ზუკა პაპუაშვილი: დღეს აქციაზე ის ხალხი შეიკრიბება, ვისაც წაართვეს, ვინც დააინვალიდეს, ვინც დაიჭირეს, ვისაც მოუკლეს და, ძმა, დედა, მამა - არ დავუშვებთ იმ პერიოდის უკან დაბრუნებას

ზუკა პაპუაშვილი: დღეს აქციაზე ის ხალხი შეიკრიბება, ვისაც წაართვეს, ვინც დააინვალიდეს, ვინც დაიჭირეს, ვისაც მოუკლეს და, ძმა, დედა, მამა - არ დავუშვებთ იმ პერიოდის უკან დაბრუნებას

დღეს აქ ხალხი შეიკრიბება იმისთვის, რომ არ დაბრუნდეს ის, რაც ჩვენი თვალით ვიხილეთ. არ დავუშვებთ იმ პერიოდის უკან დაბრუნებას, - ამის შესახებ მსახიობმა და დღეს დაგეგმილი აქციის - „არ აგარევინებთ!“ ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ზუკა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დღეს პარლამენტთან შეიკრიბებიან ის ადამიანები, რომელთაც ახსოვთ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობა.

„დღეს შეიკრიბება ის ხალხი, ვისაც ამნეზია არ აქვს, ვისაც გვახსოვს, რაც მაშინ ხდებოდა. ის ხალხი შეიკრიბება, ვისაც წაართვეს, ვინც დააინვალიდეს, ვინც დაიჭირეს, ვისაც მოუკლეს და, ძმა, დედა, მამა და ა.შ. ვიღაც-ვიღაცეებს ძალიან მოკლე მეხსიერება აღმოაჩნდათ და ასე არ შეიძლება. დღეს აქ ხალხი შეიკრიბება იმისთვის, რომ არ დაბრუნდეს ის, რაც ჩვენი თვალით ვიხილეთ. არ დავუშვებთ იმ პერიოდის უკან დაბრუნებას“, - განაცხადა ზუკა პაპუაშვილმა.

„არ აგარევინებთ!“ - ამ სახელწოდებით გამართულ აქციაზე პარლამენტთან მოქალაქეები შეიკრიბებიან. ორგანიზატორი საზოგადოებრივი მოძრაობა „აი იას“ დამფუძნებელი, მომღერალი გია გაჩეჩილაძე, იგივე „უცნობია“. შეკრება 17:00 საათიდან დაიწყება. სავალდებულოა კოვიდწესების დაცვა, დისტანცია და პირბადის ტარება.

2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებიდან 14 წელი გავიდა. 14 წლის წინ, ამ დღეს, გამთენიისას, სამართალდამცველებმა თავისუფლების მოედანზე მცირერიცხოვანი აქციის დარბევა დაიწყეს. ამის მიუხედავად, მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე შეკრებას აგრძელებდნენ. ვითარების დაძაბვიდან მალევე, სპეცდანიშნულების რაზმი გამოჩნდა. სამართალდამცავებმა წყლის ჭავლით, რეზინის ტყვიებითა და ხელკეტებით, მომიტინგეების დარბევა დაიწყეს. ადგილზე ვითარებას „ნაციონალური მოძრაობის“ მაშინდელი ლიდერები აკონტროლებდნენ. დღის მეორე ნახევარში აქციის მონაწილეებმა რიყეზე გადაინაცვლეს, პარალელურად, შსს-მ ოპოზიციური ლიდერების სატელეფონო საუბრები გამოაქვეყნა. ჩანაწერების გავრცელებიდან მალევე, რიყის აქციის დარბევა დაიწყო. 2007 წლის 7 ნოემბერს, დღის ბოლოს, სპეცრაზმი ტელეკომპანია „იმედში“ შეიჭრა. დალეწეს აპარატურა, გაითიშა არხის სამაუწყებლო სიგნალი. დარბევისა და ტელეკომპანიის ხელში ჩაგდების შემდეგ, არხმა მაუწყებლობა რამდენიმე თვით შეაჩერა, ამის შემდეგ კი, 15 დღით, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. 2008 წელს ტელეკომპანია „იმედი“ დამფუძნებლის, ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში, მის ოჯახს ჩამოართვეს.