„სრულიად საქართველოს სახალხო დარბაზი“ 18 აპრილს აქციის ჩატარებას აღარ აპირებს

„სრულიად საქართველოს სახალხო დარბაზი“ 18 აპრილს აქციის ჩატარებას აღარ აპირებს

„სრულიად საქართველოს სახალხო დარბაზი“ 18 აპრილს აქციის ჩატარებას აღარ აპირებს. ამის შესახებ განცხადება დარბაზის თავმდჯომარემ, გოდერძი ოთარაშვილმა for.ge-ს პრეს-კლუბში გააკეთა.

მისი თქმით, 2013 წლის 3 აპრილს რუსთაველის თეატრში „სრულიად საქართველოს სახალხო დარბაზის“ ეროვნული დარბაზობა გაიმართა, სადაც გადაწყდა, რომ 18 აპრილს დარბაზი რუსთაველის გამზირზე აქციას გამართავდა.

„მოგეხსენებათ, „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა საქართველოს მოსახლეობას მოუწოდა 19 აპრილს რუსთაველის გამზირზე შეკრებისაკენ იმ მიზნით, რომ თითქოსდა ქვეყანამ არ გადაუხვიოს მათ მიერ აღებულ კურსს, რომელსაც „ნაცმოძრაობა“ რატომღაც ევროპულს უწოდებს.

მათ მიერ გაკეთებულმა ამ განცხადებამ საქართველოს მოსახლეობის სამართლიანი გულისწყრომა გამოიწვია. მაშინ, როდესაც ქართველი ერი „ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულებრივი რეჟიმის გასამართლებას ელის, მათი მხრიდან საპასუხოდ უტიფარი განცხადებები ისმის. დარბაზობაზე დავგეგმეთ და მოვუწოდეთ მოსახლეობას, 18 აპრილს 17.00 საათზე გამოვსულიყავით რუსთაველის გამზირზე და ქართველ ერს „ნაცმოძრაობისთვის“ კიდევ ერთხელ გვეთქვა „არა“, - აცხადებს გოდერძი ოთარაშვილი.

თუმცა მისი თქმით, ვინაიდან „ნაციონალურ მოძრაობას“ დასახული აქვს ბრძოლა პოლიტიკური ძალაუფლებისათვის და ამ მიზნის მისაღწევად ყველა მიღებული თუ მიუღებელი მეთოდს გამოიყენებს, „ნაცმოძრაობის“ მხრიდან რაიმე სახის პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, „სრულიად საქართველოს სახალხო დარბაზმა“ გადაწყვიტა, რომ 18 აპრილს აქცია აღარ ჩაატაროს. გოდერძი ოთარაშვილი აცხადებს, რომ „ნაცმოძრაობის“ მიერ დაგეგმილი 19 აპრილის აქცია ამ პარტიის თვითლიკვიდაციის დღე იქნება, რადგან ამ დღეს კარგად გამოჩნდება ამ პარტიის რეიტინგი.

დარბაზის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აპირებდნენ 18 აპრილს შეკრებილიყვნენ და ეს აქცია მეორე დღესაც გაეგრძელებინათ, დაეკავებინათ ძველი პარლამენტის წინ მდებარე სივრცე, რათა „ნაცმოძრაობისთვის“ იქ შეკრების საშუალება არ მიეცათ, მაგრამ ნაციონალების მხრიდან პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, ეს გადაწყვეტილება შეცვალეს.