ოლიმპიური ჩემპიონი შვიდი წელი სასტვენით ავტომაგისტრალებზე იდგა

ოლიმპიური ჩემპიონი შვიდი წელი სასტვენით ავტომაგისტრალებზე იდგა

(იბეჭდება შემოკლებით)

ერთადერთი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ფეხბურთში, თბილისის „დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი, ბატონი გელა კეტაშვილი ცოტა ხნის წინათ შსს საგზაო პოლიციის მთავარი სამმართველოს სარეგისტრაციო განყოფილების უფროსად დაინიშნა.

- კავკასიური ფეხბურთის ისტორიაში ერთადერთი ოლიმპიური ჩემპიონი ვარ. თავდაპირველად ვთამაშობდი ქუთაისის „ტორპედოში“, შემდეგ - თბილისის „დინამოში“, ვიყავი საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრი (1988 წელს სეულის 24-ე ოლიმპიადაზე ჩემპიონები გავხდით).

მოგვიანებით ავტოკატასტროფაში მოვყევი და ფეხბურთს ჩამოვშორდი. 1995 წლიდან საგზაო პოლიციის თანამშრომელი ვარ. თელეთის ავტომაგისტრალზე მუშაობის შემდეგ საგზაო პოლიციის მთავარ სამმართველოში გადმომიყვანეს. სამწუხაროდ, ბატონი კობა კობიაშვილის მეშვეობით ისევ ავტომაგისტრალზე აღმოვჩნდი. ჩემი დამსახურება არავინ გაითვალისწინა. აფხაზეთის ომის დროს ოლიმპიადაზე მოპოვებული ერთადერთი ოქროს მედალი საქართველოს ოქროს ფონდს ჩავაბარე. ვიფიქრე, ჩემს ქვეყანას ამით დავეხმარები-მეთქი, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩემი მედალი სარფის საბაჟოზე აღმოაჩინეს. კიდევ კარგი იპოვეს და უკან დააბრუნეს.

არაერთხელ აღინიშნა, რომ მე, ფეხბურთში ერთადერთი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი, ჯოხითა და სასტვენით ხელში ტრასაზე ვიდექი. დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო ბატონ შალვა ობგაიძეს, რომლის ხელშეწყობითაც დავინიშნე შსს საგზაო პოლიციის მთავარი სამმართველოს სარეგისტრაციო განყოფილების უფროსად. ყველანაირად ვეცდები, ჩემთან მოსულ ადამიანებს დავეხმარო. ვაფასებ უბრალოებასა და თავმდაბლობას, ქედმაღლობა არ მახასიათებს. მიყვარს ჩემი ხალხი, რომელიც ჩემი გულშემატკივარი იყო და „კეტა, შენი ჭირიმეს“ ძახილით სტადიონზე მატჩის დროს მამხნევებდა.

ბატონო გელა, თქვენი თანაგუნდელი, ცნობილი ფეხბურთელი ვლადიმერ გუცაევი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრია. ამ თანამდებობაზე თქვენი დანიშვნა მისი ხელშეწყობითაც ხომ არ მოხდა?

- ჩემი დანიშვნა სრულიად მოულოდნელად მოხდა. ბატონმა შალვა ობგაიძემ დამიბარა, დაიწერა ბრძანება და შინაგან საქმეთა სამინისტროში ბატონ გია ბარამიძის სახელზე გაიგზავნა. მინისტრმა ხელი მოაწერა. ვლადიმერ გუცაევი ჩემი მეგობარია. 18 წლის ვიყავი, როცა „დინამოს“ საწვრთნელ ბაზაზე ოთახი მომცეს და მითხრეს, რომ ვლადიმერ გუცაევთან ერთად უნდა მეცხოვრა. ეს იყო ჩემთვის ენით გამოუთქმელი სიხარული. სწორედ იმ დროს „დინამოში“ თამაშობდნენ ალექსანდრე ჩივაძე, ოთარ გაბელია, თენგიზ სულაქველიძე, რამაზ შენგელია. ამჟამად ვარ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის წევრი. არასოდეს მიფიქრია პოლიტიკაზე, რომელიმე პარტიის წევრობაზე.