არსებობს თუ არა ქვეყანაში საელმწიფო გადატრიალების და სამოქალაქო დაპირისპირების რისკები? - სუს-ში უკვე მეორედ აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლების ძალადობრივი მეთოდით მიტაცებას გეგმავს.
რა დირექტივებს აძლევს მომხრეებს პატიმარი სააკაშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში არ დაუკონკრეტებიათ. თუმცა ანტიტერორისტული დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, 6 ნოემბრიდან აქციების პარალელურად, სტრატეგიული სახელმწიფო ობიექტების ბლოკირებას გეგმავენ. უწყებაში, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე განაცხადეს, რომ ვითარების ესკალაციის მიზნით ერთ-ერთი ოპოზიციონერი ლიდერის მკვლელობაც იგეგმება.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ ინფორმაციას, ხელისუფლების ძალადობრივი დამხობის სურვილთან დაკავშირებით, უარყოფენ, თუმცა სუს-ის მიერ დასახელებულ პროტესტის ფორმებს კონსტიტუციურ უფლებად მიიჩნევენ. პარტიის წევრები მწვავე პროტესტს აანონსებენ.
სავარაუდო დესტაბილიზაციის მცდელობას არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა სხვა ოპოზიციურ პარტიებში. „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ალიანსში მყოფ ძალებში, აქცენტს პროტესტის მშვიდობიანობის აუცილებლობაზე აკეთებენ. ოპოზიციის მეორე ნაწილი კი, აქციების ერთადერთ დანიშნულებად, სააკაშვილისთვის პოლიტიკურად თავის მოწონებას ასახელებს.
„ნაციონალური მოძრაობის მორიგი ლუსტრაცია“ - ასე აფასებენ მმართველ გუნდში უსაფრთხოების სამსახურის განცხადების შინაარსს. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ სააკაშვილის გუნდს, ხელისუფლებაში მოსვლის ერთადერთ გზად მთავრობის ძალისმიერი მეთოდებით დამხობა მიაჩნია.
„არ აგარევინებთ“ - ამ მოწოდებით კი პარლამენტის წინ, 7 ნოემბრის დარბევის დროს დაზარალებული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, პოლიტიკოსები, უფლებადამცველები და ის მოქალაქეები შეიკრიბნენ, ვისთვისაც 14 წლის წინ მომხდარი ფაქტი მიუღებელია. გამომსვლელებმა გაიხსენეს დარბევის დროს სასტიკად ნაცემი აქციის მონაწილეები და სოლიდარობა გამოუცხადეს იმ ადამიანებს და ოჯახებს, რომლებიც მაშინდელი ხელისუფლების მსხვერპლი იყვნენ. შეკრებილებს სიტყვით მიმართა ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა და ხელისუფლებას „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა. 7 ნოემბრის მოვლენების გასახსენებლად შეკრებილებს მიმართეს პოლიტპატიმრებმაც.
სავარაუდოდ, სწორედ უსაფრთხოებიდან და თავიდან გარკვეული პროვოკაციების არიდების მიზნით, იუსტიციის მინისტრმა თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე 10 ნოემბერს ჩანიშნული სასამართლო პროცესი, რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში უნდა ჩატარდეს. მისი მტკიცებით, რეკომენდაცია მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოებისა და მართლწესრიგისთვის არის გაცემული.
„ჩვენი რეკომენდაცია იქნება, რომ სასამართლო პროცესი მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ჩატარდეს და ყველა ის პირი, ვინც იქნება საჭირო, მივა პენიტენციურში. ჩვენი მკაცრი რეკომენდაცია იქნება, რომ მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან პატიმარი არ გაიყვანონ. ჩვენ ისედაც დავღალეთ საზოგადოება ამდენი საუბრისგან და თუკი სასამართლოსთან იქნება გარკვეული პროვოკაცია, მერე ვინ აგებს ამაზე პასუხს, ან რა რაოდენობის ძალა უნდა გამოიყენოს სახელმწიფომ?! არ შეიძლება, რომ მთელი რესურსი იყოს მიმართული ერთი ადამიანის დაცვაზე და ამ მუდმივი პროვოკაციების თავიდან არიდებაზე, შესაბამისად, ჩვენი რეკომენდაციაა, რომ პროცესი ჩატარდეს მეთორმეტე პენიტენციურ დაწესებულებაში“,- ამბობს რატი ბრეგაძე.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლების მხრიდან მიღებული გადაწყვეტილება - მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომის ციხეში გამართვა, თავის დაზღვევაა და ხელისუფლებას უნდა ყველა ის რისკები გამორიცხოს, რაც შეიძლება სასამართლოს დარბაზში შეიქმნას.
„როგორც ჩანს, ხელისუფლებას არ სურს სააკაშვილი საჯაროდ გამოვიდეს. უამრავმა კამერამ მისი საჯაროდ გამოსვლები გააშუქოს. სავარაუდოდ, ფიქრობენ, რომ ასეთი აქტიურობა ხელისუფლებას დააზიანებს. სააკაშვილს ვიცით, საჯარო გამოსვლები ეხერხება და არაა გამორიცხული, სასამართლო პროცესები ერთგვარ შოუდ გადააქციოს. სასამართლო პროცესს აუცილებლად უცხოური მედია და სხვადასხვა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან. ამიტომ ეს საერთაშორისო განხილვის საგანი გახდება და საკაშვილის, როგორც პოლიტიკური ფიგურის აქტუალიზაცია საერთაშორისო ასპარეზზე კიდევ ერთელ მოხდება. სავარაუდოდ, ამ მოსაზრებების და უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, ეს გადაწყვეტილება მიიღეს“, - ამბობს ანჯაფარიძე for.ge-სთან.
თუმცა ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ სააკაშვილის სასამართლო ციხეში გამართვა, ჩვენი პარტნიორების და საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან კითხვების დასმის საგანი გახდება. მეორეც, ხელისუფლება შეიძლება მიიჩნევდეს, რომ თუკი სააკაშვილს ჯამრთელობის მხრივ პრობლემები აქვს, არაა გამორიცხული ის სასამართლო დარბაზში შეუძლოდ გახდეს და ამან დამატებით პრობლემები გამოიწვიოს.
„სახელმწიფო და შესაბამისი სტრუქტურები იმისთვის არსებობენ, რომ თუ სააკაშვილის მიმართ ან მისი მხრიდან რაიმე სახის პროვოკაციას ადგილი შეიძლება ჰქონდეს, ხელისუფლებამ ეს თავიდან უნდა აიცილოს. აქედან გამომდინარე, რისკები გასათვალისწინებელია და მისი პრევენცია უნდა მოხდეს. იგივე შეიძლება ითქვას გლდანის ციხეში არსებულ საფრთხეზე, თუკი სააკაშვილის იქ გადაყვანა მოხდა. ამ შემთხვევაშიც ხელისუფლებამ ნებისმიერი კანონსაწინააღმდეგო ქმედება უნდა აღკვეთოს“, - ამბობს ანალიტიკოსი for.ge-სთან.
რაც შეეხება სუს-ის მიერ გაკეთებულ განცახდებას, რომ სააკაშვილი ციხიდან სახელმწიფო გადატრიალების დირექტივებს იძლევა და სხვადასხვა სახელმწიფო დააწესებულებების დაკავებას აპირებენ, ანჯაფარიძე ამბობს, რომ ოპოზიცია ახლა ყველანაირ ვა-ბანკზე შეიძლება წავიდეს. ისინი ამ აქციებსა და გამოსვლებში მთლიან რესურს დებენ. იქნება ეს ადამიანური თუ ფინანსური. ამიტომ სუს-მა უფორ მეტი ფაქტები და მტკიცებულებები უნდა წარმოადგინოს, რომ საზოგადოებას ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდონ.
რაც შეეხება იმ ფაქტს არსებული პოლიტიკური სიტუაცია ქმნის თუ არა ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირების რისკებს, კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი მიიჩნევს, რომ ორივე მხარე გარკვეულ პროვოკაციაზე მიდის. დღეს გვაქვს ის მოცემულობა, როდესაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ - 2021 წლის არჩევნებმა კრიზისი კიდევ უფრო გაამწვავა. მეტიც, პროცესების დინამიკას აქვს პოტენცია, რომ სერიოზულ სამოქალაქო დაპირისპირებაში გადაიზარდოს.
„ჩვენს საზოგადოებაში რევოლუციური მუხტი არ არის, რაც იმას ნიშნავს, რომ მოვლენათა რევოლუციური სცენარით განვითარების გზა ამ ეტაპზე არ არსებობს. ვფიქრობ, რომ პოლიტიკური ძალები ამ ვითარებას უწევენ ანგარიშს. პროცესების რევოლუციური სცენარით განვითარება დიდწილად დამოკიდებულია მმართველი პოლიტიკური ძალის ქცევაზე, ანუ იმაზე დარჩება იგი დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ფარგლებში და ხალხს არ მოუწევს ზრუნვა მიტაცებული ძალაუფლების დაბრუნებაზე. ამიტომ არ მგონია, რომ ამ აქციებმა რაიმე განსაკუთრებული მოცემულობა მოგვცეს, თუკი ხელისუფლება გონივრულად მოიქცევა და რამე გამოუსწორებელ შეცდომას არ დაუშვებს. ახლა ქვეყანაში სიტუაცია ძალიან კრიზისულ ვითარებაშია. ამიტომ პატარა შეცდომამაც კი შესაძლოა, მძიმე შედეგებამდე მიგვიყვანოს“, - ამბობს ალაფიშვილი for.ge-სთან.