როლანდ ახალაიამ ნაციონალები დატოვა

როლანდ ახალაიამ ნაციონალები დატოვა

„ნაციონალური მოძრაობის“ რიგები საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, როლანდ ახალაიამ დატოვა. ოპოზიციონერი დეპუტატის გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია დღეს დილიდან ვრცელდებოდა, რასაც თანაგუნდელები კატეგორიულად უარყოფდნენ, თუმცა, ეს ინფორმაცია for.ge-ს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა კულუარულ საუბარში უკვე დაუდასტურეს.

როგორც for.ge-ს უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა განუცხადა, როლანდ ახალიასთან სატელეფონო საუბარი შედგა და მან ეს ინფორმაცია თავად დაადასტურა.

როლანდ ახალაიასთან დაკავშირებას მთელი დღეა for.ge ცდილობს, მაგრამ მას პირადი ტელეფონის ორივე ნომერი გათიშული აქვს. მან რამდენიმე წუთით, ტელეფონი ჩართო, თუმცა, მას შემდეგ რაც მოკლე ტექსტური შეტყობინება მივწერეთ, რომ საკითხზე მისი კომენტარის ჩაწერა გვსურდა, დეპუტატმა ტელეფონი გათიშა.

რაც შეეხება იმას როლანდ ახალაიამ რეგლამენტის პროცედურების გათვალისწინებით, საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ საქმის კურსში ჩააყენა თუ არა საპროცედურო საკითხთა კომიტეტი, როგორც for.ge-ს ირინე იმერლიშვილმა განუცხადა, მისი კომიტეტის აპარატში როლანდ ახალაიას მიერ არანაირი მიმართვა არ შესულა.

აღსანიშნავია, რომ როლანდ ახალაისთან და მისი შვილის დათა ახალაიას განცხადებასთან დაკავშირებით, ნაციონალები შეფასებებს არ აკეთებენ და ისინი პრინციპით „დუმილი ოქროა რჩეული“ მოქმედებენ.

მთელია დღეა, რაც for.ge-ს საპარლამენტო კორესპოდენტი უმცირესობის ლიდერთა შეფასების ჩაწერას ცდილობს, თუმცა, უშედეგოდ, რადგან ისინი ჩვენს კითხვებს მომღიმარი სახეებით გაურბიან.

როგორც for.ge-ს დეპუტატმა, მარიამ საჯაიამ განუცხადა, მას არ აქვს ინფორმაცია არც როლანდ ახალაიას გადაწყვეტილების შესახებ და არც დათა ახალაიას განცახდების სანდოობის თაობაზე. გოგა ხაჩიძე აცხადებს, რომ ნაციონალები „რაღაცის დაზუსტებას ელოდებიან და განცხადებას მოგვიანებით გააკეთებენ“. პავლე კუბლაშვილი კი, მედიის კითხვებს გაურბის და ჩაწერას მხოლოდ საკომიტეტო მოსმენებისთვის განკუთვნილ საკითხებზე თანხმდება.

უნდა აღინიშნოს, რომ ნაციონალებიდან დუმილი მხოლოდ ბრალდებების ადრესატმა, ვანო მერაბიშვილმა დაარღვია და სოციალურ ქსელში დათა ახალაის განცხადებას „ბოდვა“ უწოდა.

„მიუხედავად იმისა, მართლა დათა ახალაიას ეკუთვნის თუ არა გუშინ გავრცელებული განცხადება, საქმე გვაქვს ისეთ აბსურდთან, რომელზეც სერიოზული კომენტარის გაკეთებას არც ახლა და არც მომავალში არ ვაპირებ. ეს ბრალდებები წარმოადგენს ყოველგვარ საფუძველს მოკლებულ ბოდვას. ცხადია, ეს ყველაფერი მთავრობას დასჭირდა 19 აპრილის წინ, რათა ყველანაირად ხელი შეუშალოს დაგეგმილ აქციას. სწორედ ამიტომ, 19 აპრილს 16:00 საათზე ყველას გელოდებით რუსთაველის გამზირზე“, - აცხადებს მერაბიშვილი, რომელსაც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ხელისუფლება ნაციონალების პარტიულ ომში ჩარევას არ აპირებს.

ბესელიას თქმით, ადრე იყო მითი, რომ თითქოს „ნაციონალური მოძრაობა“ მონოლითური გუნდი იყო, თუმცა, შიდა დაპირისპირების თაობაზე ყოველთვის იყო ინფორმაცია, რაც გარეგნულად და ხელოვნურად არ ჩანდა.

„ალბათ, როდესაც კრიტიკული ეტაპი დგება, ბევრი რამ სააშკარაოზე გამოდის. ფაქტია, რომ უმძიმეს საკითხებზეა საუბარი და ახლა თუ ვინ არის მსხვერპლი და ვინ არის ორგანიზატორი, ამის განხილვა განცხადებების ომით და საპასუხო კომენტარებით რთული იქნება. ძალიან სერიოზული გამოძიების საგანია - თუ ვის რა როლი მიუძღვის და ვინ რა დოზით მონაწილეობდა ამ დანაშაულებრივი სისტემისა და რეჟიმის შექმნაში, რომელსაც ადამიანები ემსხვერპლნენ“, - აცხადებს ბესელია.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თამჯდომარე, ვახტანგ ხმალაძე კი, მიიჩნევს, რომ თუ დათა ახალაია ჩვენებების მიცემას დაიწყებს, ეს ძალიან ბევრ რამეს ნათელს მოჰფენს.

როგორც for.ge-ს „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებულ დაპირისპირებებზე საუბარი ადრეც იყო, მაგრამ ეს ახლა ნაკლებად მნიშვნელოვანია.

მისი თქმით, დათა ახალაიას თავისი თანანმდებობიდან გამომდინარე, ძალიან დიდი ინფორმაცია ჰქონდა და ალბათ, მან იცოდა ძალიან ბევრი რამ ისეთი, რაც ალბათ, პირთა ძალიან ვიწრო წრეს ეცოდინებოდა.

„არჩევნების შემდგომ, ჟურნალისტები კადრებს უჩვენებდნენ, როდესაც სხვადასხვა სამართალდამცავი უწყებების ტერიტორიაზე, რაღაც საბუთები იწვოდა. მოგეხსენებათ, რომ კვამლი უცეცხლოდ არ არის და თუ იწვებოდა ე.ი მისი განადგურების საფუძველი ჰქონდათ, მაგრამ ასეთი მაღალი თანანმდებობის პირების სპეციფიკაა, როდესაც დოკუმენტები ინახება, რაც უნდა ინახებოდეს, ხშირად ისე ხდება, რომ ამ დოკუმენტების ასლებს ამზადებენ და პირად სამალავებში ინახავენ პრინციპით - რა იცი, რა მოხდება. ქარი საით დაუბერავს, ამაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, რაც შეიძლება გამოჩნდეს მოკლე დროში და საერთოდ, ის რაც ხდება სახელმწიფო ხელისუფლების შემადგენლობაში, საჭიროა საზოგადოებამ იცოდეს. არის საკითხები რაც საიდუმლოებას წარმოადგენს, მაგრამ ყველაფერი დანარჩენი უნდა იყოს გამჭირვალე იმისათვის, რომ ვერცეთმა ხელისუფლებამ საკუთარ თავს ვერ მისცეს უფლება კანონით დადგენილ ზღვარს გადააბიჯოს“, - აღნიშნავს კანონმდებელი.

შეგახსენებთ, რომ კონსტიტუციური უსაფრთხიების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი დათა ახალაია მათი ოჯახის წინააღმდეგ აგორებული კამპანიის ინიციატორად ყოფილ შს მინისტრ ვანო მერაბიშვილს ასახელებს. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება სწორედ ძალაუფლებისკენ მერაბიშვილის დაუოკებელმა ლტოლვამ, ანგარებამ და უბინძურესი ფორმებით წარმოებულმა ფარულმა ომებმა შეიწირა.