31 ოქტომბერს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციამ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ხმათა უმრავლესობით აირჩია ორი წევრი - გიორგი გოგინაშვილი და პაატა სილაგაძე. მათი არჩევა, რა თქმა უნდა, განხორციელდა კანონის სრული დაცვით, - ამის შესახებ იუსტიციის საბჭოს წევრმა, გოჩა აბუსერიძემ განაცხადა.
მისი თქმით, კანონის თანახმად საზოგადოებისთვის, მათ შორის მასმედიისთვის წინასწარ, ერთი კვირით ადრე ცნობილი იყო არჩევნებთან დაკავშირებით რაც იგეგმებოდა საერთო სასამართლოების სისტემაში.
„იუსტიციის უმაღლესი საბჭო უნდა შედგებოდეს 15 წევრისგან, თუმცა ამჟამად შედგება 8 მოსამართლე-წევრისგან, ამასთან იქ შედის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და ერთი არამოსამართლე წევრი, იმის გათვალისწინებით, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღოს, იყოს უფლებაუნარიანი და მართლმსაჯულებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღოს, ამისთვის აუცილებელია 10 ხმა. რა მოწოდებებიც ჩვენ ამჟამად გვესმის, რომ გაუგებარია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წევრების არჩევა, ან რომ უნდა გადავადებულიყო, ან სხვა ნებისმიერი საკითხი, პირდაპირ, თუ არაპირდაპირ მიანიშნებს იმას, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო გარკვეული პერიოდი უნდა ყოფილიყო ფუნქციის გარეშე. იმ ვალდებულებას ვერ შეასრულებდა რაც მას კანონით ევალება. ამიტომ საერთო სასამართლოებმა, მათ შორის კონფერენციამ მიიღო კანონიერი გადაწყვეტილება და ამაში რამე უცნაურსა და განსხვავებულს ვერ ვხედავ“, - განაცხადა გოჩა აბუსერიძემ.