საპარლამენტო ფრაქცია „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია „ნაცმოძრაობის“ მიერ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით დღეს დაგეგმილ აქციას გამოეხმაურა. „ვადამდელი არჩევნები და მიშას ჯანმრთელობა არის საკითხები, რომლებიც უკავშირდება პოლიტიკოსებს. ასეთი მოთხოვნებით ჩვენი კოლეგები თავს ახვევენ ადამიანებს ისეთ რამეს, რაც ნაკლებად აწუხებთ. ამ შემთხვევაში მთავარი კითხვაა - რა შეიცვლება მიშა თუ გამოვა? გაიმარჯვებს და იქნება ჩვენი მხედართმთავარი?“ - ამის შესახებ იაგო ხვიჩიამ „ქრონიკას“ განუცხადა.
მისი თქმით, ნებისმიერი აქცია, რომელსაც კონკრეტული იდეა არ გააჩნია, თუ როგორი იქნება საქართველო ამ აქციის გამარჯვების შემთხვევაში, განწირულია წარუმატებლობისთვის იმ პირობებში, როდესაც ხელისუფლების მხარესაა ყველაფერი კონცენტრირებული, როგორც ფინანსური რესურსი ასევე ძალაუფლების ყველა შტო. „ერთადერთი, რასაც ამ ჯაჭვის გარღვევა შეუძლია არის იდეა, რომელსაც თანაბრად ებრძვის ხელისუფლება, ისე ოპოზიცია. აქედან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ წარმატებას ვუსურვებ ჩემს კოლეგებს, ნაკლებად მჯერა უიდეო აქციების“, - აღნიშნა ხვიჩიამ.