სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მიზნით შეთქმულების ფაქტზე, სუს-ში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სასამართლოში მოძრაობის „შეცვალე“ და „თავისუფალი ზონის“ 6 წევრი გამოკითხეს. ნაწილი ადასტურებს, რომ მსგავსი შინაარსის საუბარი საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ნამდვილად შედგა, თუმცა არეულობისა და გადატრიალების შესახებ ინფორმაციას უარყოფენ. ნაწილი საქმის დეტალებზე არ საუბრობს იმ მოტივით, რომ ხელი მოაწერეს გაუთქმელობის შესახებ ხელწერილს, თუმცა ამბობენ, რომ შეკითხვების დიდი ნაწილი ეხებოდა „ნაცმოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრს, ბესიკ წერედიანს, კერძოდ, ხომ არ ჰქონდა ადგილი მისი მხრიდან რაიმე ტიპის მითითებას, რომ სააკაშვილის ეტაპირების შემთხვევაში, პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს ხელი უნდა შეშლოდათ. გამოკითხულები ადასტურებენ, რომ ასეთი მოსაზრებები არაერთხელ გამოთქმულა, თუმცა კონკრეტული გეგმა საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში გამართული საუბრების დროს არ დასახულა.
პარალელურად, სუს-მა მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით მორიგი განცხადება გააკეთა და მოუწოდა „დესტრუქციულ ძალებს“ თავი შეიკავონ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისგან და დარჩნენ სამართლებრივ ჩარჩოებში. წინააღმდეგ შემთხვევაში, სუს კანონით გათვალისწინებული ყველა სამართლებრივი ღონისძიების განხორციელებას აანონსებს.
„ბოლო დროს სოციალურ ქსელებსა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში სხვადასხვა პირის მიერ ვრცელდება დანაშაულის ნიშნების შემცველი შინაარსის საჯარო განცხადებები და მოქალაქეები განზრახ თუ გაუცნობიერებლად პირდაპირ მოუწოდებენ თანამოაზრეებს რევოლუციისა და ხელისუფლების დამხობისკენ, მათ შორის ძალადობრივი გზებით. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ დესტრუქციულ ძალებს, თავი შეიკავონ დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენისგან და დარჩნენ სამართლებრივ ჩარჩოებში“, - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, ან ასეთი მოწოდების შემცველი მასალის გავრცელება, აგრეთვე ამავე მიზნით შეიარაღებისაკენ მოწოდება, წარმოადგენს დანაშაულებრივ ქმედებას, რომელიც გათვალისწინებულია სსკ-ის 317-ე მუხლით და ისჯება 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სუს-ის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი განმარტავს, რომ სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის შესახებ ინფორმაცია მოპოვებული იქნა კონკრეტულ პირთა ჯგუფის მიერ, რაც ავტომატურად იწვევს გამოძიების დაწყებას. მისი თქმით, საქმეზე გამოძიება დაწყებულია სხვა მტკიცებულებების საფუძველზე, ხოლო აუდიოჩანაწერი, რომელიც სუს-მა გაავრცელა არის საქმეში გამავალი ერთ-ერთი ნაწილი.
„ჩანაწერის გავრცელებამ საპრევენციო ხასიათის როლი შეასრულა, ამით მოქალაქეებს, ვინც შეიძლებოდა ნებით თუ უნებლიედ, მომხვდარიყო ამ გაუგებრობაში, ინფორმაცია მივეცით განზრახვის შესახებ, რომელიც ითვალისწინებდა სახელმწიფო ინსტიტუტების ბლოკირებას, დაპატიმრებული ადამიანის ტრანსპორტირებისას ხელის შეშლას, მათ შორის, არ გამოირიცხებოდა სისხლისღვრაც.
საუბრის შინაარსი სისხლის სამართლის ნიშნებს შეიცავს, თუმცა, ეს ვარაუდია, გამოძიების მიმდინარეობის პროცესში გამოიკვეთება უფრო მეტი მტკიცებულება, უნდა გამოიკითხონ მოწმეები, ეს პირები და შემდეგ შეგვეძლება დადასტურებით ვისაუბროთ ამ თემასთან დაკავშირებით. ჩვენ ველოდებით, რომ გამოძიების პროცესში, დაკითხვების, ჩხრეკის შედეგად, ამოღებული ნივთმტკიცებების საფუძველზე, გვექნება უფრო მეტი არგუმენტი იმისა, რომ ვამტკიცოთ, თუ რომელი პირი შეიძლება გამოიკვეთოს აღნიშნულ საქმეში“, - განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.
სუს-ის ასევე განმარტავს, რატომ დაემთხვა არჩევნების პერიოდს საქმის გამოძიების დაწყება. როგორც ლილუაშვილი ამბობს, ეს დაკავშირებული იყო საჯარო ეთერში გასულ იმ განცხადებებთან, რომლითაც კონკრეტული პოლიტიკური პირები აანონსებდნენ დაკავებული პირის ცუდად გახდომას და შესაბამისად, მისი კლინიკაში გადაყვანის აუცილებლობას. მისი თქმით, სწორედ ამ საუბრიდან გამომდინარე, იქ საუბარია სწორედ ამ პროცესის ხელის შეშლაზე და ეს იყო აუცილებლად გასაკეთებელი.
„გარდა ამისა, ჩვენმა სამსახურმა წერილით, „გრიფით საიდუმლო“ არსებული საფრთხეების შესახებ იმავე დღეს მიმართა პენიტენციურ სამსახურს, რომ პატიმრის ეტაპირებისთვის, ტრანსპორტირებისთვის ყოფილიყო განთვალისწინებული განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომები, რათა მის ჯანმრთელობას საფრთხე არ დამუქრებოდა“, - განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.
მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება დაწყებულია, როგორც ჩანს, „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლების დამხობის გეგმაზე მზადებას აგრძელებს და ამას ადასტურებს სააკაშვილის კერძო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით მიმდინარე აქციები და მათ შორის ელენე ხოშტარიას გადაწყვეტილება, რომელიც „მოშიმშილე“ და „დაუძლურებელი“ სააკაშვილის კერძო კლინიკაში გადაყვანას ითხოვს. ოპოზიცია ამბობს, რომ სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ რეალობა განსხვავებულია.
სააკაშვილი რომ არ შიმშილობს, ეს პარტიის წევრებმაც იციან და ხელისუფლებამაც, მაგრამ პატიმრის ნებართვის გარეშე პირადი ინფორმაციის შესახებ ინფორმაციის გავრცელება კანონით აკრძალულია, რასაც პარტია იყენებს, ისევე როგორც ინფორმაციას იმის შესახებ, დაკავების მომენტში იმყოფებოდა თუ არა სააკაშვილი ალკოჰოლის, ან ნარკოტიკული ნივთიერების თრობის ქვეშ. შესაბამისად, სააკაშვილი არ არის ის ფიგურა, რომელმაც პენიტენციურ სამსახურს თავისი კვების რაციონისა და დღის რეჟიმი გასაჯაროების უფლება მისცეს. მოშიმშილე სააკაშვილმა მოითხოვა მაცივარი, რომელიც პენიტენციალურმა სამსახურმა გადასცა. სააკაშვილი ღებულობს ლიმონათს, უზარმაზარი რაოდენობით თაფლიან ჩაის, მიირთმევს სეფისკევერებს და, რა თქმა უნდა, საკმაოდ დიდი რაოდენობით ხილს.
იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, თუ საჭირო გახდება, აუცილებლად გამოიყენებენ ყველა ხერხს, რომ დაიცვან პირადად პატიმარი და მისი უსაფრთხოება, მათ შორის, აუცილებლობის შემთხვევაში, მისი ეტაპირებისთვის გამოყენებული იქნება ვერტმფრენი.
„მათ გასაგონად ვთქვი და კიდევ ერთხელ ვიმეორებ ძალიან ხაზგასმით და მკაფიოდ - თუ ვინმე ამის გაკეთებას შეეცდება, ბუნებრივია, ის კანონის წინაშე სრული სიმკაცრით აგებს პასუხს, მაგრამ ჩვენ ყველა სცენარისთვის მზად ვართ. აბსოლუტურად არავის ეშინია. ჩვენ ვამბობთ, რომ თუკი საჭირო გახდება, პატიმრის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ჩვენ აუცილებლად გამოვიყენებთ ყველა ხერხს, რომ დავიცვათ პირადად პატიმარი და მისი უსაფრთხოება, მათ შორის, ვერტმფრენითაც“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.
„ნაციონალური მოძრაობა“ რომ სახელმწიფო გადატრიალების გზით ცდილობს ხელისუფლებაში მოსვლას, ამას ადასტურებს ამ საქმის ქრონოლოგიაც, თუმცა არც ერთ შემთხვევაში გამოძიებამ საქმე ბოლომდე არ მიიყვანა. შესაბამისად, გამოძიების მიერ გათამამებული „ნაციონალური მოძრაობა“ განზრახვის სისრულეში მოყვანაზე უარს არ აცხადებს. რაც შეეხება ამ საქმის ქრონილოგიას - ასე გამოიყურება:
2014 წელი - ე.წ. „საბურავების საქმე“. შს მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ ქვეყანაში შესაძლო დესტაბილიზაციაზე საუბრისას აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ევრომაიდანის სცენარზე მუშაობს და დაწყებული იყო საბურავების მომარაგება. იმავე წლის სექტემბერში ჭიკაიძემ კვლავ გააკეთა მსგავსი ტიპის განცხადება, თუმცა გამოძიების ბედი ამ დრომდე უცნობია.
2015 წელი - „შეთქმულება ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად“. სუს-მა უკრაინულ ვებ-გვერდზე გავრცელებული ჩანაწერების შემდეგ გამოძიება 315-ე მუხლით დაიწყო. ჩანაწერი შეეხებოდა მიხეილ სააკაშვილის, გიგა ბოკერიასა და ნიკა გვარამიას საუბარს, რომელიც უკავშირდებოდა „რუსთავი2“-ისთვის ბრძოლის გეგმას. გამოძიების შედეგი ამ შემთხვევაშიც უცნობია.
2016 წელი - „შეთქმულება ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად“. გამოძიება 315-ე მუხლით კიდევ ერთხელ დაწყო. გავრცელდა ფარული აუდიო, რომლის ავტორის მტკიცებითაც, ენმ-ის ლიდერები შესაძლო გადატრიალების საკითხზე საუბრობენ. სუს-მა შეთქმულების საქმეზე გამოძიება 27 სექტემბერს დაიწყო, 29 სექტემბერს კი საზოგადოებამ მოისმინა შსს-ის განცხადება იმის თაობაზე, რომ ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ტერიტორიაზე დამარხული საბრძოლო იარაღი აღმოაჩინეს. როგორ დასრულდა გამოძიება, რა თქმა უნდა, უცნობია. თუმცა როგორ დასრულდება რიგით მეოთხე სისხლის სამართლის საქმე, ამას საზოგადოება მალე ნახავს.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ რომ ხელისუფლების დამხობის გეგმაზე მუშაობა 2014 წლიდან დაიწყო, ამის შესახებ for.ge-სთან საუბრისას აცხადებს ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი, რომლის განცხადებით, გამოძიება არჩევნების წინა დღეს არ დაწყებულა, ეს დაიწყო 2014 წლიდან და უნდა დაგვირგვინებულიყო არჩევნების მეორე დღეს, მაგრამ წინმსწრებად მოპოვებულმა ინფორმაციამ, გარკვეულწილად, ეს გეგმები შეუცვალა „ნაციონალურ მოძრაობას“.
„ის, რაც გავრცელდა სუს-ის ბრიფინგზე, ეს არის აბსოლუტური სისულელე. 2014 წლიდან მიმდინარეობს „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმების ოპერატიული მონიტორინგი, რომლის უშალო შემრულებელი და მთელ რიგ ეპიზოდებში წამყვანი შემსრულებელი, 2015 წლის ჩათვლით, მე ვიყავი. მერე მომიწია იქიდან წამოსვლა და მერე როგორ გააგრძელა სუს-მა, არ მაქვს ინფორმაცია, მაგრამ, როგორც ჩანს, უყურადღებოდ არ მიუტოვებია სახელმწიფო გადატრიალებისთვის მზადების პროცესი. მადლობა ღმერთს, რომ ცხელ კვალზე პრევენციული ღონისძიებების ჩატარების დროს აღკვეთლი იქნა კონკრეტული დანაშაულებრივი ჯგუფების განზრახვა.
რაც შეეხება პრეტენზიას, რომ რამდენჯერ უნდა აღძრულიყო საქმე - ამ ხელისუფლების პირობებში იდეაფიქსი და მიზანი არ არის ვიღაცის დაჭერა და ციხეების გავსება. სპეცსამსახურების მუშაობის ეფექტურობა არა ციხეების გავსებაშია, არამედ მოსამზადებელი დანაშაულის პრევენციული აღკვეთაა. კი ბატონო, მიმდინარეობს ოპერატიული დაკვირვება, პროცესების ოპერატიული მონიტორინგი, მაგრამ ის, რომ არშემდგარ დანაშაულზე გავავსოთ ციხე, წინა რეჟიმისგან განსხვავებით, ეს არ არის ამ ხელისუფლების სავიზიტო ბარათი, როდესაც ადამიანებს არშემდგარი და გამოგონილი ტერაქტების გამო აუპატიურებდნენ და აწამებდნენ“, - აცხადებს დავით ქართველიშვილი.
მისი თქმით, 2014 წლის 24 ივილსს ქალაქ კიევში, სააკაშვილთან შესახვედრად ჩავიდნენ გიგა ბოკერია, გივი თარგამაძე და გიორგი ბარამიძე, რომლებმაც დააფუძნეს „საქართველოს განთავისუფლების შტაბი“, რაც ცნობილი იყო სპეცსამსახურებისთვის.
„7 წლის განმავლობაში ამ შტაბში დაგეგმილი სცენარებით მიმდინარეობს სახელმწიფო გადატრიალების ცალკეული მცდელობები. გეგმებში იყო ხავერდოვანი გზა და ამ წლების განმავლობაში „ქართული ოცნება“ უნდა დაეშალათ როგორც პარტია და მაქსიმალური ზიანი მიეყენებინათ მისთვის, როგორც მმართველი პარტიისთვის.
პარალელურად, თავის რიგებში მოეზიდათ რაც შეიძლება მეტი ამომრჩეველი და ამ ამომრჩევლის ძალიან დიდ ნაწილს, მოსყიდვის გზით, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, ხუთიანი უნდა შემოეხაზა და ამით იწურებოდა მათი ვალდებულება „ნაციონალური მოძრაობის“ წინაშე. ეს იმ ადამიანების კატეგორია არ არის, იმავე თანხით ქუჩაში გავიდეს და სახელმწიფო გადაატრიალოს, კარვები დადგას და მაედანი მოაწყოს. ასე რომ, ეს არ არის წინასაარჩევნო სპეცოპერეაცია, ეს იყო 7 წლის განმავლობაში მიმდინარე მოვლენების ერთ-ერთი აქტიური ფაზა, რომელიც აღკვეთა სუს-მა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით ქართველიშვილმა.
ანალიტიკოს მამუკა არეშიძის განცხადებით, ქვეყანა ისეთ აჭრილ მდგომარეობაშია, რომ არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება.
„თუ გახსოვთ „ვარდების რევოლუციის“ დროს არც სააკაშვილს არ ჰქონდა განსაკუთრებული რესურსი, არც ბევრი ხალხი არ ჰყავდა და არც მაინცდამაინც ბევრი მხარდაჭერა არ ჰქონდა. ოპოზიციის რიგებში მაშინ არ იყო ერთსულოვნება, მაგრამ მაინც მოახერხა ხელისუფლების დამხობა, მართალია, საბოლოო ჯამში შევარდნაძის თანხმობით მოხდა ეს ყველაფერი, შევარდნაძემ სახლში წასვლა არჩია და მოხდა გადატრიალება, თუმცა პროცესი მაინც დაიწყეს და საბოლოო ჯამში, იმით დასრულდა, რაც სურდა ოპოზიციას.
ასე რომ, მე ვერაფერს ვერ გამოვრიცხავ. ქვეყანა ისეთ აჭრილ მდგომარეობაშია, რომ არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება. მით უმეტეს, სამართალდამცავების მოქმედება და პაუზის დემონსტრირება ზოგ შემთხვევში მიგვანიშნებს, რომ ხშირ შემთხვევაში, ეს იმის გამო ხდება, რომ დასავლეთის მწვავე რეაქციის თუ საზოგადოების გარკვეული ნაწილის განწყობების ეშინიათ. შეიძლება რაღაცა ჩანაფიქრია, არ ვიცი, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ეს პროცესი ნაკლებად არის მართული“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას მამუკა არეშიძე.