ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში "ინდიანა პეისერსმა" მე-10 შეხვედრა ჩაატარა და მე-7 მარცხი მიითვალა. რიკ კარლაილის გუნდი ძალიან ცუდ ფორმაშია და თუ ასე გააგრძელდა, შემდეგ ეტაპზე გადასვლა ძალიან გაუჭირდება. არადა ამ დროისთვის საუკეთესო 8 გუნდის ბოლო ადგილოსანთან სხვაობა უკვე 3 გამარჯვებაა.
ბითაძის გუნდი სტუმრად "პორტლენდს" შეხვდა და 4-ქულით - 110:106 წააგო. მეტოქემ კი სამ მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა. პირველი ტაიმში უპირატესობას "პორტლენდი" ფლობდა და ინდიანაპოლისელები წინ ერთხელაც არ გასულან. ჩონსი ბილაპსის გუნდი შესვენებაზე 6-ქულიანი ფორით - 59:53 გავიდა თუმცა, აღსანიშნავია, რომ მათი უპირატესობა 16-ქულასაც შეადგენდა.
"პეისერსმა" მეტოქეს მესამე პერიოდში ჩამორჩენა აღმოუფხვრა და თამაშში დაბრუნდა. მეტიც, "ინდიანამ" 12-წუთეული 7-ქულით, ხოლო დასკვნითი პერიოდის წინ, 1 ქულით წინ გასვლა მოახერხა.
შეხვედრის ბედი კი ბოლო წუთებზე გადაწყდა. მაშინ როდესაც ანგარიში ინდიანას 101:95 მიჰყავდა, რობერტ კოვინგტონმა საოცარი პერფორმანსი მოაწყო. ჯერ 3-ქულიანით ჩამორჩენა შეამცირა, ხოლო შემდეგ ანალოგიურად გუნდი 1 ქულით წინ გაიყვანა. 2-ივე სამიანი დროის ამოწურვამდე 7 წამით ადრე ჩააგდო. საპასუხოდ მაილს ტერნერმაც სამიანი მიითვალა და შეხვედრის დასრულებამდე 1 წუთით ადრე ანგარიში 106:107 გახდა. გუნდებმა თითო შეტევა ვერ გამოიყენეს, ხოლო ფინიშამდე 14 წამით ადრე კოვინგტონმა კიდევ ერთხელ გამოიჩინა თავი და როგორც გაირკვა, საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა. „ინდიანამ" დარჩენილ დროში სხვაობის აღმოსაფხვრელად ვერაფერი გააკეთა, რითაც მიჯრით ორმატჩიანი გამარჯვებათა სერია დაასრულა.
აღნიშნულ შეხვედრაში ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 3:39 წუთი გაატარა და ამ მცირე დროში საკმაოდ შედეგიანი იყო. გოგამ მეორე მეოთხედში გამოჩნდა და ხსენებულ დროში: 4 ქულა, 1 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა. 22 წლის ცენტრმა 2-დან 1 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 1 სამქულიანი ააცილა. მან ერთი პერსონალური ფოლიც მიიღო და ბურთი არ დაუკარგავს.
ყველაზე შედეგიანი „პორტლენდის“ 30 წლის გამთამაშებელი სი ჯეი მაკკოლუმი იყო, რომელმაც 40:55 წუთში 27 ქულა, 5 მოხსნა და 6 პასი მიითვალა. მან 9-დან 5 სამქულიანი ჩააგდო. ასევე კარგი თამაში ჩაატარა ნორმან პაუელმა. ამერიკელმა კალათბურთელმა საკუთარ გუნდს 25 ქულასთან ერთად 2-2 მოხსნა-პასი შესძინა. ხოლო დასკვნითი პერიოდის გმირმა - კოვინგტონმა 19 ქულასთან ერთად 5 მოხსნა გამოიმუშავა.
„ინდიანადან“ საუკეთესო თი ჯეი მაკკონელი იყო. მან 19 ქულას, 7 მოხსნასა და 2 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი, ხოლო მთლიანად შეხვედრაში ერთადერთი ორმაგი დუბლი „პეისერსის“ ლიეტუველმა ფორვარდმა - დომანტას საბონისმა გაიფორმა - 15 ქულა, 12 მოხსნა, 4 პასი.
„პეისერსს“ 7 მარცხის წილ მხოლოდ 3 მოგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციოაში მე-13 პოზიციაზე იმყოფება. ბითაძის გუნდი მომდევნო შეხვედრას 8 ნოემბერს, „საკრამენტო კინგსის“ წინააღმდეგ ჩაატარებს. „პორტლენდს“ კი 4 მოგების საპირისპიროდ 5 მარცხი დაუგროვდა და მომდევნო მატჩს 7 ნოემბერს, „ლეიკერსთან“ გამართავს.