ქვეყანაში აცრილთა რაოდენობა ძალიან დაბალია, იმდენად დაბალი, რომ თუ ეს მაჩვენებელი უცვლელი დარჩა, მაშინ კიდევ ერთი წლის განმავლობაში პანდემიას უნდა ვებრძოლოთ, - ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.
„შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს 12-დან 15 წლამდე ბავშვების ვაქცინაცია. ამ ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაციას ორმაგი დატვირთვა აქვს: ერთი, რომ „დელტა“ ვარიანტის ფონზე მოიმატა ინფიცირების მაჩვენებელმა ბავშვებში, მოიმატა ბავშვების მიმართვიანობამ სამედიცინო დაწესებულებებში და მეორე, ბავშვები კორონავირუსის აქტიური გადამტანები არიან“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 743 511 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 681 919, გარდაიცვალა 10 300 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.