როგორ აღმოჩნდა, 2006-2007 წლებში, დავითგარეჯის სასაზღვრო მონაკვეთი აზერბაიჯანის მხარეს? რატომ შეცვალა საზღვრების დამდგენმა კომისიამ პოზიცია და რატომ აღარ გახდა მთავარი სახელმძღვანელო 1938 წლის რუკა, რომელიც მონასტრის სადავო მონაკვეთებს საქართველოს ტერიტორიაზე აქცევდა? - ეს არის მთავარი კითხვები, რაზეც პატიმარ მიხეილ სააკაშვილს პასუხის გაცემა მოუწევს.
როგორც ცნობილია, დავით გარეჯის საქმეზე სააკაშვილს გამოკითხავენ. გამოძიების მთავარი აქცენტი გადატანილია დავალების გამცემ პირებზე. for.ge-ს ინფორმაციით, კონკრეტულ პირებთან დაკავშირებით, მტკიცებულებები უკვე არსებობს.
დავითგარეჯის საქმეზე ამ ეტაპზე ჯერჯერობით ბრალდებულები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა არიან. მათ ბრალად ედებათ საქართველოს ტერიტორიების წინააღმდეგ მიმართული ქმედება. პროკურატურამ ფარული ჩანაწერი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესში ზემდგომი თანამდებობის პირების დავალებით მოქმედებდნენ. ვისი დავალებით მოქმედებდნენ ბრალდებულები? - ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.
მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის წლები უმძიმეს დანაშაულებებთან ასოცირდება. ყველაფერი დაიწყო 2004 წლის აგვისტოში, როდესაც ცხინვალის რეგიონში საომარი მოქმედებები დაიწყო, შედეგადაც ქართულმა მხარემ 16 მებრძოლი დაკარგა. შემდეგ შეიქმნა ახალგორის ადმინისტრაციული მთავრობა. პარალელურად, კოდორის ხეობას გადაერქვა სახელი და დაერქვა - ზემო აფხაზეთი. ამის შედეგად მივიღეთ 2008 წელი, რასაც მოჰყვა ტერიორიების 20%-ის ოკუპაცია, მაგრამ მანამდე იყო 2007 წელი, როდესაც სააკაშვილმა მიიღო უმძიმესი გადაწყვეტილება და სტრატეგიულ სიმაღლეებთან ერთად, სასაზღვრო მონაკვეთი აზერბაიჯანულ მხარეს აღმოჩნდა. დღეს, ეს ადამიანი პატიმარია, მისი მხარდამჭერები ამბობენ, რომ მესამე პრეზიდენტი ციხიდან უნდა გაანთავისუფლონ. მხოლოდ ამ ფაქტებიდან გამომდინარე, ექს-პრეზიდენტი სად უნდა იყოს - ციხეში, თუ თავისუფლებაზე?
რამაზ საყვარელიძე: რთული საქმეა, ისევე როგორც ყველა ის საქმე, რომელიც იმ წლებში საგარეო სიბრტყეზე გადიოდა და როგორც წესი, წამგებიანად მთავრდებოდა საქართველოსთვის. როგორც წესი, ვკარგავდით ტერიტორიებს და ადამიანების სიცოცხლეს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ტერიტორიების დაკარგვის გარდა, კულტურულ მემკვიდრეობის წინააღმდეგ იქნა ხელი აღმართული.
ის, რომ დავით გარეჯის საქმე ილიჩოვას და მელაშვილის დონე არ არის, მელაშვილის საქციელით ჩანს, რომელიც აქტიურად ჩაერთო „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ საქმიანობაში და ფიგურირებს როგორც პარტიის წევრი. სავარაუდოა, რომ მისი ურთიერთობა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ახლა არ არის დაწყებული და დასაბამს იღებს იმ პერიოდიდან, რომელიც თქვენს კითხვაში აღნიშნეთ. რასთან გვაქვს საქმე, ამის თქმა ძნელია, რადგან ფრჩხილები ბოლომდე არ არის გახსნილი.
ფრჩხილების გახსნაში რას გულისხმობთ?
- ფრჩხილები გახსნილი არ არის იმიტომ, რომ ქართული მხარე ეჯახება სხვა სახელმწიფოს ინტერესებს. ანუ, თუ ფრჩხილები გახსნა, მაშინ სხვა სახელმწიფოს უნდა წაუყენოს ბრალდება. თუკი დადგინდა, რომ 2008 წლის ომში საქართველო რუსეთის ინტერესებით მოქმედებდა, მაშინ სააკაშვილთან ერთად დამნაშავე არის რუსეთი. ანალოგიურად, თუკი დადგინდა, რომ დავითგარეჯის საქმეში სააკაშვილი ბაქოს ინტერესებით მოქმედებდა, მაშინ დამნაშავე არის ჩვენი პარტნიორი ქვეყანა აზერბაიჯანი, რა თქმა უნდა, სააკაშვილთან ერთად.
მთელ ამ ისტორიას რომ გადავხედოთ, როგორ ფიქრობთ, რის სანაცვლოთ ჩაიდინა ეს უმძიმესი დანაშაული საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა?
- ამის გარკვევა ძნელია, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც გარკვევის შემთხვევაში ბრალდება უნდა წაუყენო უკვე აზერბაიჯანს, რადგან სანაცვლოს შემთავაზებელი აზერბაიჯანია.
გასაგებია, რომ აზერბაიჯანი მოქმედებდა საკუთარი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მაგრამ პრეზიდენტი, რომელიც ამავე დროს არის მთავარსარდალი, საკუთარი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე არ უნდა მოქმედებდეს?
- რა თქმა უნდა, მაგრამ ეს ხომ ის პრეზიდენტია, რომელმაც პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა მიიღო! ვისზე ვლაპარაკობთ - იმ ადამიანზე, რომელიც ყველამ გააფრთხილა: ნუ ჩახვალ საქართველოში, დესტაბილიზაციის წყარო გახდებიო, მაგრამ შემოიპარა. ე.ი. დესტაბილიზაცია უნდა თავისი ქვეყნისთვის. აი, ამ ადამიანზე ვლაპარაკობთ.
„იმიტომ კი არ ხართ მოსაკლავი, რომ გშიათ, მოსაკლავი იმიტომ ხართ, რომ გაძღომის ფასად სამშობლოს გაყიდვა შეგიძლიათ“, - გიორგი მაზნიაშვილს ეს ფრაზა, ალბათ, კარგად ასახავს უახლეს წარსულს...
- მაზნიაშვილი აქ ამბობს გაძღომის ფასადო. სააკაშვილის შემთხვევაში სხვა მომენტია - პოლიტიკური ხელისუფლების გამყარების, თუ სხვა ქვეყანაში რეიტინგის მოპოვების ნაცვლად ჩაიდინა ეს დანაშაული? - არ ვიცით, რა ფასი იდგა ამ მოვლენების იქით. შიმშილი რომ არ იდგა, ფაქტია. სააკაშვილი ერთ-ერთი შეძლებული ადამიანია, საიდან აქვს ეს თანხები, ესეც ცალკე საუბრის თემაა. დღეს, სააკაშვილი აფინანსებს პოლიტიკურ პარტიებს და ასევე ტელევიზიებს. აღარ ვლაპარაკობ იმ შენაძენებზე, რომელიც აქვს იგივე უკრაინაში. ამ შემთხვევაში შიმშილზე არ არის ლაპარაკი, აქ უარეს ვარიანტს ვიღებთ.
ილიჩოვას და მელაშვილი არ იყვნენ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღები პირები, როგორც ფიქრობთ, შეეძლოთ დამოუკიდებლად მიეღოთ ეს დანაშაულებრივი გადაწყვეტილება დავითგარეჯთან მიმართებაში?
- თავისი პირით აქვს ნათქვამი სააკაშვილს იმ ციტატით, რაც თქვენ მოიყვანეთ საუბრის დასაწყისში - „მივიღე გადაწყვეტილება სტრატეგიული სიმაღლეები გადავეცი აზერბაიჯანს“. რა თქმა უნდა, ეს იყო პრეზიდენტის პრეროგატივა და ამას ამბობს სააკაშვილი თავის განცხადებაში 2007 წელს და არა იმას, რომ მელაშვილმა და ილიჩოვამ გადასცაო. ამ უმძიმეს საქმეში მათი ფუნქცია იყო ერთი - ეს პროცესი როგორ გაფორმებულიყო საიმისოდ, რომ სააკაშვილის ნათქვამის შედეგი დამდგარიყო.
მაგასაც ვერ ხვდებიან - თუ გადაეცი ე.ი. რაღაცა უკანონოდ გააკეთე და მერე იწყებ ამ უკანონობის გათეთრებას, ისიც არ იცი, რა უნდა თქვა და ამ ყველაფერს უჭკუობაც ემატება. სააკაშვილმა ძალიან კარგად იცის, ეს მისი კარ-მიდამო არ არის, რომ ვინმეს გადასცეს, ეს არის ქვეყნის ტერიტორია და თან ისტორიით და კულტურით დატვირთული ტერიტორია. მისი ვინმესთვის გადაცემა პრეზიდენტის უფლებამოსილებას სცილდება. ამიტომ შემოტრიალდნენ და დაიწყეს საქმის ისე შეკერვა, რომ ეს გადაცემა არ ყოფილა და არგუმენტების მოძებნა დაიწყეს დეფორმირებულ მასალაში. დოკუმენტალური მასალა ისე გააფუჭეს, რომ მათ ინტერესებს მორგებოდა, მაგრამ 2007 წელს სააკაშვილმა პირდაპირ აეროპორტში თქვა, რომ გადავეცითო. ანუ, გადადგა ის ნაბიჯი, რომელიც არ უნდა გადაედგა. ჯერ პრეზიდენტმა სააკაშვილმა დაარღვია კანონი და მერე ამ წვრილმანებმა აუბეს მხარი. ამიტომ, ვერც ერთ შემთხვევაში მელაშვილი და ილიჩოვა უდანაშაულოები ვერ იქნებიან! ჯარისკაცი რომ ჯარისკაცია და პოლიციელი რომ პოლიციელია, ვალდებული არიან არ შეასრულონ უკანონო ბრძანება. მით უმეტეს, არასამხედრო სისტემაში მყოფი ადამიანები ვალდებული იყვნენ, არ შეესრულებინათ უკანონო ბრძანება, ეზრუნათ იმაზე, რომ გამყარებულიყო კანონიერი მიდგომის არგუმენტები. საპირისპიროდ მოიქცნენ და დღემდე იგივეს აგრძელებენ.
მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ნოღაიდელის ჩვენებით, მთავარი მოქმედი პირი იყო სააკაშვილი. ელოდებით, რომ გამოძიება, რომელმაც გაათამამა ყოფილი ხელისუფლება, ბრალს წაუყენებს ყოფილ მაღალჩინოსნებს: სააკაშვილს, მერაბიშვილს და ყველას, ვინც რაღაცა სახით მონაწილეობდა ამ დანაშაულში? ილიჩოვა მუშაობდა შსს-ს სასაზღვრო პოლიციაში, მაშინ მისი უფროსი იყო ეკა გიგაური, თავად გიგაურის ხელმძღვანელი იყო ვანო მერაბიშვილი. მელაშვილი მუშობდა საგარეო საქმეთა სამინისტორში, მისი ხელმძღვანელი იყო გელა ბეჟუაშვილი...
- ვიმეორებ, სააკაშვილს აქვს ნათქვამი, რომ ტერიტორია მე გადავეციო. ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც მაშინ მუშაობდა სისტემაში, დღესაც სამართალდამცავ უწყებაში რჩება, ნაწილი დაწინაურდა კიდეც, ეს ერთი მიზეზია, რატომაც შეიძლება არ გაიხსნას ეს საქმე. არის მეორე მიზეზი - როდესაც ასეთი ადამიანები არსებობენ სისტემაში, წესით, მათი ლუსტრაცია უნდა მოხდეს და დაატოვებინონ სისტემა, მაგრამ თუ ამას არ აკეთებს სახელმწიფო, ე.ი. სახელმწიფო არის დაინტერესებული, რომ საქმე არ გაიხსნას. ამდენად, მიზეზი მარტო ისინი არ არიან, ვინც დანაშაული ჩაიდინა, არამედ - ისინიც, ვინც დანაშაულს ფარავს. დამნაშავის დაფარვაც დანაშაულია. ამ შემთხვევაში ლაპარაკია ისეთ დანაშაულზე, რომელიც მარტო ქართული არ არის და ეს არის კიდევ ერთი სირთულე ამ საქმეში.
პატიმრობიდან გირაოთი განთავისუფლებული მელაშვილი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ „TV პირველში“ მიიყვანა, იქ შერაცხეს გმირად, მეტიც, გირაოს თანხა გადახდილი იქნა „ნაცმოძრაობის“ ყულაბიდან. მელაშვილი აქტიურად მონაწილეობს „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკურ ღონისძიებებში. ეს ერთგვარი ტრაგედიაც არის, რადგან მოდის თაობა, რომელმაც არ იცის, რა ხდებოდა 9 წლის წინ საქართველოში და ამ დროს ხედავს, რომ ადამიანი, რომელიც სამშობლოს ღალატში არის ბრალდებული, მონაწილეობას ღებულობს პოლიტიკურ ღონისძიებებში. ამით, რა მაგალითს ვაძლევთ თაობას?
- თქვენი გამკვირვებია. რომელ პარტიაზე და პოლიტიკოსებზე ვლაპარაკობთ? სხვა მაგალითი არ გვახსენდება? - პროფესურა რომ ჩარეცხა, ეს რისი მაგალითი იყო თაობისთვის? ბუჩქებისკენ რომ უთითებდა პრეზიდენტი, ეს რისი მაგალითი და ბიძგი იყო ახალგაზრდა თაობისთვის? ქუთაისში მემორიალი რომ დაანგრია, ეს რისი მაგალითი იყო? სამხედროების დახოცვა და შემდეგ ომგამომვლილი სამხედროების დაპატიმრება, რისი მაგალითი იყო? ძალიან ბევრის ჩამოთვლა შეიძლება. აი, ამ ხალხზე გვაქვს ლაპარაკი - მელაშვილით და ილიჩოვათი რა მაგალითს აძლევენ თაობასო...
რა იყო გირაო? - მაშინვე ცხადი იყო, რომ ის საპატიო ფიგურა გახდებოდა „ნაციონალურ მოძრაობაში“, რადგან ამ პარტიის ლიდერმა თქვა მე გადავეციო, მელაშვილმა შეასრულა და რა თქმა უნდა, პარტიის დანარჩენი წევრები „გმირად“ გაასაღებდნენ მელაშვილს. ეს ის პარტია არ არის, რომლის თავზე სახარების კითხვა ღირდეს. თუ ამ საქმეზე იურიდიული პასუხისმგებლობა არ დადგა, ამ ხელისუფლებას დახვდება წინ და ამ ხელისუფლების თავსატეხი გახდება, მაგრამ ამათ ამდენის ფიქრი არ შეუძლიათ. ახალგაზრდა თაობა ისეთი მიმართულებით იცვლება, რომელიც წინ დახვდება ქართლის ცხოვრებას და ცუდ სამსახურს გაუწევს საქართველოს მომავალს. სამშობლოს ღალატი - ეს არის უმძიმესი დანაშაული და მე არ მახსენდება საქმე, როდესაც ამ მუხლით გასამართლებული ადამიანები გირაოთი გაენთავისუფლებინათ. ეს არის უპრეცედენტო სისხლის სამართლის საქმე. საქართველოს უახლოეს ისტორიაში ასეთი საქმე არ ყოფილა.
ამ უპრეცედენტო საქმზე ასეთი გადაწყვეტილება იყო პოლიტიკურიი გადაწყვეტილება, თუ სამართლებრივი? შეიძლება ითქვას, რომ სასამართლო ხელისუფლებამ მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება? აღსანიშნავია, რომ მაშინ პრემიერ-მინისტრი იყო გიორგი გახარია...
- ფარდა უნდა აეხადოს ამ საქმეს! რითი იყო განპიროვნებული ეს გადაწყვეტილება - სისულელით, თუ მოხდა პოლიტიკური დაკვეთა - მით უმეტეს ისეთი გაუგებარი ფიგურის პირობებში, როგორიც გახარია გამოდგა. ეს ყველაფერი გასარკვევია.
სააკაშვილმა დანაშაული ჩაიდინა და ეს უდავოა, მაგრამ ამ დანაშაულის განვითრების ქრონოლოგია არის საინტერესო. ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერად ყოფნის დროს იწყება საქმის შესწვალა, ირაკლი ალანიასაც თვისი როლი აქვს შესრულებილი ამ საქმის წამოწევაში. მიდის ღარიბაშვილი, მოდის კვირიკაშვილი და საქმე ჩერდება; ბახტაძემ თითქოს დაძრა საქმე, მაგრამ მოდის გახარია და საერთოდ გაყინა საქმე. ობიექტურობა მოითხოვს, გაირკვეს, რა მოდა 2012 წლის შემდეგ ამის საქმის გარშემო და „ქართული ოცნების“ პირობებში ვინ რა როლი შეასრულა.
- აბსოლუტურად სწორად სვამთ საკითხს. მახსენდება გირგვლიანის საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილება, როდესაც სტრასბურგმა გაოცება გამოხატა იმითი, როგორ შეხმატკბილებულად მუშაობდა სისტემა ამ დანაშაულში მონაწილე პირების გასათეთრებლად. მთელს ვერტიკალზე იყო ლაპარაკი. დავითგარეჯის საქმის შემთხვევაში, ეს ვერტიკალი კიდევ უფრო მკაფიო და თვალში საცემია. ერთი ადამიანით არ ჩნდება ეს პრობლემა. პრობლემა ძალიან ბევრ მოქმედ პირზე გადის და ამ ბევრი მოქმედი პირების ხელშეწყობით პრობლემა რჩებოდა პრობლემად.
გაქვთ მოლოდინი, რომ განურჩევლად პოლიტიკური წარსულისა, ყველა აგებს პასუხს, ეყოფა ამის გამბედაობა საქართველოს პროკურატურას?
- მაქვს მოლოდი, რომ ეს საქმე მივა ბოლომდე და ყველა ფიგურანტი აგებს პასუხს იმიტომ, რომ დანაშაულის მასშტაბი იყო ძალიან დიდი. საქმის სააშკარაოზე გამოტანაც საკმაოდ მასშტაბური ძალებით მოხდა. ბიძინა ივანიშვილის და ირაკლი ღარიბაშვილის ჩარევით დაიძრა საქმე. მთელს ამ ამბავში მთავარი მოქმედი პირი მამა კირიონია და რომ არა მამაო, ეს საქმე დღის სინათლეს ვერ ნახავდა. ამიტომ მაქვს იმედი, რომ საქმე ბოლომდე მივა.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ ეს საქმე მაშინ წამოწიეს, როდესაც იოლი არ იყო ამ თემის წამოწევა. აზერბაიჯანულ მხარესთან არის ბევრი საკითხი გასარკვევი. მეეჭვება უამისოდ რამის გარკვევა მოხდეს. ჩემი სურვილია, რომ ამ საქმეში, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტკივილია ყველა ქართველისთვის, ასეთი შავი წერტილები და ლაქები აღარ იყოს.