„სააკაშვილის და მისი მომხრეების შიმშილობის დრამატურგია ასეთია, რომ ამ შიმშილობით მუდმივად დაძაბულობის ფონი შექმნან, მუდმივად იყოს დაპირისპირება, მეტი პოლარიზება მოხდეს და იქნებ, ვითარება აირიოს. როცა განცდა შეიქმნება, რომ სახელმწიფო სუსტია, სააკაშვილის მომხრეებიც იფიქრებენ, ეს სუსტი კედელია, ერთს მივაწვებით და წაიქცევა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი.
სააკაშვილის შიმშილობა ეს არის შიმშილობა უსასრულოდ, გაპიარებულად, მოთხოვნების გარეშე. მართალია, არ ვიცით, რა მოთხოვნებს აყენებს ეს ადამიანი, მაგრამ, რაც სააკაშვილი ჩამოვიდა, სულ შიმშილობაზეა საუბარი. რა დივიდენდებს ელის შიმშილისგან? გათავისუფლების მოლოდინი თუ აქვს, ხომ უნდა მიმხვდარიყო, რომ ასეთი სენტიმენტებით ვერც ხელისუფლებას, ვერც უცხოეთს გულს ვერ აუჩუყებს?
- ეს არის შიმშილობის იმიტაცია, ყველა თვალსაზრისით, ეს არ არის სასიკვდილო შიმშილობა და შესაძლებელია, საკვების მიღება მედიკამენტებითაც ხდებოდეს. ცხადია, ესეც პროტესტის ერთგვარი ფორმაა და ამის გაუბრალოებაც არ შეიძლება, მაგრამ ის, რომ სერიოზული საფრთხე ემუქრება, ან სიკვდილის რისკს ეწევა, ასე არ არის. უბრალოდ, ეს არის საფრთხის იმიტაცია.
გიგი უგულავა აცხადებს, რომ სააკაშვილს შიმშილობაში თავად ჩაენაცვლებოდა და არ გამორიცხა, ექსპრეზიდენტის მხარდასაჭერად სხვა პოლიტიკურმა ლიდერებმაც იშიმშილონ. მათ შორისაა ელენე ხოშტარიაც. დროში ასეთი განგრძობითობა, შიმშილობის რეკორდულობა და მასობრიობა მეტ ექოს გამოიწვევს დასავლეთიდან?
- ჩვენ ხომ გვახსოვს, პერმანენტული შიმშილობის ეტაპი რამდენჯერმე იყო ქართულ პოლიტიკაში, ცხადია, ეს მეთოდი შეიძლება დღესაც გადმოიღონ, მაგრამ ესეც იმიტაცია იქნება. აქ მთავარია, მოთხოვნა რა აქვთ, რა მოთხოვნას აყენებენ? რა არის მათი პროტესტის მიზანი, ეს აბსოლუტურად გაუგებარია. თუ პროტესტის მიზანია, მართლმსაჯულება არ აღსრულდეს, არავითარი შიმშილობა აქ შედეგის მომტანი არ არის. ან კიდევ უარესი, თუ ამ შიმშილობის პოლიტიკური მიზანი ხელისუფლების დაბრუნებაა, ეს მით უმეტეს გაუგებარია. სხვა რა უნდათ? დრამატურგია ასეთია, რომ ამ შიმშილობით მუდმივად დაძაბულობის ფონი შეიქმნას, მუდმივად იყოს დაპირისპირება, მეტი პოლარიზაცია მოხდეს და იქნებ, ვითარება აირიოს.
ოპოზიცია მუდმივად იმას ელის, როგორმე საქართველოს სანქციები დაუწესონ, ამჯერად სააკაშვილის მოტივაციით, მაგრამ ჩვენ ვიხილეთ, გაეროში როგორი მაღალი დონის ვიზიტი ჰქონდა ირაკლი ღარიბაშვილს.
- უსაფუძვლოა ეს მოლოდინი, არავითარი სანქციები არ იქნება. საქართველოში მართლმსაჯულება ხორციელდება და ეს პროცესი ვინმეს უფლებების დარღვევის გარეშე მიმდინარეობს. ერთადერთი მოთხოვნა, რაც შეიძლება წამოაყენონ ამ დროს, ეს არის მსჯავრდებული და ბრალდებული სააკაშვილის უფლებების სათანადოდ დაცვა. ეს ისედაც ხდება, უფრო მეტიც, ძალიან მაღალი სტანდარტით ხდება სააკაშვილის უფლებების დაცვა, ასეთი სტანდარტით უფლებების დაცვა ხალხის გაღიზიანებას იწვევს, რადგან ეს ყველაფერი მას პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებს. მაგალითად, მას აქვს შეუზღუდავი კომუნიკაცია და განსაკუთრებით უტიფრად იყენებს ამ უფლებას. ჯერ ერთი, ის არის მსჯავრდებული, მეორეც, უცხო ქვეყნის მოქალაქეა და არავითარი უფლება არ აქვს, საქართველოს საშინაო საქმეებში ჩაერიოს და რაიმე პოლიტიკური საქმიანობა საქართველოში აწარმოოს. ეს კატეგორიულად იკრძალება, მიუხედავად ამისა, ის ამას მაინც აკეთებს. სახელმწიფოს ვალია, სააკაშვილს ამის საშუალება არ მისცეს.
როგორ შეუზღუდავენ ამ უფლებას, მით უმეტეს, ახლა, როცა ის საქართველოშია და შიმშილობს?
- გასაგებია, რომ უკრაინაში მყოფ სააკაშვილთან მიმართებით ვერაფერს ვერ გააკეთებდა საქართველოს ხელისუფლება, მართლმსაჯულებისთვის ის მიუწვდომელი იყო, ახლა კი ის ციხეშია და ციხეში ყოფნა ნიშნავს თავისუფლების შეზღუდვას, მათ შორის, კომუნიკაციის შეზღუდვას.
ითქვა კიდეც, რომ შესაძლოა, კორონა გადასდონ ამდენმა მნახველებმა.
- კორონა იქით იყოს, სააკაშვილს აქვს შეუზღუდავი კომუნიკაცია, ლამის ოფისი გახსნან ციხეში. იქიდან განკარგულებებს იძლევა, პოლიტიკურ მოწოდებებს აკეთებს, ამას ახორციელებს ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე. რაც მთავარია, მისი ფეისბუკის გვერდი მუშაობს, კორესპონდენციებს ატანს ვითომ ადვოკატებს და ისინი ამას აქვეყნებენ. ეს უნდა შეუზღუდონ, ასევე, უნდა შეუზღუდონ ნებისმიერი კომუნიკაცია, რაც არ არის დაკავშირებული მისი, როგორც პატიმრის, უფლებების დაცვასთან. მას შეიძლება ჰქონდეს კონტაქტი ოჯახის წევრებთან, ისიც იმავე რეჟიმში და იმავე გრაფიკში, როგორც სხვა პატიმრებს, ეს არის თვეში არაუმეტეს ორჯერ, ასეთია კანონი, პატიმრების კოდექსი. გარდა ამისა, მას უნდა ჰქონდეს ადვოკატთან ურთიერთობა. შეიძლება, 500 ადვოკატი იცავდეს, მაგრამ კომუნიკაცია უნდა ჰქონდეს მხოლოდ ერთთან. ციხის ადმინისტრაციას უფლება აქვს მის მიერ გაგზავნილი კორესპონდენცია შეამოწმოს, რომ არ მოხდეს პოლიტიკური შინაარსის მოწოდებების, ინსტრუქტაჟის, განკარგულების გამოტანა. ამით სამმაგად ირღვევა კანონი, ჯერ ერთი, პატიმრობის კოდექსი ირღვევა, მეორე, ხდება უცხოელის ჩარევა საქართველოს საშინაო საქმეებში. მესამე, სავარაუდოდ, ის ძალიან მძიმე დანაშაულს ეწევა, კერძოდ, ძირგამომთხრელ, ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას და რეალურად ამზადებს ამბოხებას. ახლა გვეუბნებიან, ეს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებააო. პატიმარს არ აქვს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება.
სააკაშვილი ამბობს, ციხიდან მისი დახსნის შემთხვევაში ათ დღეში მიაღწევს რიგგარეშე არჩევნებს და ბეჭებზე დადებს ივანიშვილს. როგორ აპირებს ამის მიღწევას? მასობრივად ხალხი მის გვერდით არ არის, დასავლეთი არ თანაუგრძნობს, მარტო შეებმება ყველას? მის მომხრეებშიც სარევოლუციო განწყობა არ უნდა იყოს.
- აპირებს იმას, რომ განსაკუთრებული უტიფრობით გადარევს ხალხს, დაცენტრავს, გააგიჟებს, ზოგი დაიჯერებს ამას. ვარდების რევოლუციაც ასე არ მოხდა? გულუბრყვილო ხალხმა მას დაუჯერა. იმ დროს დასავლეთის მხარდაჭერა იყო პოსტფაქტუმ, როცა რევოლუცია მოხდა, თანაც შევარდნაძე თვითონ წავიდა, რომ არ დაეყენებინა სისხლის ტბა. განსაკუთრებით სუსტი იყო მაშინ სახელმწიფო, დღეს ამის განმეორება შეუძლებელია. თუ ვინმე ამას გაბედავს, რეზინის ტყვიას კი არა, ცხელ ტყვიას მიიღებს. ახლა სიგიჟეებზეა ლაპარაკი, თითქოს სასამართლოში ან სხვა დაწესებულებაში გადაყვანის დროს შეეცდებიან მის გათავისუფლებას, ეს ძალიან საშიშია, უშუალოდ მათთვის, ვინც ამას აპირებს.
გავრცელდა ინფორმაცია, ზელინსკი სააკაშვილს პრემიერობას სთავაზობსო. სავარაუდოდ, ეს ჭორია, მაგრამ რამდენად ადეკვატური იქნება ასეთი საქციელი ზელინსკის მხრიდან?
- ეს ანეგდოტი იქნება. თუ ზელინსკი იმდენადაა შეშლილი, რომ, სულ ცოტა, 6 წლით პატიმრობამისჯილს სთავაზობს პრემიერობას, ეს ურთიერთობას გაგვიფუჭებს უკრაინასთან. იმედია, ეს „ნაცების“ მიერ აგორებული ჭორია.
თქვენ ამბობთ, „ნაციონალებმა“ ლამის საკუთარ ოფისად გადააქციეს ციხეო, ისე, საოფისედ ზუსტი ადგილი შეურჩევიათ, რატომ ვერ ბედავს ხელისუფლება, პრივილეგიები არ მიანიჭოს სააკაშვილს და სხვა პატიმრებს გაუთანაბროს? იქნებ, აწყობთ მისი პროვოკაციები ციხიდან, რათა უფრო კარგად გაშიფრონ, აალაპარაკონ რევოლუციაზე, გადატრიალებაზე?
- მეტი რა უნდა ათქმევინონ. თქვენ მკითხეთ, ამბოხება ხომ არ მოხდებაო. ეს იმ შემთხვევაში ხდება, როცა განცდა შეიქმნება, რომ სახელმწიფო სუსტია, როცა პატიმარს რამდენიმე დღის განმავლობაში საშუალებას აძლევ, ციხიდან აკეთოს ასეთი მოწოდებები, რომ პარლამენტის წევრებმა დატოვონ მანდატები, დაიწყოს აქციები, არ ცნონ არჩევნების შედეგები, დაიწყონ სახელმწიფო დაწესებულებების ბლოკირება. როცა ეს ყველაფერი ციხიდან ისმის, მის მომხრეებში ეს ქმნის განცდას, თითქოს სახელმწიფო სუსტია. ისინიც ფიქრობენ, ეს სუსტი კედელია, ერთს მივაწვებით და წაიქცევა. ხელისუფლება ვერ ბედავს ამის შეზღუდვას, რადგან ხელისუფლებას ეშინია ვითომც უფლებადამცველების და უცხოელების მხრიდან ზეწოლის, მათი არაადეკვატური შეფასებების.
ამ დროს ეროვნულ შერიგებაზე ლაპარაკობს სააკაშვილი.
- ესეც ცინიზმია, რადგან პირველი, რასაც გააკეთებს, ეს იქნება სასტიკი, ველური ანგარიშსწორება. არავის არ ჰქონდეს იმედი, რომ ამ ანგარიშსწორებას გადაურჩება.