგიური ზეწოლისგან, აღმოუჩინონ მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება და უზრუნველყონ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის კერძო ინფორმაციის დაცვა, საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისად“, - ნათქვამია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამ განცხადებიდან (და არა მარტო) გამომდინარე, უნდა ვივარაუდოთ, რომ საერთაშორისო იმიჯის გამოსწორება ხელისუფლებას აშკარად გაუჭირდება, რაც მთავარია, ქვეყანაში მიმდინარე პროცესების კონტროლიც უჭირს, რამაც ეკონომიკურად ისედაც განადგურებულ ქვეყანაში მდგომარეობა კრიტიკულად დაამძიმა.

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი for.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ ხელისუფლება სერიოზული პრობლემების წინაშე დგას, ის პანიკაშია და გამოსავალს ვერ პოულობს.

პაატა ზაქარეიშვილი: გარდა იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულმა აქციებმა ქვეყანაში არასტაბილური მდგომარეობა გამოიწვია, საერთაშორისო შეფასებებიც საკმაოდ მძიმეა. სამწუხაროდ, „ნაციონალური მოძრაობის“ ამ თამაშს, სიამოვნებით აჰყვა ხელისუფლებაც, რამაც ქვეყანაში არსებული ისედაც მძიმე კოვიდვითარება კიდევ უფრო დაამძიმა.

ხელისუფლება არის პანიკაში, სააკაშვილი მართავს და ანადგურებს მას. როგორც ისინი სააკაშვილს ექცევიან, ის მხოლოდ და მხოლოდ სიმპათიებს იმსახურებს საზოგადოების თვალში. ხელისუფლებამ საერთოდ დაკარგა კონტროლი. მე პირადად, სააკაშვილი პოლიტიკოსი სულ არ მადარდებს, მე მადარდებს სააკაშვილი - პატიმარი, როგორ შეიძლება პატიმარს ასე დამამცირებლად და შეურაცხმყოფელად ექცეოდნენ. ფაქტია, რომ „ქართული ოცნება“ დღეს ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და არ იცის რა ქნას, მოექცა ჩიხში და გამოსავალს ვერ პოულობს. ციხის მთავარი ამოცანაა, პატიმარი გყავდეს უსაფრთხო სიტუაციაში, ანუ, არ მოხვდეს იქ, სადაც მას საფრთხე დაემუქრება. სააკაშვილი კი სად გადაიყვანეს, გამაოგნებელია, მათ დაარღვიეს ციხის მშვიდობიანი არსებობის კონცეფცია, გადაიყვანეს კრიმინალებთან, ატეხეს ხმაური, აშკარად ჩანს, რომ დადგმული სპექტაკლი იყო იმიტომ, რომ რომელ ციხეში აქვთ უფლება პატიმრებს შუაღამისას ასეთი ხმაური გამოიწვიონ.

ფაქტია, ხელისუფლება ერთმანეთის მიყოლებით არაპოპულარულ და ამავე დროს მცდარ ნაბიჯებს დგამს, არ შეიძლება ამას თუნდაც ერთი ადამიანი ვერ ხედავდეს სახელისუფლებო გუნდიდან, სააკაშვილის გლდანის ციხეში გადაყვანა ნამდვილად არ შეიძლება გონივრულად ჩავთვალოთ არანაირი თვალსაზრისით, არც პოლიტიკური და არც უფლებების დაცვის თვალსაზრისით, ფაქტია, რომ ეს არის მიზანმიმართული ქმედება, თუმცა რაში აწყობს ეს ყველაფერი ხელისუფლებას?

- ეს ხდება იმიტომ, რომ არ იციან რა გააკეთონ და ცდილობენ სააკაშვილზე მოახდინონ ფსიქოლოგიური ზემოქმედება, იმასაც კი ვერ ხვდებიან, რომ ამით სააკაშვილს აძლიერებენ და არარაობისგან ქმნიან გმირს. სააკაშვილი უკვე გმირია. სამწუხაროდ, სააკაშვილმა „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით, ყველა ის სიდიადე აღიდგინა, რაც წარსულში ჰქონდა, პირდაპირ გამაოგნებელია „ქართული ოცნების“ ქმედება. თუ ხელისუფლებას გონიერების რაღაც მინიმალური ფრაგმენტები მაინც შერჩენია, ეს ადამიანი სასწრაფოდ უნდა გაუშვან უკრაინაში. რომელი პატიმარი დაიწყებს ისე ხმამაღლა დედის გინებას და ხმაურს, მაშინვე ჩაუწერენ საქმეში, რომ ხულიგნობდა, არღვევდა შინაგანაწესს და დაემშვიდობება ამინისტიას, უდოს, შეწყალებას. ამიტომ, ის რაც ციხეში ხდებოდა, ის ყველაფერი დადგმული სპექტაკლი იყო, ეჭვიც არ მეპარება, რომ არც ერთ პატიმარს საქმეში არ ექნება ჩაწერილი, რომ ისინი არღვევდნენ შინაგანაწესს, ამისი შემოწმება კი ძალიან იოლია. იმდენად სუსტები და უსუსურები არიან, რომ ცდილობენ, მაგრამ სააკაშვილზე ვერ ახდენენ ზემოქმედებას, მხოლოდ და მხოლოდ აძლიერებენ მას. ხელისუფლების ქმედებას, არანაირი გამართლება არ აქვს.

ხელისუფლებისა და ოპოზიციის პროპაგანდისტული საშუალებები, ერთმანეთს წარსული მოვლენების და ფაქტების გახსენებით უპირისპირდებიან, რაც, არც ერთი მხარისთვის არ არის არანაირი შედეგის მომტანი, ეს ხდება მხოლოდ და მხოლოდ იმ ვიწრო წრისთვის, რომლებსაც უნდათ ხელისუფლებაში მოსვლა და რომლებიც ცდილობენ არსებულის შენარჩუნებას, მაგრამ ადამიანების უდიდესი ნაწილი, რომელსაც არ აინტერესებს ეს ყველაფერი და მხოლოდ ქვეყნის სტაბილურ განვითარებას ელოდება, ზარალდება, ისინი თითქოს თამაშგარე მდგომარეობაში არიან და მათი ბედი არავის ანაღვლებს..

- შეცდომების გამო ჩვენ სააკაშვილი გავუშვით პოლიტიკურ მოუსავლეთში, მაგრამ სააკაშვილი „ქართულმა ოცნებამ“ უკან დააბრუნა. სააკაშვილმა და მისმა გუნდმა იმ შეცდომების საფასური გადაიხადა, ახალაია წავიდა ციხეში, მერაბიშვილი, აღძრულია სხვადასხვა საქმეები, მათ წააგეს ყველა მორიგი არჩევნები. ესენი კი არა, ჰიტლერის მომხრეები დააბრუნეს ხელისუფლებაში, როცა სპეციალისტები დასჭირდათ, არ შეიძლება სხვანაირად. ქვეყანას სჭირდება სტაბილურობა. ამნისტია რა არის? რომ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე გამოსცემ ყველა ჰუმანურ აქტს, როგორ შეიძლება წარსული კადრების გამოტანა ყოველ არჩევნებზე და არეულობაზე, ეს ყველაფერი პირიქით მუშაობს, ეს იმას ნიშნავს, რომ ამდენი წლები გავიდა და შენ ვერაფერი შექმენი სასიკეთო, არაფრის გამკეთებელი არ ხარ და მხოლოდ შეგიძლია შეგვახსენო ის, რისთვისაც სააკაშვილის ხელისუფლება გავუშვით.

საერთაშორისო რეაქციები როგორი იქნება, ფაქტია, საქართველოს იმიჯი საკმაოდ შერყეულია საერთაშორისო არენაზე, როგორ წარიმართება შემდგომი თანამშრომლობა, როგორ უნდა მოხდეს ქვეყნის იმიჯის რეაბილიტირება? ფაქტია, ეს ძალიან შეგვიშლის ხელს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობაში და სამომავლო პერსპექტივისთვის...

- ჩვენი ურთიერთობა ისედაც გაფუჭებულია. ეს ურთიერთობა არ გაფუჭებულა სააკაშვილის გამო, გაფუჭდა იმიტომ, რომ ჩვენთან დემოკრატია არ არის, არჩევნები ტარდება საეჭვო ვითარებაში, დაირღვა შარლ მიშელის შეთანხმება, არ გატარდა შესაბამისად სასამართლო რეფორმა. ანუ, ბევრ რამეზე თქვა უარი ხელისუფლებამ, ეს ყველაფერი ძალიან სერიოზულ ტენდენციას აჩვენებს, როგორ გადის დემოკრატიიდან საქართველო. სააკაშვილის ეპიზოდი, არის ერთ-ერთ ჯაჭვში, სადაც აშკარად ჩანს, რომ საქართველო არ არის დემოკრატიული. ჩვენს მიმართ აშკარად შეცვლილია დამოკიდებულება, არ იციან რა უნდა „ქართულ ოცნებას“, არ იციან რა უნდა „ნაციონალურ მოძრაობას“, რა უნდა ხალხს, სრული ქაოსია. აშკარად ჩანს, რომ ქართული საზოგადოება აშკარად ტრიალებს მოჯადოებულ წრეზე და არ იცის რა უნდა.

ფაქტობრივად, სააკაშვილის გარშემო ტრიალებს ქვეყანა, თუმცა, სააკაშვილის ჩამოსვლამდეც და უფრო ადრეც, სიტუაცია არასტაბილური იყო, თუნდაც ქვეყნის ეკონომიკური სიტუაცია, ადამიანის უფლებები, საერთაშორისო ურთიერთობები და ასე შემდეგ. რა არის ამ ყველაფრიდან გამოსავალი? ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება, უბრალოდ, ვერ გაუძლებს ამდენ რყევებს ქვეყანა!

- აქ არის მხოლოდ ერთი მხარე და მას ჰქვია ხელისუფლება და ეს არის „ქართული ოცნება“. მან შექმნა „ნაციონალური მოძრაობა“ თავიდან, გაკრიფა შუა, პატარ-პატარა პოლიტიკური პარტიები გაანადგურა და დაიტოვა ეს გაბერილი რეზინის საფრთხობელა „ნაციონალური მოძრაობის“ სახით. პრობლემა არ არის ამ საფრთხობელაში, პრობლემაა მასში, ვინც აცოცხლებს ამ საფრთხობელას. პრობლემაა უკვე „ქართულ ოცნებაში“, მათ არ იციან რა ქნან. კოვიდის გავრცელების მხრივ, საქართველო მსოფლიოში არის მე-4 ადგილზე, სასომხეთი კი 32-ე ადგილზე, ისინი ვერ მართავენ ვერაფერს, მათ საკუთარი მანქანების მართვის გარდა არაფერი არ შეუძლიათ. მათ არ იციან რა არის სახელმწიფო, მედიცინა საერთოდ ჩავარდნილია, ყველაფერი მოშლილია ქვეყანაში, ამიტომ, მეორე მხარე არის მათ მიერ მოგონილი. „ქართული ოცნება“ წავა და მას მიყვება „ნაციონალური მოძრაობა“. ამიტომ, გამოსავალი არის ერთი, რომ ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები და ვნახოთ, რა გამოვა რეალურად, რამდენ პროცენტს მიიღებს „ქართული ოცნება“, რამდენს „ნაციონალური მოძრაობა“ და რამდენს სხვადასხვა პარტიები, ოღონდ უნდა ჩატარდეს ნამდვილი არჩევნები და არა ისეთი, როგორიც ტარდება ხოლმე. უნდა ჩაერთოს ამ პროცესებში უცხოელი დამკვირვებლები, მე სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ. ასეთი რყევები იქნება 2024 წლამდე, და იმის შემდეგაც.

მაგრამ, ხელისუფლება არ მიდის ვადამდელ არჩევნებზე, როგორ შეიძლება აიძულო ხელისუფლება, რა არის ამისი მექანიზმი?

- ერთადერთი ის, რომ ხალხი გამოვიდეს ქუჩაში, ხალხი კი ქუჩაში არ გამოდის, დაიღალა ხალხი, ხალხმა არ იცის რა უნდა ხელისუფლებას. ეს არ არის ამერიკა და კანადა, ეს არის აფრიკა, აზია, ჩვენ აფრიკაში ვართ და ეს არ გვინდა დავიჯეროთ. ავღანეთში ვართ ჩვენ და არა ევროკავშირში. ამიტომ, ნუ მოვიტყუებთ თავს. ხალხს არ უნდა მეტი დემოკრატია, ხოლო, ხელისუფლება და ოპოზიცია ამით კარგად მანიპულირებს. ოპოზიციაში არ არის პრობლემა, პრობლემა ხელისუფლებაშია, სრულებით აკონტროლებენ პარლამენტს, მთავრობას, პროკურატურას, სასამართლოს, ისინი ხელოვნურად ქმნიან კრიზისს. სააკაშვილის გადაყვანა არგადაყვანით კრიზისს ქმნიან, ატყუებენ ხალხს, რომ სააკაშვილი მოდის, მაგრამ ვერანაირად ვერ მოვა სააკაშვილი, შენ მოგყავს სააკაშვილი, რათა გადაფარო კოვიდის საკითხები, სიღარიბის, ეკონომიკის და უამრავი სხვა საკითხები. ამიტომ, ხელისუფლებას ურჩევნია სააკაშვილი იყოს უკვდავი.

 

 

 

Aburjga Tasmanieli ზაქარეიშვილი -" როგორც ისინი სააკაშვილს ექცევიან, ის მხოლოდ და მხოლოდ სიმპათიებს იმსახურებს საზოგადოების თვალში". პაატა სრულ ჭკუაზე ხარ?! შეკითხვა მაქვს ორი: 1. თქვენი აზრით როგორ უნდა მოექცეს ხელისუფლება სააკაშვილს?! თუ შეიძლება ზოგადი ფრაზები და მოწოდებები არ გვინდა, დააკონკრეტეთ. 2. თქვენ ფიქრობთ რომ სააკაშვილმა მართლა იშიმშილა 44 დღე და შიმშილობის 39 დღეს როცა გაუძლიანდა 6 - 10 კაცმა ძლივს შეიტანეს პალატაში?!
2 წლის უკან
Aburjga Tasmanieli შორენა გონგლაძის კითხვა - "ფაქტია, ხელისუფლება ერთმანეთის მიყოლებით არაპოპულარულ და ამავე დროს მცდარ ნაბიჯებს დგამს". ეს არის ფაქტი, ვინ გიტხრა რო ეს ფაქტია?! ეს ფაქტი კი არა თქვენი შეფასებაა! ფაქტია მაგალითად ის, რომ ხელისუფლებამ სააკაშვილი დააპატიმრა, რომ ის რუსთავის ციხიდან გადაიყვანა გლდანის ციხის საავდმყოფოში! ხოლო რასაც თქვენ წერთ ეს არის თქვენი თვალსაზრისი ამ ფაქტების შესახებ! ჩემთვის სრულიად გასაგებია რატომ აირჩიეთ რესპოდენტად ბატონი ზაქარეიშვილი, ორივენი ერთ ჭკუაზე ხართ, ერთ ილუზიაში, რასც რეალობასთან იგივე კავშირი აქვს რაც თქვენსავე ანარეკლს მრუდე სარკეების ოთახში. სამარცხვინოა შეკითხვებიც და პასუხებიც!
2 წლის უკან
Maverick ჩოპრა, ძმობილო, "მაგარი" პოლიტრიკულ-ნაცარასტული შეფასებებია!

ჭურნალისტს კონფლიდოლოგი თავისი დასკვნების შესაბამისი ყავს, ამიტომ უნდა გაატარო ასეთი ნაცმიდრეკილი სიბრიყვეები!
2 წლის უკან
Aburjga Tasmanieli მავერიკ გამარჯობა, ხომ ხარ მშვიდობით? იმედია კარგათ ხარ? შენ ჩემსავით ვეტერანო!
2 წლის უკან