„ნაციონალური მოძრაობა“ ყრუ თავდაცვაში უნდა გადავიდეს“

„ნაციონალური მოძრაობა“ ყრუ თავდაცვაში უნდა გადავიდეს“

გამოძიება დღეს უფრო სწრაფად რომ მიმდინარეობდეს, „ნაციონალური მოძრაობა“ მეორე პოლიტიკური ძალა ვერ იქნებოდა - მიიჩნევს „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბუჯანაძე და ამგვარი სიტუაციის კორექტირების სურვილს გამოთქვამს.

იგი არ მალავს, რომ ბიძინა ივანიშვილის განცხადება მესამე პოლიტიკური ძალის შესახებ „ძალიან არ მოეწონა“.

„ერთადერთი, რაც ბატონი ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში არ მომეწონა, ეს იყო მესამე პოლიტიკური ცენტრის თაობაზე, რადგან მე არ მინდა, რომ ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ მეორე პოლიტიკურ ცენტრად „ნაციონალურ მოძრაობას“ თვლიდეს, ვინაიდან მიმაჩნია, რომ საქართველოს მოსახლეობამ „ნაციონალურ მოძრაობას“ ნათლად უთხრა - არა. არჩევნები თავისუფალი და დემოკრატიული არ იყო, ის გაყალბდა. პარლამენტში არსებული დღევანდელი ბალანსი ნამდვილად არ ასახავს მოსახლეობის არც პირველი ოქტომბრისა და არც დღევანდელ განწყობას. „ნაციონალურ მოძრაობას“ ამ არჩევნებში 40% ნამდვილად არ მიუღია“, - მიიჩნევს ნინო ბურჯანაძე.

ამდენად, სამართლიანობის აღდგენის პროცესს მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რადგან „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას აქვს ლეგიტიმური, ძალიან მნიშვნელოვანი პრეტენზიები, რომლებსაც პასუხი ჯერ არ გასცემია.

მისივე თქმით, საკანონმდებლო ბაზაში ბევრი ცვლილების განხორციელებაა საჭირო იმისთვის, რომ ქვეყანაში ოპოზიციური სპექტრი გაძლიერდეს და არა მარტო ერთი პარტია არსებობდეს, არამედ იყოს სხვა ოპოზიციური პარტიებიც, რისი სურვილიც ბიძინა ივანიშვილმა გამოხატა.

დამოკიდებულია თუ არა „ნაციონალური მოძრაობის“ არსებობა-არარსებობა გამოძიების სამართლიანად წარმართვასთან?! თუკი ქვეყანაში სამართალი აღდგება, მაშინ სად იქნება ოპოზიციონრობას ამოფარებული ნაცმოძრაობის ადგილი?! ასეთ შემთხვევაში, ვინ დაიკავებს მეორე პოლიტიკური ძალის პოზიციას?! ამ საკითხებზე For.ge ექსპერტებს ესაუბრა.

ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ დღესდღეობით რაიმე სხვა კრიტერიუმი, გარდა იმისა, რომ პარლამენტში წარმოდგენილია ორი ძალა, პოლიტიკური ძალების დასათვლელად საქართველოში არ არსებობს. ეს არის ერთადერთი რეალობა, რასაც ვხედავთ. რა თქმა უნდა, ის პროცენტები და ხალხის რაოდენობა, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს დღევანდელ პარლამენტში, არ არის ადეკვატური მისი პარტიის რეიტინგთან. უფრო მეტიც, არც დღეს და არც ოქტომბერში „ნაციონალურ მოძრაობას“ არ ჰქონია დიდი მხარდაჭერა, მაგრამ თავად ბურჯანაძე ამ არჩევნებში მონაწილეობას არ იღებდა, რაც ვახტანგ ძაბირაძის აზრით, სწორი გადაწყვეტილება იყო.

ექსპერტის თქმით, ყველა შემთხვევაში, როგორი უსუფთავესი არჩევნებიც არ უნდა ყოფილიყო, ოქტომბერში ნაცმოძრაობა ბარიერს გადალახავდა. დანარჩენმა პარტიებმა კი, უბრალოდ, ბარიერი ვერ გადალახეს. ამიტომ, მოგვწონს თუ არა, დღესდღეობით, ეს რეალობაა. ამდენად, ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილის განცხადება სწორედ დღევანდელ რეალობას აფიქსირებს.

„უკეთესი იქნებოდა, სოციოლოგიური გამოკითხვების საფუძველზე გვეთქვა, თუ რა მოხდება მომავალში, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ დღესდღეობით „ნაციონალური მოძრაობა“ მართლაც ვერ შეძლებს ბარიერის გადალახვას. ამას როცა ვამბობ, სულაც არ ვთვლი, რომ დანარჩენი პარტიები გადალახავენ ამავე ბარიერს. უბრალოდ, დღეს არჩევნები რომ ჩატარდეს, ჩემი აზრით, 100%-იანი უპირატესობა ექნება კოალიციას, თუკი ის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. ასე რომ, ვერ დავეთანხმები ქალბატონი ბურჯანაძის განცხადებას“, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.

მისი თქმით, როგორც არ უნდა წარომართოს გამოძიება, სავარაუდოდ, დიდად არაფერი შეიცვლება, რადგან მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა, მიუხედავად იმისა, რას გადაწყვეტს სასამართლო და რა განაჩენს გამოიტანს, თვლის, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა ელიტამ, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან მძიმე შეცდომები დაუშვა და მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას თავისი განაჩენი ამ მოძრაობისადმი უკვე გამოტანილი აქვს.

დღესდღეობით მეორე პოლიტიკურ ძალად ჩამოყალიბების პერსპექტივას ვახტანგ ძაბირაძე რომელიმე სხვა ძალაში ვერ ხედავს. უფრო გულწრფელად თუ ვიტყვით, დღეს იგი ქვეყანაში ხედავს საშიშროებას, რომ არათუ დღეს ან ხვალ, ან საპრეზიდენტო არჩევნებზე, არამედ 2014 წელსაც კი, თუკი კოალიცია გამოვა, როგორც ერთიანი ძალა ივანიშვილის ლიდერობით, მან შესაძლოა, მთლიანად ყველა საკრებულოში გაიმარჯვოს და ადგილობრივ არჩევნებზე სრული უპირატესობა მოიპოვოს დანარჩენ პარტიებთან მიმართებით.

ეს კი, რეალურად, უკვე ამ ხელისუფლების პრობლემაა, რადგან, თუ ასე მოხდება, კიდევ ერთხელ გავიმეორებთ და მივიღებთ ისეთ პარტიულ სისტემას და პოლიტიკურ სტრუქტურას, როგორიც გვქონდა აქამდე. ანუ, ერთი პარტია, ამ შემთხვევაში, კოალიცია, იქნება ქვეყნის მმართველი პარტიაც და ხელისუფლებაც. ამით კი მოხდება პარტიისა და სახელმწიფო სტრუქტურების შექმნა.

„ეს იგივეა, რაც გვქონდა ნაციონალების, შევარდნაძისა და გამსახურდიას დროს, რაც მე ნამდვილად არ მინდა, მაგრამ ჩვენს სურვილებზე ცოტა რამ არის დამოკიდებული“, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.

ექსპერტი რამაზ საყვარელიძე ნინო ბურჯანაძეს ეთანხმება და მიიჩნევს, რომ, პრაქტიკულად, „ნაციონალური მოძრაობა“ მეორე პოლიტიკური ძალა დანაშაულის ხარჯზე გახდა. NDI-ის გამოკვლევებმაც კი აჩვენა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი 40%-ს არ შეესაბამებოდა არჩევნებიდან ერთი თვის თავზე და იგი 10%-ს აღწევდა. ამდენად, გამოძიება იდეალურად რომ მიმდინარეობდეს, უპირველესად, ამ დანაშაულის გამო, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ არჩევნებზე აქვს დაშვებული, მისი ეს შედეგი გამოიწვევდა შესაბამის ქმედებებს. ანუ სხვა თუ არაფერი, მათ გაუუქმდებოდათ ადგილები. თუმცა, რამაზ საყვარელიძის აზრით, ძნელი სავარაუდოა ასე მოხდეს, რადგან ამ ქვეყანაზე ბევრი არაფერია იდეალური.

ექსპერტის თქმით, ახლა რომც გააქტიურდეს გამოძიება, ყველა ასეთ ნაბიჯს „ნაციონალური მოძრაობა“ ზეწოლად გაახმოვანებს და ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ დღეს ეს უკვე გვიანია.

„ნაციონალური მოძრაობა იყენებს მეორე პოლიტიკური ძალის სტატუსს თავისი თავის გადარჩენისთვის, რაც ეტყობათ კიდეც იმ ადამიანებს, ვინც „ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო რიგებში არიან. ფაქტია, რომ ბრალდებების მხრივ საპარლამენტო ჯგუფი უფრო აქტიურია, ვიდრე აღმასრულებელი ხელისუფლება“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე მიიჩნევს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ძალზე ძლიერი დარტყმა მიაყენა არჩევნების წაგებამ. ის, რომ ისინი მაინც ცდილობენ გავლენის შენარჩუნებას, ეს უპერსპექტივო მცდელობაა. ამიტომ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დღეს არსებობის შენარჩუნებაზე უფრო უნდა იფიქროს, ყრუ თავდაცვაში წავიდეს და აღარ მოებღაუჭოს პატარა გავლენის სფეროებს, რომლებიც მას კიდევ შერჩა კანონმდებლობის სახით, რადგან ყველა ეს კანონი შეიცვლება, რომელიც აქამდე მათ გავლენას განამტკიცებდა.

სოსო ცინცაძის აზრით, „ნაცმოძრაობა“, კლასიკური პოლიტიკური თეორიების გათვალისწინებით, გარემოების არაადეკვატურად იქცევა. ეს მაშინ, როცა მან ჩრდილში ყოფნა უნდა ამჯობინოს და ელოდოს, თუ როდის დადგება მისი საათი, თუკი საერთოდ დადგა ასეთი საათი. ეს კი, პირველ რიგში, დამოკიდებულია ახალი ხელისუფლების ქმედუნარიანობაზე. თუ ხელისუფლება ყველა სოციალურ პრობლემას გადაწყვეტს, „ნაციონალურ მოძრაობას“ ნაკლები შანსი ექნება, ქართულ პოლიტიკურ სივრცეში დარჩეს, როგორც სერიოზული მოთამაშე. თუკი ხელისუფლებამ ეს ვერ შეძლო, მაშინ მეორადია ყველაფერი დანარჩენი - ომის გამოძიება, ბაჩო ახალაიას ციხეში ჩასმა-არჩასმა, უგულავას გადაყენება-არგადაყენება, გუბერნატორების თუ საკრებულოს წევრებში უმრავლესობის მოპოვება.

„პირველადი სოციალური პრობლემებია. როგორც ჩანს, „ოცნების“ ზოგიერთ აქტივისტს უჭირს აღიაროს, რომ ხალხმა მას, პირველ რიგში, კარგი ცხოვრების იმედით მისცა ხმა. გამიკვირდა, ლევან ბერძენიშვილისგან რომ მოვისმინე, ხალხმა იმიტომ კი არ აგვირჩია, პენსიები და ხელფასები გავზარდოთ, არამედ იმიტომ, რომ სამართლიანობა აღვადგინოთო. სამართლიანობის აღდგენა აუცილებელია, მაგრამ ეს კარგი ცხოვრების თანმხლები უნდა იყოს. 800 ბავშვი რომ იხოცება ჩვილ ასაკში საქართველოში, ამას ვერ უშველის იდეალური სამართლიანობა. თუმცა, ჯერჯერობით, „ნაციონალური მოძრაობის“ პერსპექტივა კრიზისულია“, - აცხადებს პოლიტოლოგი.

ამასთან, მიიჩნევს, რომ, როგორც ჩანს, მეორე პოლიტიკური ძალის პრობლემა თვითონ პრემიერ-მინისტრსაც აწუხებს, თუმცა მას ჯერჯერობით არ აქვს გადაწყვეტილი, როგორ აარიდოს თავი დღეს გარდაუვალ ერთპარტიულობას.

რაც შეეხება მეორე პოლიტიკურ ძალად ნაციონალების მოაზრებას, სოსო ცინცაძეს ეს არ უკვირს, რადგან, სავარაუდოდ, პარლამენტში ოთხი წელიწადის განმავლობაში ჯერ კიდევ ნაციონალთა ნამსხვრევები იქნება. რაც შეეხება მესამე პოლიტიკურ ძალას, პოლიტოლოგი აცხადებს, რომ ირმა ინაშვილს დიდ პატივს სცემს, რადგან ის სამოქალაქო სექტორში ბრწყინვალედ მოღვაწეობს, მაგრამ იგი, როგორც პარტიის ლიდერი, კითხვებს ბადებს. ამ გაგებით, ადამიანი, რომელიც კარგად აკეთებს ერთ საქმეს, მისი მიპატიჟება სხვა საქმეზე, სადაც მას გამოცდილება არ აქვს, არაკონსტრუქციულია.

ასეთივე შეხედულებისაა სოსო ცინცაძე სალომე ზურაბიშვილთან მიმართებით და მიიჩნევს, რომ ზურაბიშვილმა თავისი ვარსკვლავის საათი ხელიდან გაუშვა მას შემდეგ, რაც პოსტიდან გადადგომისას 80 ათასი ადამიანის ქუჩაში გამოყვანა შეძლო. ახლა შეიძლება, ის პრეზიდენტადაც დანიშნონ ან ნებისმიერ თანამდებობაზეც, მაგრამ ის იქნება მხოლიდ საშუალო დონის ჩინოვნიკი.

რაც შეეხება ნინო ბურჯანაძეს, სოსო ცინცაძის თქმით, მას პარტია აქვს, მაგრამ ის ცოტა დელიკატურ სიტუაციაშია, რადგან რას უნდა ნიშნავდეს დღეს ოპოზიციონრობა? მით უმეტეს, ისეთი ოპოზიციონრობა, როგორიც დღეს გახმიანდა? კონსტრუქციულ ოპოზიციონრობას ევროპაში სხვა ახსნა აქვს, ამერიკაში - სხვა ახსნა და საქართველოში ეს გაგება 180 გრადუსით განსხვავებულია.

უფრო ზუსტად, საქართველოში კონსტრუქციულად თვლიან ისეთ ოპოზიციას, როგორიც სააკაშვილს ჰყავდა პარლამენტში. დღევანდელი ნაციონალები კი არაკონსტრუქციულ პოზიციად ითვლება.

„ამიტომ დღევანდელ პოლიტიკაში სიცარიელე, ვაკუუმია. ახალი ძალის შექმნას ახალი ხალხი, ახალი ლიდერები სჭირდება. დღეს საქართველოში ყველა მეორე ჩვენი მოქალაქე გულწრფელადაა დარწმუნებული, რომ ის ყველაზე კარგი პრეზიდენტი და პრემიერი იქნებოდა. ამის მიუხედავად, ასეთ სიტუაციაში საშინელი დეფიციტია. თუ შეცდომები არ დაუშვა და ჭკვიანურად წარმართა თავისი პოლიტიკა, ბატონ ხაბურძანიას შეიძლება, შანსი ჰქონდეს, თუკი ის შეძლებს რუსეთის ახალი სახის წარმოჩენას საქართველოში. კერძოდ, რუსეთი არა როგორც სტრატეგიული მოკავშირე, არამედ წესიერი პარტნიორი. შეცდომა იქნება, ხაბურძანიამ თქვას, ჩვენ ძმები ვართ და 200 წლიანი ისტორია გვაქვსო. ქართველ ხალხს სურს, რუსეთში წესიერი პარტნიორი დაინახოს. თანაც, ვაღიაროთ, თანდათანობით ჩნდება იმედგაცრუება ევროპისადმი“, - აცხადებს სოსო ცინცაძე და პესიმიზმით უყურებს ახალი პოლიტიკური ძალის გამოჩენას მომავალში.