ბიუჯეტს უგულავასა და სააკაშვილის გასახდომი პროცედურები 115 ათასი ლარი დაუჯდა

ბიუჯეტს უგულავასა და სააკაშვილის გასახდომი პროცედურები 115 ათასი ლარი დაუჯდა

მთავარი პროკურატურის მიერ სახელმწიფო დაცვის სამსახურის ხარჯებს გრიფი „საიდუმლო“ მოეხსნა, რისი საშუალებითაც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ წლების განმავლობაში, პრეზიდენტის, მისი ოჯახის წევრების, ახლობლების, მეგობრების, ყოფილი და ახლანდელი თანამდებობის პირების, მათ შორის ქალაქის მერის, არაერთი გუბერნატორისა და პარლამენტის წევრების ფუფუნების საგნებზე, საჩუქრებზე, დასვენებასა და გართობაზე შოკისმომგვრელი თანხები იხარჯებოდა.

აღნიშნული ხარჯები საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ირინე იმერლიშვილმა გამოამზეურა, რომლის მიერ შემუშავებული კანონპროექტითაც, სახელმწიფო დაცვის სამსახური პრეზიდენტის დაქვემდებარებიდან გამოვიდა და მთავრობის კომპეტენციაში გადავიდა.

იმერლიშვილის ინფორმაციით, დოკუმენტებით ირკვევა, რომ ახალ წელს პრეზიდენტთან ერთად ნაციონალები - კობა ხაბაზი, ალანა გაგლოევა, ზურაბ ჭიაბერაშვილი, გოგა ხაჩიძე, დავით საყვარელიძე, მარიამ საჯაია, გიორგი ღვინიაშვილი, ნუგზარ წიკლაური, სერგო რატიანი, დავით დარჩიაშვილი დუბაიში შეხვდნენ და მათ გართობაზე 240 ათასი ლარი დაიხარჯა.

მისი თქმით, სააკაშვილის მხოლოდ ესპანელი მზარეულის ცხოვრების და თარჯიმანით უზრუნველყოფის ხარჯები 500 ათას ლარს შეადგენს.

„ისტერიკა, რომელიც სახელმწიფო დაცვის სამსახურში და შესაბამის კანონში გახორცილებულმა ცვლილებებმა გამოიწვია განპირობებული იყო იმით, რომ როდესაც ეს სამსახური პრეზიდენტის დაქვემდებარებაში იყო მასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, ხარჯები იყო გასაიდუმლოებული და მას გრიფი „საიდუმლო“ ედო. მას შემდეგ, რაც სამსახური მთავრობის დაქვემდებარებაში გადავიდა, გრიფი მოეხსნა. დოკუმენტაციის მიხედვით, მილიონობით ლარი არამიზნობრივად დაიხარჯა. კერძოდ, პრეზიდენტის, მისი ოჯახის წევრების, მისი მეგობრებისა თუ სტუმრების საზღვარგარეთულ ვიოაჟებსა და ძვირფას საჩუქრებზე მილიონობით ლარი იხარჯებოდა. გარდა ამისა, ფარული ხარჯებით, რომელიც გათვალისწინებული იყო დასაცავი პირებისა და სახელმწიფოს უსაფრთხოებისათვის, ფინანსდებოდა პრეზიდენტის ოჯახის წევრებისა და მეგობრების დასვენება, სწავლა. აღნიშნული სამსახურისთვის გამოყოფილი ხარჯებით სარგებლობდა ზოგიერთი ჩვენი ყოფილი და ამჟამინდელი ოპოზიციონერი კოლეგაც“, - აცხადებს იმერლიშვილი.

დოკუმენტით ირკვევა, რომ პრეზიდენტის საჩუქრებით ქალბატონებიც იყვნენ განებივრებულნი. მაგალითად, ქვეყნის პირველი პირისგან მომღერალმა - ივანა მელაიმ 982 ლარის ღირებულების ოქროს ნაკეთობა მიიღო, ხოლო მარიამ საჯაიამ მობილური ტელეფონი და სამაჯური, რომელიც 3500 ლარი ღირდა.

„სააკაშვილმა უკრაინელ მომღერალს, რომლის მამასაც საქართველოს მოქალაქეობა სრულიად უკანონოდ მიანიჭა, რადგან თავის ქვეყანაში ძებნილი იყო, ოქროს ნაკეთობები აჩუქა. პრეზიდენტს საკმაოდ ძვირად ღირებული ოქროს ნაკეთობა აქვს ნაყიდი და ნაჩუქარი ასევე რუსი ჟურნალისტისთვის“, - აღნიშნავს კანონმდებელი.

აღსანიშნავია, რომ დოკუმენტში საუბარია იმაზეც, რომ პრეზიდენტისა და დედაქალაქის მერის „ტანის დაყენებას“ ბიუჯეტიდან 115 ათასი ლარი შეეწირა.

„სააკაშვილმა და უგულავამ ავსტრიულ ძვირადღირებულ კურორტზე გასახდომ პროცედურებში 115 ათასი ლარი დახარჯეს და თან, ცხვრები ჰყავთ ნაყიდი – 40 ერთეული 7 950 ლარად, რომელიც მოსახლეობას დაურიგეს“, - აცხადებს კანონმდებელი.

ამას გარდა, დოკუმენტში საუბარია საქართველოს პირველი ლედის, სანდრა რულოვსის ამერიკაში ვიზიტის დროს დახარჯულ თანხებზეც და გაწერილია ხარჯები როგორც სასტუმროს მომსახურების, ავტომობილის დაქირავების, ნავით სარგებლობის, ფოტოსურათების დაბეჭვდის, მედიკამენტების შეძენის, ასევე ბავშვის საცურაო აქსესუარის შეძენის.

უნდა აღინიშნოს, რომ იმერლიშვილის ბრალდება კატეგორიულად უარყო მარიამ საჯაიამ.

როგორც for.ge-ს საჯაიამ განუცხადა, მას პრეზიდენტისგან საჩუქრად არც მობილური ტელეფონი მიუღია და არც სამაჯური.

„19 აპრილთან დაკავშირებით, ხელისუფლება სრულ პანიკაშია და ბრალდებებსა და ტყუილებს უნდა ველოდოთ. ამ კონკრეტულ ბრალდებაზე იმას გეტყვით, რომ ეს სრული სიცრუეა და სინამდვილეს არ შეესაბამება. მსგავსი საჩუქარი ნამდვილად არ მიმიღია“, - აცხადებს კანონმდებელი.

21 წლის დეპუტატმა და სხვა ნაციონალებმა თუ რა საჩუქრები მიიღეს და რომელ ძვირადღირებულ კურორტებზე დაისვენეს, მომავალში, ამ ფაქტების შესახებ, ალბათ, ძალოვანი უწყებებიც ისაუბრებენ, რადგან სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხების არამიზნობრივი ხარჯვის საკითხს მთავარი პროკურატურა უკვე იძიებს.