ირაკლი ზაქარეიშვილი: „ეს დათა ახალაიას წერილი არ არის“

ირაკლი ზაქარეიშვილი: „ეს დათა ახალაიას წერილი არ არის“

ორი დღის წინ სოციალურ ქსელ facebook-ის მეშვეობით კუდ-ს ყოფილი მაღალჩინოსნის, დათა ახლაიას განცხადება გავრცელდა, სადაც ახალაია შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, ვანო მერაბიშვილს გარკვეულ დანაშაულებრივ ქმედებებში სდებდა ბრალს.

„ვფიქრობ, ვაანალიზებ წარსულს და სულ უფრო მიმყარდება რწმენა იმისა, რომ საქართველოში დატრიალებული მრავალი უბედურების სათავე ერთი კაცია, - კაცი, რომელმაც ჩვენთან - ჩემთან და ჩემს ძმასთან ბრძოლას გადააყოლა ხელისუფლება და ქვეყანა.

ამ ერთი კაცის დაუოკებელმა ლტოლვამ ძალაუფლებისაკენ, ანგარებამ და უბინძურესი ფორმებით წარმოებულმა ფარულმა ომებმა შეიწირა ჩვენი ხელისუფლება.

მე ღრმად მწამს, რომ არა ვანო მერაბიშვილი, ნაციონალური მოძრაობა, მიუხედავად შეცდომებისა, ასე გამანადგურებლად არ დამარცხდებოდა არჩევნებში...“, - ნათქვამი იყო აღნიშნულ განცხადებაში.

ამ განცხადების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ თავად ახალაიას ოჯახის წევრებს და ერთადერთი, ვინც ამ განცხადების ნამდვილობა დაადასტურა, მისი ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი იყო.

დღეს კი კვლავ facebook-ის მეშვეობით ახლა უკვე მეორე განცხადება გავრცელდა დათა ახალაიას სახელით. მეორე განცხადებაში ნათქვამია, რომ facebook-ის ის გვერდი, რომლის მეშვეობითაც გუშინწინ განცხადება დათა ახალაიას სახელით გავრცელდა, სინამდვილეში მას არ ეკუთვნის. დღეს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს ყველაფერი დათა ახალაიას და მისი ოჯახის დისკრედიტაციის მიზნით გაკეთდა, ხოლო წერილის შინაარს რაც შეეხება, ეს სისულელეა.

„ყველას გასაგონად მინდა განვაცხადო, რომ მე მყარად გადაწყვეტილი მაქვს საქართველოში უახლოეს მომავალში ჩამოსვლა და ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა, განსაკუთრებით კი იმაზე, თუ როგორ გეგმავდა ამჟამინდელი ხელისუფლება 1 ოქტომბრის შემდეგ საქართველოში სამოქალაქო ომს და რა კავშირში იყო ეს ყველაფერი რუსეთის ხელისუფლებასთან. ამ ყველაფრის ფაქტობრივი მასალა გაგვაჩნია და ამ ყველაფერს ქართული საზოგადოება სულ მალე იხილავს“, - ნათქვამია დათა ახალაიას სახელით დღეს გავრცელებულ განცხადებაში.

და ბოლოს, ამ წერილის თანახმად, დათა ახალაია სრულ მხარდაჭერას უცხადებს 19 აპრილის აქციას და მიიჩნევს, რომ ამ დღეს წყდება საქართველოს ბედი.

როგორც მოგახსენეთ, დათა ახალაიას სახელით გუშინწინ გავრცელებული განცხადების ნამდვილობა მისმა ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა დაადასტურა. დღეს გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით for.ge ახალაიას ადვოკატს დაუკავშირდა. ირაკლი ზაქარეიშვილი კატეგორიულად უარყოფს დღევანდელი წერილის დათა ახალაიასადმი კუთვნილებას.

„დათა ახალაია თუ რამეს გაავრცელებს, ეს მე აუცილებლად მეცოდინება. რაც ვიცოდი, გუშინ კი დავადასტურე“, - აცხადებს ირაკლი ზაქარეიშვილი.

ჩვენს კითხვაზე, რატომ არ იყო ახალაიას ოჯახის წევრებისთვის ცნობილი მისი პირველი წერილის შესახებ ინფორმაცია, ადვოკატი პასუხობს, რომ გუშინ დღის პირველ ნახევარში დათა ახალაიას ოჯახის ერთ-ერთმა ახლობელმა განაცხადა, რომ მისთვის ეს ცნობილი არ იყო, თუმცა ახალაიას ოჯახის არც ერთი წევრის მხრიდან ამ წერილის უარყოფა არ მომხდარა. ირაკლი ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ მას სანდოობის შესაბამისი ხარისხის მქონე ინფორმაცია და გავრცელებული განცხადების ტექსტის დავით ახალაიასადმი კუთვნილების დადასტურების უფლებამოსილება გააჩნია და ეს ეხება გუშინწინ გავრცელებულ წერილს.

ადვოკატი არ აკონკრეტებს, როდის აპირებს საქართველოში დათა ახალაია ჩამოსვლას და არც ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით ახალაიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციის კომენტირება სურს. მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ ორშაბათს ღამით გავრცელებული წერილი მართლაც დათა ახალაიას ეკუთვნის. კითხვაზე, ვის შეიძლებოდა გაევრცელებინა დღევანდელი განცხადება, ირაკლი ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ვისაც სურს, ყველას შეეძლო ამის გაკეთება, რადგან ინტერნეტი ხელმისაწვდობია, მაგრამ დათა ახალაიას წერილი ეს არ არის.