„ჩემი პოზიცია ყოფილი პრეზიდენტის შეწყალებაზე მყარი და უცვლელია - არა და არასდროს“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა და განმარტა, რომ ყოფილი პრეზიდენტი არც პოლიტიკური პატიმრობის და არც უდანაშაულობის მსხვერპლის არც ერთ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებს.
პრეზიდენტის ამ განცხადებას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზაალ უდუმაშვილი დანაშაულს უწოდებს, თუმცა წინა ხელსიფლების დანაშაული, კერძოდ 7 ნოემბრის მოვლენა დაავიწყდა და for.ge-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ თარიღებზე გამოკიდებას ვერ დაიწყებს.
ზაალ უდუმაშვილი: პრეზიდენტის მიერ მიხეილ სააკაშვილის არშეწყალებაზე გაკეთებული განცხადება დანაშაულია. სალომე ზურაბიშვილი იგივე ნარატივს იმეორებს, რაც „ქართულ ოცნებასა“ და ბიძინა ივანიშვილს გააჩნია. მისი განცხადება ნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილს სიკვდილი მიუსაჯეს. ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს ზურაბიშვილი ან ღარიბაშვილი რა განცხადებებს გააკეთებენ. ჩვენთვის მნიშვნელობა აქვს რას იზამს ქართველ ხალხი იმისთვის, რომ ექს-პრეზიდენტი გაანთავისუფლოს.
და როგორ აპირებთ მის გათავისუფლებას, როგორ წარმოგიდგენიათ, რა საშუალებები არსებობს იმისთვის, რომ მან სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვოს?
- მიხეილ სააკაშვილს პროტესტით და ზეწოლით დავიხსნით. ზეწოლის შედეგად ხელისუფლებას უკან არაერთხელ დაუხევია. როდესაც ხალხის ნება ხმამაღლა ისმის, ამას ვერც ერთი ხელისუფლება წინ ვერ აღუდგება. უბრალოდ, ჩვენ დრო ძალიან ცოტა გვაქვს. ამიტომ, ძალიან სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ, რადგან საქმე საქართველოს მესამე პრეზიდნეტის სიცოცხლეს ეხება. პირველ რიგში, სასწრაფოდ უნდა მოხდეს მიხეილ სააკაშვილის საავადმყოფოში გადაყვანა, სადაც მას სამედიცინო მომსახურება გაეწევა.
ექს-პრეზიდენტი 30 დღეზე მეტია შიმშილობს, საქართველოს პატრიარქმაც მოუწოდა მას, რომ შიმშილობა შეეწყვიტა. ამის მიუხედავად ჩნდება კითხვა, ამდენი ხნის შიმშილობის შედეგად ის როგორ არის მაინც მხნედ, რადგან ცნობილი ფაქტია, რომ ადამიანის ორგანიზმის ამდენი ხნის შიმშილობას ვერ უძლებს?
- მან ბრძოლის ეს გზა აირჩია. საკანში გამოკეტილ მიხეილ სააკაშვილს ხელისუფლების წინააღმდეგ სხვა ბრძოლის იარაღი არ გააჩნია, გარდა იმისა, რომ პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართოს. მისი შიმშილობიდან 35 დღე გავიდა. მისი ორგანიზმი ძალიან დასუსტებულია. ყოველდღე შეიძლება კიდევ და კიდევ დამძიმდეს, ამიტომ ვამბობთ, რომ ჩვენ ძალიან სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ. უპირველეს ყოვლისა, ის უნდა იქნეს გადაყვანილი ისეთ სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც სრული სამედიცინო დახმარება გაეწევა. ვერავინ იქნება იმ ერთი რეანომობილის იმედზე, რომელიც დღეს ციხესთან დგას.
თუმცა, ხელისუფლბა აცხადებს, რომ სასჯელაღსრულების მე-18 დაწესებულებაში ყველანაირი სამედიცინო აღჭურვილობა არის, სადაც შეიძლება ექს-პრეზიდენტს სამედიცინო დახმარება გაეწიოს, რატომ უნდა გამოირჩეოდეს მიხეილ სააკაშვილის სხვა პატიმრებისგან და რატომ არ უნდა მოხდეს ციხის საავადმყოფოში მისი გადაყვანა?
- ჩვენ კონკრეტულ კლინიკაში გადაყვანას არ ვითხოვთ. ჩვენ გვინდა ისეთი კლინიკა, სადაც იქნება ყველა ის აპარატურა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მკურნალობისთვის აუცილებელი იქნება. ციხის საავადმყოფოს ასეთი აპარატურა არ გააჩნია. ეს ექიმებისგან ვიცი და ხელისუფლებამ, რაც არ უნდა მარწმუნოს, ამ შემთხვევაში, მე სამედიცინო პერსონალის უფრო მჯერა. გასულ წელს 600-მდე პატიმარმა ისარგებლა სამოქალაქო სამედიცინო მომსახურებით. მიხეილ სააკაშვილი რატომ არის გამონაკლისი? ასე რომ, პოლიტიკური მანიპულაციებით საზოგადოებას შეცდომაში ვერ შეიყვანენ. მათ გადაწყვეტილება სასწრაფოდ უნდა შეცვალონ და მესამე პრეზიდენტს შესაბამისი სამედიცინო დახმარება უნდა გაეწოს.
ხშირად ახსენეთ სიტყვას „სწრაფად მოქმედებას“, ამ სისწრაფეში რას აპირებთ და რამდენად გამოგყვებათ ხალხი?
- აქციები ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს, როგორც სხვადასხვა ქალაქებში, ასევე რუსთავის ციხესთან. ეს გაგრძელდება პერმანენტულად. სამწუხაროდ, სხვა ენა ხელისუფლებას არ ესმის. რა ენაც ესმით, იმ ენაზე უნდა ვესაუბროთ.
ასევე ექს-პრეზიდენტისგან თუ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებისგან ბოლო პერიოდში ხშირად ისმის სიტყვა რევოლუცია. არ ფიქრობთ, რომ ქართველი ხალხი რევოლუციებით, სისხლის ღვრით და არეულობებით დაიღალა?
- ხალხი რითი დაიღალა, ამას თავად იტყვის. ხალხის ნაცვლად „ქართული ოცნება“ ნუ ისაუბრებს.
ნომბერი, რომელიც თქვენი პარტიისთვის რამდენადაც „ტკბილია“, იმდენად „მწარეც“ არის. თავდაპირველად თქვენ მთავარი აქცია 7 ნოემბერს დააანონსეთ. იმ დღეს, როდესაც ყოფილმა ხელისუფლებამ აქციები დაარბია და ტელევიზიაში შეიჭრა. ასე მალე დაივიწყა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ის ტრაგიკული დღე?
- რა შუაშია 7 ნოემბერი და რა შუაშია თარიღები?! საქმე ეხება საქართველოს მესამე პრეზიდენტის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხს.
რას ჰქვია რა შუაშია 7 ნოემბერი, ამ დღეს სწორედ, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში ხალხი დაარბიეს...
- კონკრეტულ თარიღებზე ვერ ავეწყობით, როდესაც ყოველ საათსა და ყოველ დღეს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ასე რომ, რომელ თარიღს დავაანონსებთ და რომელ რიცხვში გავმართავთ აქციას, დამოკიდებულია თუ როგორ განვითარდება პოლიტიკური ცხოვრება. შესაბამისად, ჩვენ თარიღებზე გამოკიდებას ვერ დავიწყებთ.