შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი რობერტ სტურუა თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
"გათავისუფლდეს რობერტ სტურუა საჯარო სამართლის იურიდიული პირის თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან 2011 წლის 15 აგვისტოდან. ბრძანება ძალაშია ხელმოწერის დღიდან", - ნათქვამია კულტურისა და ძეგლთა დაცის მინისტრის ბრძანებაში, რომელსაც მინისტრი ნიკოლოზ რურუამ ხელი მოაწერა 2011 წლის 9 აგვისტოს.
რობერტ სტურუა თანამდებობიდან გათავისუფლების ფაქტს სოციალური ქსელ "ფეისბუქში" ერთი სიტყვით - "მომხსნეს" - ადასტურებს.
ინფორმაცია რობერტ სტურუას რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან შესაძლო გათავისუფლების შესახებ რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. გავრცელებული ინფორმაციით, ხელისუფლებას სურდა მისდამი კრიტიკული პოზიციის გამო რობერტ სტურუა რუსთაველის თეატრიდან წასულიყო, რის გამოც კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო სახელმწიფო თეატრებში სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობის გაუქმებას გეგმავდა.
შესაძლო გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია ცნობილი იყო თავად რობერტ სტურუასთვისაც. სტურუა აღნიშნავდა, რომ ის პოლიტიკური შეხედულებების გამო იდევნება.
"არ ვმალავ ჩემს შეხედულებას, ხოლო, ხელისუფლება კრიტიკულ აზრს ვერ იტანს", - აცხადებდა სტურუა და აღნიშნავდა რომ სახელმწიფო თეატრებში სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობას შესაძლოა, სწორედ მის გამო აუქმებენ, ამიტომ, კოლეგების წინაშე თავს დამნაშავედ მიიჩნევს.
"ალბათ, ფიქრობენ, რომ თუ ამ თანამდებობას გააუქმებენ, თეატრიდან წავალ. მე თეატრიდან წასვლას არ ვაპირებ, სულ არ მაღელვებს რა მერქმევა", - განაცხადა სტურუამ.