დაგეგმილი იყო, რომ 6 ოქტომბერს თბილისში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან კოალიციაში მყოფი პარტიები საპროტესტო აქციას გამართავდნენ, თუმცა აქციამდე ერთი დღით ადრე, გეგმა ნაწილობრივ შეიცვალა - ოპოზიცია აქციას 6 ნოემბერს, 17:00 საათზე რუსთავის ციხესთან გამართავს. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განმარტა, აქცია იქამდე გაგრძელდება, ვიდრე საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხელ სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანენ.
„ხვალ, 17:00 საათზე, ძალიან ბევრნი უნდა შევიკრიბოთ რუსთავის ციხესთან, ძალიან ბევრი. ეს აქცია იქნება პერმანენტული და მზარდი. ხვალიდან ვიწყებთ აქციას ადგილზე დარჩენით. დრო და დრო ყველა პატრიოტი მოქალაქე შემოგვიერთდება ყველა რეგიონიდან, ქალაქიდან და სოფლიდან. იქ ვიქნებით, ვიდრე სააკაშვილს სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში არ გადაიყვანენ“,- განაცხადა ნიკა მელიამ.
ოპოზიციონერი ლიდერები აანონსებენ, რომ აქცია იქნება მასშტაბური და ის პერმანენტულ ხასიათსაც მიიღებს. დედაქალაქამდე აქციები ვიხილეთ სხვადასხვა ქალაქებში: ზუგდიდში, ბათუმში, ქუთაისში და ერთგვარი დაგვირგვინება, მათი შეფასებით, რუსთავში იქნება. მოთხოვნა უცვლელი რჩება: გათავისუფლდეს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩებნები.
აქცია ვიხილეთ 14 ოქტომბერსაც. მაშინ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკმაოდ დიდი რაოდენობის ადამიანების მობილიზება შეძლო თბილისში. რამდენად შეძლებს იგივეს, უცნობია, თუმცა ექპერტთა ნაწილი აცხადებს, ეს აქცია ვერ მიიღებს უწყვეტ ხასიათს. რა შედეგი დადგება, ამას კი შაბათს, 6 ნოემბერს ვიხილავთ.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე For.ge-სთან აცხადებს, რომ დღეს მიმდინარე პოლიტიკური პროცესები ძალიან ჰგავს 2003 წლის მოვლენებს, თუმცა, შეუძლებელია შედეგი დადგეს იგივე, რაც ვიხილეთ - კიდევ ერთი „ვარდების რევოლუცია“ ვერ მოხდება.
„ალბათ საკმაოდ მასშტაბური იქნება აქცია. სრული მობილიზებაა, დაახლოებით ისეთი, როგორიც 14 ოქტომბერს იყო. ალბათ, ისეთივე რაოდენობა არ იქნება, თუმცა, საკმაოდ მასშტაბური. რამდენად პერმანენტული იქნება, არ ვიცი მათი გეგმები. დაახლოებით ისეთივე სცენარია, როგორიც 2003 წელს იყო. მაშინაც არჩევნების გაყალბებაზე იყო საუბარი და დაიწყო ყოველდღიური აქციები და ა.შ. ძირითადი აქცია მიმართული იყო უფლებამოსილების შეწყევეტაზე.
შეიძლება განმეორდეს ის სცენარი, თუ არ ვცდები გიორგობის დღეს იყო. აქედან გამომდინარე, ეცდებიან ეს აქცია დაამთხვიონ. თუმცა, პერმანენტული აქციების გამართვას ვერ შეძლებენ, ამის რესურსი „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აქვს. 2003 წელი გავიხსენე, რადგან რასაც აქამდე აკეთებდნენ, თითქოს მიჰყვება იმ სცენარს, რაც 2003 წელს იყო. შედეგი მაშინ სხვა იყო, ვიდრე დღეს არის.
გიორგობა მოდის და ეცდებიან იქამდე გაქაჩონ, მათ ხომ სიმბოლური რაღაცები უყვართ. ეს სცენარი შეიძლება ასე წავიდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ შედეგი იგივე იქნება“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ For.ge-სთან.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ფიქრობს, რომ ოპოზიციას კონკრეტული გეგმა აქვს გაწერილი და მას მიჰყვება. ექსპერტი For.ge-სთან საუბრისას არც რადიკალურ სცენარს გამორიცხავს, რაც მისი თქმით, ოპოზიციონერი ლიდერების პროგნოზით, შესაძლოა, მსხვერპლით დასრულდეს.
„ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან კოალიციაში მყოფი ადამიანები ეცდებიან, ეს აქცია მასშტაბური იყოს. მათ ინტერესებშია, რომ აქციაზე ბევრი ხალხი მოიყვანონ, მაგრამ რამდენად გამოუვათ, ამის თქმა რთულია. 14 ოქტომბერს მათ ეს გამოუვიდათ და უნდა ვივარაუდოთ, რომ მოიკრებენ ყველა რესურსს და შეეცდებიან ბევრი ხალხი გამოიყვანონ.
ისინი ეცდებიან, რომ აქციას მისცენ პერმანენტული ხასიათი. რაც გამოაცხადა მიხეილ სააკაშვილმა, პოსტსაარჩევნო რევოლუციის იდეა, არ ვფიქრობ, რომ ეს იქნება ერთჯერადი, სავარაუდოდ, ის გაგრძელდება და რა ფორმით, ვნახავთ. ოპოზიციამ პრაქტიკულად უკან მოსაბრუნებელი გზა მოიჭრა და ვა-ბანკზე მიდის. სწორედ ამიტომ ველოდები, რომ აქცია მიიღებს პერმანენტულ ხასიათს.
ყოველთვის არსებობს ამის ალბათობა, რომ ასე მოხდეს, ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენად მზად არის ხელისუფლება და საზოგადოების მეორე ნაწილი, რომელიც არ იღებს ვარდების რევოლუციის იდეას, რომ მას წინააღმდეგობა გაუწიონ. 2003 წელს საპროტესტო აქციებში მონაწილეობას იღებდა საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც ემხრობოდა სააკაშვილს, მაგრამ ნაწილი არ იყო გამსჭვალული სიმპათიით და პასიურად იჯდა სახლში. დღესაც იგივე მდგომარეობაა, აქტიურობენ სააკაშვილის მომხრეები, დანარჩენი ნაწილი, რომელიც პასიურია, დაკვირვების რეჟიმშია, მაგრამ არსებობს ნიშნები, რომ უგზავნიან ერთგვარ გაფრთხილებას, თუ შეეცდებიან მის მოტყუებას, აუცილებლად იქნება მიღებული კონტრ-ზომები.
მეორე საკითხია, რამდენად მომზადებულია ამისთვის ხელისუფლება. რევოლუცია იწყება იმით, რომ იწყება სახელისუფლებო სტრუქტურების შიგნიდან მორღვევა. იქ პოულობენ თავიანთ მოკავშირეებს, მოსყიდვით, შანტაჟით და ა.შ. ასე მოხდა სწორედ 2003 წლის ვარდების რევოლუცია, თუმცა დღეს ასეთი სიტუაცია არ არის. ერთი მომენტია, მათ გათვლა აქვთ, რომ ხელისუფლებას დააშვებინონ შეცდომა, ეს შეიძლება იყოს ძალის გადამეტებული გამოყენება, როგორც ეს 2019 წლის 20 ივნისს მოხდა. მერყევი ნაწილი განაწყოს რევოლუციონერების მხარეს. მაიდანის სცენარი, რითაც უნდათ რომ იმოქმედონ, ითვალისწინებს მსხვერპლსაც, - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ For.ge-სთან.