მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის N 18 გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ თავისუფლების მოედანზე შეკრებილმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ქვეყანაში პერმანენტული აქციები დაიწყოს და სახელმწიფო დაწესებულებების პიკეტირება მოახდინოს. თავისუფლების მოედანზე გამართულ აქციაზე ენმ-ის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ კანცელარიის პიკეტირება უნდა მოხდეს და პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მუშაობა ვეღარ უნდა შეძლოს.
შეძლებს თუ არა მიხეილ სააკაშვილის ფაქტორით ოპოზიცია სახალხო მღელვარების დაწყებას და რას გამოიწვევს მისი გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა? სააკაშვილი შიმშილობის დილემის წინაშე დგას, რადგანაც ოპოზიცია მისი ჯამრთელობის მდგომარეობის გამოყენებით, ქვეყანაში პოლიტიკური ტემპერატურის აწევას ცდილობს. როდემდე შეძლებს სააკაშვილი შიმშილობას და ვის აწყობს ცუდად მყოფი სააკაშვილი?
მელია ამბობს, რომ აქციები გაიმართება მთავრობის კანცელარიასთან, იუსტიციის სამინისტროსა და პარლამენტის შენობასთან. მელიამ აქციაზე გამოსვლისას განაცახდა, რომ „სააკაშვილის გათავისუფლების და მიტაცებული არჩევნების მოთხოვნით, პერმანენტული აქციები გაგრძელდება“. მისი თქმით, გლდანის ციხეში სააკაშვილის გადაყვანა პროვოკაციაა, რათა ოპოზიციამ ციხესთან აქციები მოაწყოს, ციხეში ბუნტი დაიწყოს და ყველაფერი ოპოზიციას გადააბრალონ. ამიტომ აქციები სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან გაგრძელდება. მისი თქმით, ნერვების ბრძოლაც მოსაგებია, ამიტომ მოსახლეობისთვის მთავარი სახლი ქუჩა უნდა გახდეს.
„სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენის და გათავისუფლების პასუხისმგებლობა გვაქვს. ასევე თითოეული თქვენგანის სიცოცხლის გადარჩენის პასუხისმგებლობაც. პროტესტი ძალიან მტკიცე და მშვიდობიანი იქნება. ჩვენი მტერი მხოლოდ ივანიშვილი არ არის. ჩვენი მტერია პუტინი, რომელმაც ბევრი დიდი ქართველი მოკლა. მხოლოდ შიშველი ემოციები საქმეს წინ არ წაიყვანს. ძალიან მართლები ვართ და ცოტა ხანი გვაშორებს იმისთვის, რომ ყველა ის ამოცანა შესრულებული იყოს, რომელიც ჩამოვთვალე. ამ საპროტესტო მოძრაობას ყველა უნდა შემოუერთდეს. არ დავიშლებით, თბილისში ქუჩები არ დაცარიელდება მანამდე, სანამ მოპარულ არჩვნებს არ დააბრუნებენ, სააკაშვილის სიცოცხლეს არ გადავარჩენთ და არ გავათავისუფლებთ. გლდანში მისი მოთავსების გამო უმძიმეს პასუხს აგებენ. გლდანში იმიტომ წაიყვანეს, რომ ბუნტის ინსცენირება მოახდინონ და რუსეთის მიერ დაგეგმილი სპეცოპერაცია ჩვენ შემოგვაწმინდონ. არც ერთმა ჩვენგანმა ფეხი არ მოვიცვალოთ აქედან“, - ამბობს მელია აქციაზე გამოსვლისას.
გარეთ რომ მელია ბონოქრობდა, ციხის საკანში მიხეილ სააკაშვილს უმტყუნა ნერვებმა.
„მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილი შესახლდა №18 დაწესებულებაში, მან როგორც ფიზიკური, ისე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს და დააზიანა ძვირადღირებული სამედიცინო ტექნიკა. იუსტიციის სამინისტროს მხრიდან აღნიშნულ ფაქტს უკვე მოჰყვა შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ფაქტზე დაიწყო გამოძიება“, - ნათქვამია განცხადებაში.
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მე-18 დაწესებულებიდან გამოვიდა, ის მიხეილ სააკაშვილთან იყო შეხვედრაზე.
„მისი განცხადებით, შედგა კონსილიუმი და მან იცოდა, რომ ის გადაჰყავდათ სამოქალაქო კლინიკაში. შესაბამისად, ის თავისი ნებით დათანხმდა, ამბობს, რომ მას ზეპირად უთხრეს, რომ სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავდათ. მიხეილ სააკაშვილის თქმით, მას შემდეგ რაც გლდანის ციხის ტერიტორიაზე გადმოიყვანეს არ უნდოდა გადმოსვლა მანქანიდან და ძალით შეიყვანეს მე-18 დაწესებულებაში. უარი თქვა ექიმის გასინჯვაზე, ჩემთვის არ დაუდასტურებია, რომ სხეულზე აქვს დაზიანებები. ვიზუალურად კი არაფერი ეტყობოდა.
პატიმრების შეძახლები ნამდვილად არის ვადასტურებ, გარეთ ისმის და მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მასაც ესმოდა ეს ხმაური და შეძახილები“, - აცხადებს ნინო ლომჯარია.
ანალიტიკოსი ვახტან ძაბირაძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის შიმშილობა და პატიმრობა, საერთო საზოგადოებრივი მღელვარების მიზეზი ვერ გახდება. ძაბირაძე for.ge-სთან ამბობს, რომ საპროტესტო აქციები პერმანენტული სახის იქნება, მაგრამ ეს აქციები იმაზე მეტ შედეგს არ მოიტანს, ვიდრე აქამდე მოჰქონდა. გარკვეულწილად, რადგან აქციის მთავრი ფაქტორი სააკაშვილის გათავისუფლება გახდა, ენმ ამ ბრძოლაში მარტო დარჩება და ოპოზიციის გაერთიანებას ბოლომდე ვერ შეძლებს.
„სააკაშვილი ჯანმრთელი და უვნებელი ხელისუფლებას უფრო აწყობს, ვიდრე ოპოზიციას. ოპოზიცია თავისი ქმედებებით უკვე დიდი ხანია ჩიხშია შესული. მთელი ეს აჟიოტაჟი და პოლიტიკური ტემპერატურის აწევა სააკაშვილზეა დამოკიდებული. არსებობს ასევე შიდაპარტიული დაპირისპირებებიც და ამიტომ ყველაფერი სააკაშვილის გადაწყვეტილებასა და ქმედებაზე ხდება დამოკიდებული.
მესამე პრეზიდენტი ორივე პოლიტიკური ძალის, ხელისუფლებისაც და ენმ-ისგანაც მთავარი სამიზნეა, ოღონდ სრულიად განსხვავებული რაკურსით. ღმერთმა დაიფაროს და, თუ სააკაშვილის ჯამრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, ხელისუფლებისთვის ეს ძალიან მძიმე ამბავი იქნება. ხოლო გარეთ მყოფი სააკაშვილი არც „ოცნებას“ და არც „ნაციონალებს“ არ აწყობთ. ამიტომ სააკაშვილზე მუდმივი ზეწოლაა ოპოზიციის მხრიდან, რომ მან შიმშილობა არ შეწყვიტოს და პოლიტიკური მუხტი არ დავარდეს. თუმცა ასე როდემდე გაგრძელდება რთული წარმოსადგენია. დიდი ალბათობით, ის იძულებული გახდება, რომ შიმშილობა შეწყვიტოს. ეს მისგან გასაკვირიც არ იქნება“,-ამბობს ანალიტიკოსი for.ge-სთან.
რა შეიძლება იყოს სააკაშვილის შიმშილობის მაქსიმუმი და რას მიიღებს ის ამ აქტიდან? - ძაბირაძე ამბობს, რომ სამწუხაროდ, სააკაშვილი შეცდომაშია შეყვანილი, ის მოატყუეს, როცა უთხრეს, რომ თუკი ქვეყანაში დაბრუნდებოდა და დააკავებდნენ, ამას სახალხო მღელვარება მოჰყვებოდა, ხალხი ციხიდან დაიხსნიდა და ყველაფერი რევოლუციური სცენარით განვითარდებოდა. ახლა სააკაშვილი თავის მაქსიმუმს ცდილობს, რომ ხელისუფლება როგორმე რაიმე პროვოკაციაზე წამოეგოს.
„სააკაშვილი ცუდ დღეში აღმოჩნდა, მაგრამ თუკი მისი პიროვნებიდან ვიმსჯელებთ, ამას თავისუფლად შეუძლია, რომ შიმშილი შეწყვიტოს. იტყვის, რომ პატრიარქის და ხალხის თხოვნ გაითვალისწინა, ან ქვეყანაში არეულობის დაშვება არ უნდა და შიმშილობას შეწყვეტს. მე პირადად მის შიმშილობას დიეტად უფრო აღვიქვამ, ვიდრე შიმშილს. შიმშილია, როცა არაფერს არ ჭამ და მშრალ შიმშილზე ხარ. ხალხი ასეთ დროს წყალსაც არ სვამს. აგერ ელენ ხოშტარიამ 6 დღეც ვერ გაუძლო. ამიტომ, არ მგონია, რომ ეს კოზირი სააკაშვილმა დიდი ხნის განმავლობაში შეინარჩუნოს“, - ამბობს ძაბირაძე for.ge-სთან.
ანალიტიკოსი პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ ახლა მიხეილ სააკაშვილის მთავარი მცდელობაა, რომ როგორმე ხელისუფლებას ნებისყოფამ უმტყუნოს. ხოლო „ოცნება“ ცდილობს, რომ სააკაშვილი გატეხოს. ზაქარეიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტს იმედი აქვს, ამ ამბიდან სახალხო მოძრაობას ააგორებს.
„სააკაშვილს იმედი აქვს, რომ მისი შიმშილობა საზოგადოებაში გარკვეულ სენტიმეტებს აღძრავს. ქუჩაში მოსახლეობა გამოვა და სამოქალაქო მოძრაობას დაიწყებს. მას ეს არ გამოუვა, რადგანაც მართალია ხელისუფლება მოსახლეობის დიდ ნაწილს გულზე არ ეხატება, მაგრამ უფრო დიდ ნაწილს ნაციონალები ეზიზღება. შეიძლება არჩევნებზე მივიდეს და ხმა „ოცნების“ წინააღმდეგ მისცეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხმას ენმ-ს აძლევს და ამით უკან ხელისუფლებაში დაბრუნება უნდა. ეჭვი მეპარება სააკაშვილმა საერთო და დიდი სახალხო მღელვარება ააგოროს. თუ მან ეს შეძლო, მართლა „ქართულ ოცნებაზე“ ახი იქნება. „ოცნებამ“ ეს არასწორი ქმედებებით და ენმ-ის რეიკარნაციით ნამდვილად დაიმსახურა, მაგრამ ეს არ მოხდება. ამიტომაც ხელისუფლება ძალიან მშვიდად და წყნარად არის. პირიქით, „ოცნებას“ ნახევრად მღელვარება აწყობს. ამით საზოგადოების ყურადღებას ძირითადი პრობლემებიდან გადაიტანს. იტყვის, რა დროს პანდემიაა, რა დროს ეკონომიკური სიდუხჭირეა, აგერ სააკაშვილი უკან ბრუნდება“, - ამბობს ზაქარეიშვილი for.ge-სთან.
ჩვენი რესპოდენტი იმასაც არ გამორიცხავს, რომ სააკაშვილის გლდანის ციხეში გადაყვანა სპეციალურად მოხდა, რათა ქვეყანაში ტემპერატურამ აიწიოს და ყველაფერი „ნაციონალებს“ დაბრალდეს. მისი აზრით, ხელისუფლება ამ მიმართულებით უკეთესად მუშაობს, რადგანაც ენმ მისთვის ყველაზე კარგი განტევების ვაცია. ყველა მოუგვარებელ პრობლემას მას გადააბრალებს და ეს სააკაშვილის შიმშილზე მეტად გაჭრის.
„საზოგადოების უმრავლესობაში ამით სააკაშვილის და ენმ-ის მიუღებლობა კიდევ უფრო იზრდება. ამდენი მიტინგი და ქუჩაში გამოსვლა, მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის უკვე გამაღიზიანებელი ხდება. შეთქმულების და რევოლუციის შიშით ორივე პოლიტიკურ ძალას მოსახლეობა დაშანტაჟებული ჰყავს. ამიტომ ორივე მხარე თავს ძალიან კარგად გრძნობს. ამ თამაშით ყველაზე მძიმე მდგომარეობაში, შესაძლოა, ქვეყანა და ხალხი აღმოჩნდეს. არავინ იცის, ეს ყველაფერი ბოლომდე სად მივა“,-ამბობს ზაქარეიშვილი for.ge-სთან.