ლევან ბეჟაშვილი: „სად გვაქვს, ჩვენ ფული?!“

ლევან ბეჟაშვილი: „სად გვაქვს, ჩვენ ფული?!“

მმართველმა გუნდმა სკანდალური დოკუმენტი გამოაქვეყნა, რომლითაც ნათელი ხდება, რომ პრეზიდენტის, მისი ოჯახის წევრების, მეგობრების, დედაქალაქის მერის, არაერთი გუბერნატორისა და დეპუტატების ფუფუნების საგნებზე, საჩუქრებზე, დასვენებასა და გართობაზე აურაცხელი თანხები იხარჯებოდა...

თავდაცვის სამინისტრო 26 მაისის აღნიშვნისთვის მზადებას იწყებს, თუმცა, ამ დრომდე, უცნობი რჩება - ჩატარდება თუ არა სამხედრო აღლუმი და მას ჩაიბარებს თუ არა ქვეყნის პირველი პირი. უფრო მეტიც, for.ge-ს ინფორმაციით, შესაძლოა, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებებზე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილი არც კი დაპატიჟონ.

რას ფიქრობენ ხელისუფლების მიერ ბიუჯეტის ფულის საკუთარი სიამოვნებისთვის ხარჯვაზე და საერთოდ,

მმართველი გუნდის პოლიტიკური გეგმების შესახებ „ნაციონალურ მოძრაობაში“, For.ge უმცირესობის ერთ-ერთ ლიდერს, ლევან ბეჟაშვილს ესაუბრა:

აუდიტის სამსახურს ხელმძღვანელობის დროს აწარმოებდით თუ არა სახელმწიფო დაცვის სამსახურის ფინანსურ კონტროლს?

- უმრავლესობის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია ძალიან ნედლია და საკითხავია ის, ეს დოკუმენტები რა პრინციპით არის შერჩეული და გამოქვეყნებული. ამ დოკუმენტზე სერიოზული დასკვნების გამოტანა ძალიან რთულია. ზოგადად კი, აუდიტის სამსახური ყველა სახელმწიფო უწყებას ამოწმებდა, მათ შორის - სახელმწიფო დაცვის სამსახურს, მაგრამ არსებობდა ისეთი საკითხები, რომელიც ეხებოდა დაცვის სუბიექტის გადაადგილების, საცხოვრებლის და ა.შ. ხარჯებს, რომელიც იყო კავშირში უსაფრთხოებასთან და იმდენად, რამდენადაც ვიცოდით, რომ ეს თანხები ხმარდებოდა გადაადგილებას და ა.შ. შეიძლება გარკვეულ შემთხვევებში, ამ თანხების შესწავლა არ ხდებოდა. ფაქტია, რომ ეს აჟიოტაჟი 19 აპრილს უკავშირდება, თუმცა, ამ დოკუმენტებს რეალური ანალიზი და შესწავლა სჭირდება.

სტუმრების დახვედრა და მათთვის საჩუქრების გაკეთება დღევანდელ ხელისუფლებასაც მოუწევს. შესაბამისად, ხელაღებით იმის თქმა, რომ საჩუქრის გაკეთება არ შეიძლება, ეს გაუაზრებელი განცახდებაა, რადგან ყველა ქვეყანაში არსებობს თანხები, რომელიც პირველ პირებს ემსახურება. მაგალითად, პრეზიდენტი ისეთ სასტუმროში ვერ შევა, რომელიც მის ქვეყანასა და რანგს არ ეკადრება.

თუმცა, დოკუმენტებში მხოლოდ იმაზე არ არის საუბარი, რომ სტუმრებისთვის ხდებოდა დახვედრა და .. არამედ, საუბარია, იმაზე, რომ მაგალითად, უგულავასა და სააკაშვილის წონის კორექტივების პროცედურა ბიუჯეტს 115 ათასი ლარი დაუჯდა.

- ეს ინფორმაცია სერიოზულად მაეჭვებს, რადგან რა პროცედურა უნდა იყოს იმისთანა, რომ ის 115 ათასი ლარი დაჯდეს?! სიცოცხლის ელექსირი ხომ არ იყო?! ვფიქრობ, რომ ზოგიერთი ინფორმაცია რეალობასთან არ არის კავშირში.

თუმცა, დოკუმენტებს თან ქვითრები და ინვოისები ერთვის. თუ ეს დოკუმენტები სარწმუნო არ არის, აბა, ამ ფორმით, კიდევ სხვა ხარჯების გადაფარვა ხდებოდა?

- თუ გადაფარვა ხდებოდა, ალბათ, რაღაც უფრო გონივრულად მოხდებოდა. ისეთი რაღაცეების გაჟღერება ხდება, რომ ამ დოკუმენტის წარმომავლობა ეჭვქვეშ დგება. ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი 19 აპრილს უკავშირდება და ეს აჟიოტაჟიც მაგიტომ ატეხეს. შეიძლება რაღაც ხარჯები პრობლემური იყოს, მაგრამ ეს დამოუკიდებელმა აუდიტმა უნდა შეისწავლოს და არა პირიქით, ამის ტელევიზით გაპიარება მოხდეს.

ბიუჯეტიდან თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე გამოძიება უკვე მიმდინარეობს, თუმცა, შესაძლოა, ამ საკითხის გამორკვევის მიზნით, პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნას. კომისიასთან ითანამშრომლებთ?

- ნათლად ჩანს უმრავლესობის გაცხოველებული სურვილი იმისა, რომ რაღაცა გამოიძიონ და ვიღაცა პასუხისგებაში მისცენ. ალბათ, უმრავლესობას პრეზიდენტის მიმართ დავალება აქვს მიღებული, რომ რაღაცა სამართლებილი პროცედურები დაიწყონ. სხვა დასკვნის გაკეთება წარმოუდგენელია. თუკი რაიმე კანონდარღვევაა, ეს გამოძებული უნდა იქნეს, მაგრამ მანამდე საქმეზე კვალიფიკაციის მინიჭება, ამ პროცესს სანდოობას უკარგავს.

შესაძლოა, ახალი ხელისუფლების პირობებში, 2008 წლის აგვისტოს მოვლენების გამოძიება განახლდეს. აგვისტოს ომთან დაკავშირებით, პირადად თქვენ, კითხვები გაქვთ?

- ხელისუფლებას აგვისტოს ომის გამოძიება თუ რატომ სურს, ეს ჩემთვის გაუგებარია. თავის დროზე, 2009 წელს, ქართული მხარის მიერ, ომის გამოძიება დაიწყო, მაგრამ ეს პროცესი იმის გამო შეჩერდა, რომ საჭირო იყო ადგილზე შესვლა, რუს ჯარისკაცებთან და გენერალიტეტთან სისხლის სამართლის პროცედურების წარმოება და ა.შ. ჩვენი კანონმდებლობითა და რესურსებით კი, ამის წარმოება შეუძლებელი იყო. მაშინდელმა იუსტიციის სამინისტომ გამოძიების დაწყებითა და წარმოების მოთხოვნით, ჰააგის სისხლის სამართლის სასამართოს მიმართა. სასამართლოს გადაწყვეტილებაც გვაქვს, სადაც გარკვეული საკითხები წარმოებაშია მიღებული და სისხლის სამრთლებლივი კუთხით პროცედურები მიმდინარეობს კიდეც. კარგი პოზიციები გვაქვს იმისათვის, რომ ჩვენი სიმართლე დავამტკიცოთ. გარდა ამისა, გამოძიება საპარლამენტო დონეზეც წარიმართა და საკმაოდ კვალიფიციური დოკუმენტი შეიქმნა. მაშინ, ასევე ტალიავინის კომისიამაც დადო დასკვნა და მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტში ბევრ დეტალს არ ვეთანხმებით, ამ დასკვნამაც გაეცა კითხვებს პასუხი - თუ ვინ დაიწყო ომი და ვინ წამოეგო პროვოკაციას. ამ თემის სამართლებლივ და მიზეზ-შედეგობრივი კავშირიდან გამომდინარე, დღეს, ამ საკითხის წამოწევა უსაფუძვლო და უგნური გააწყვეტილებაა. თუმცა, ის, რომ ეს საკითხი იუსიტიციის მინისტრმა დააყენა, ამით უხერხულ მდგომარეობაში მთავრობა ჩადგა, რადგან მათ კითხვებზე პასუხების გაცემა მოუწიათ.

ანუ, თქვენ ფიქრობთ, რომ თეა წულუკიანის ეს განცხადება თანაგუნდელებთან შეთანხმებული არ იყო?

- ეს ზუსტად არ ვიცი, მაგრამ უგნური გადაწყვეტილება იქნება თუ ამ იდეას ხორცი შეესხმება, რადგან ეს პირველ რიგში, აზიანებს არა რომელიმე თანანმდებობის პირს, არამედ საქართველოს. სასწორზე ქვეყნის ინტერესებია დადებული და თუ ჩვენ საერთაშორისო თანამეგობრობას არ ვეტყვით, რომ ერთიანნი ვართ და ომი ჩვენმა ოკუპანტმა ქვეყანამ დაიწყო, შემდგომ მიღებული ყველა გადაწყვეტილება - ეს იქნება არაღიარების პოლიტიკა თუ, ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, რაც მხოლოდ ქვეყნის ინტერესებსა და იმიჯს დააზიანებს.

ამ ეტაპზე, არ კონკრეტდება გამოძიება ორიენტირს თუ რაზე აიღებს, მაგრამ მმარველი ძალა ამბობს, რომ ერთ-ერთი გამოსაძიებელი საკითხი იქნება - თუ რამ შეუშალა ხელი მშვიდობიანი მოსახლეობის დროულ ევაკუაციას და არა ის თუ ვინ დაიწყო ომი. რატომ არისნაციონალური მოძრაობაომის გამოძიების კატეგორიული წინააღმდეგი?

- უკაცრავად, მაგრამ ამ მხრივაც არსებობს საერთაშორისო შეფასებები. კერძოდ, ის, რომ გენოციდი და ეთნოწმენდა განხორციელდა მხოლოდ ოკუპანტის მიერ. ომში დამნაშავე ქართული მხარე არ არის, რომლის მიმართაც შეიძლება გამოძიება აწარმოო. გამოძიებას ვეწინააღმდეგებით, რადგან ეს ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთის ინტერესებზე ასხამს წყალს, რომელსაც სურს, რომ საერთაშორისო მასშტაბით წაგებული კამპანია ჩვენი ხელისუფლების ხელითვე ჩამოირეცხოს და საზოგადოების წინაშე, ახალი მანტიით წარსდგეს.

თუ გამოძიების დაწყებით მხოლოდ რუსეთი იხეირებს, ამ ნაბიჯზე ხელისუფლება რატომ მიდის?

- გამოძიების დაწყების შედეგად ერთადერთი მოგებული მხარე მხოლოდ და მხოლოდ რუსეთი იქნება. ჩვენ კი, პირიქით, ყველას წინაშე უხერხულ ვითარებაში ჩავდგებით. ყველამ იცის, რომ აგვისტოს ომი მანამდე დაიწყო და 2008 წლამდეც ძალიან ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე დავკარგეთ. ამას გარდა, ყველას კარგად ახსოვს, რომ ომი 1992 წლიდან მიმდინარეობს. ქვეყანაში უამრავი პრობლემაა და სჯობს, მთავრობამ დაპირებები შეასრულოს და არა პირიქით, ამ თემებით საზოგადოების ყურადღების გადაფარვა მოახდინოს.

ხელისუფლება პრეზიდენტის დაკითხვას არ გამორიცხავს. მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ გამოძიებასთან თანამშრომლობას არ აპირებს, მაგრამ თუ მან პაატა დავითაიას კომისიასთან ითანამშრომლა, ახალ კომისიას რატომ იწუნებს?

- ეს გამოძიება მხოლოდ და მხოლოდ პუტინის ინტერესების ქვეშ არის, რის გამოც, პრეზიდენტი კომისიასთან თანამშრომლობას არ აპირებს. პრეზიდენტის მხრიდან გაკეთებული განცხადებები არც სამართალს მოკლებულია და არც პოლიტიკურ საფუძველს. მოსახლეობის 99% ამ ომის დაწყების საფუძვლები იცის. ქართული მხარე იძულებული იყო საკუთარი მოქალაქეებისა და ტერიტორიების დასაცავად სამხედრო მოქმედებები ეწარმოებინა. ამ კითხაზე საზოგადოებას პასუხი აქვს და თუ ვინმეს სხვა კითხვა გააჩნია, ისინი სხვის დაკვეთას ასრულებენ.

რაც შეეხება 19 აპრილის აქციას, შინაგან საქმეთა მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობააქციაზე რამდენიმე მოქმედი პოლიციელის მიყვანას აპირებს, რომლებიც დემონსტრირებულად პოლიციელის ფორმას გაიხდიან და პოლიციელის საბუთს დახევენ. საზოგადოება მსგავს სცენარს უნდა ელოდოს?

- ხელისუფლებას მოვუწოდებ - ნუ არის ასეთი დაძაბული. მათ უფრო მეტი სიმშვიდე სჭირდებათ. აქციები ჩვენს წინააღმდეგაც იმართებოდა, მაგრამ ასეთ ისტერიკაში არ ვიყავით.

მთავრობა რატომ შეიძლება იყოს დაძაბული - თქვენ ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენთ თუ, პროვოკაციებს ამზადებთ?

- მათგან განსხვავებით, ოპოზიციაშიც სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ძალა ვართ და პროცესებს ოპოზიციაშიც ისევე პასუხისმგებლობით ვეკიდებით, როგორც ამას ხელისუფლებაში ყოფნის დროს ვაკეთებდით. ხელისუფლებას მოვუწოდებ - შიშსა და პანიკას ნუ თესავს.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა, 19 აპრილის აქციაზე ვანო მერაბიშვილი საპრეზიდენტო კანდიდატად წარადგინოთ. ეს საკითხი პარტიაში განიხილება?

- ფაქტია, რომ ვანო წონადი პოლიტიკური ფიგურაა და ის ერთ-ერთ საპრეზიდენტო კანდიდატად მოიაზრება. ბუნებრივია, კონსულტაციები მიდის, მაგრამ მიტინგებზე ასეთი გადაწყვეტილება არ მიიღება.

ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ აქციაზე მისვლის სანაცვლოდ, მოქალაქეებს ფულს სთავაზობთ. თქვენს მიერ ორგანიზებულ აქციებთან დაკავშირებით, რატომ ჩნდება სულ კითხვები?

- სად გაქვს, ჩვენ ფული?!

რაც შეეხება 26 მაისს, შესაძლოა, სამხედრო აღლუმი არ ჩატარდეს. ამის ერთ-ერთ მიზეზად ფინანსების დაზოგვა სახელდება, მაგრამ თქვენ არ ფიქრობთ, რომ ამის მიზეზი პრეზიდენტია, რომლისთვისაც აღლუმის ჩაბარება არ სურთ?

- ეს ხელისუფლების სისუსტის ნიშანია, რადგან აღლუმი არ არის რომელიმე პოლიტიკური ძალის, ან რომელიმე ინსტიტუციის კუთვნილება. აღლუმი ქართველი ერისა და ჯარის დღესასწაულია. ამიტომ, მეწვრილმანეობა, რაც ხორციელდება უხერხულია და მათ სისუსტეზე მიუთითებს.

მმართველი ძალა აცხადებს, რომ 26 მაისის ღონისძიებებზე შესაძლოა პრეზიდენტი ოფიციალურად არ მიიწვიონ...

- ეს პატარა კაცობის ნიშანია.