„ნაციონალური მოძრაობისთვის“ თავის დროზე ნოემბერი „ტკბილი“ იყო, რადგან სწორედ ამ თვეში მოხდა „ვარდების რევოლუცია“ და ისინი ხელისუფლებაში მოვიდნენ. თუმცა, ხელისუფლებაში მოსვლიდან ოთხ წელიწადში ნოემბერი „გამწარდა“ - დაარბიეს აქციები, შეიჭრნენ ტელევიზიაში და ჟურნალისტებზე ფიზიკურად იძალადეს.
წლების შემდეგ, როდესაც უკვე ისინი ოპოზიციაში მოვიდნენ, 7 ნოემბერი დაივიწყეს და ამ დღეს დააანონსეს აქცია, მათი ბელადის, მიხეილ სააკაშვილის ციხიდან დასახსნელად და არჩევნების ხელხლა ჩასატარებლად. საზოგადოების მხრიდან მწვავე რეაქციამ ნაციონალები აიძულა აქცია გადაედოთ.
რას დაუპირისპირებს მმართველი გუნდი ოპოზიციის აქციებს, სჯერათ თუ არა მმართველ გუნდში ექს-პრეზიდენტის შიმშილისა და გადაიყვანენ მას თუ არა საავადმყოფოში? - ამ კითხვებზე უმრავლესობის წევრი გივი მიქანაძე გვპასუხობს.
უმრავლესობის სხდომაზე განხილული იქნა თუ არა მიხეილ სააკაშვილის საკითხი?
- მსჯავრდებული სააკაშვილი არის ერთი რიგითი პატიმარი, რომელიც სარგებლობს ყველა იმ უფლებით, რითაც სხვა დანარჩენი მსჯავრდებული. ის არაფრით არ არის სხვებისგან გამორჩეული. მან ჩაიდინა კონკრეტული დანაშაული და ამიტომაც არის განთავსებული შესაბამის იზოლატორში. მისი გადაწყვეტილებაა, რომ იშიმშილოს, თუმცა კანონმდებლობა ამას არეგულირებს და ციხის ადმინიატრაცია თუ ექიმები საჭიროების შემთხვევაში, იზრუნებენ ყოველგვარი გადამეტების გარეშე. შესაბამისად, ამ საკითხის და ამ ადამიანის აქტუალობა ამის იქით არ მიდის. ამ საკითხის განხილვა უმრავლესობის სხდომაზე არასერიოზული და არარეალურია. ამ საკითხისთვის ერთი წამიც არ დაგვითმია და არც ვაპირებთ. ის არის მსჯავრდებული, რომლის უფლებები დაცულია.
საინტერესოა, რეალურად შიმშილობს თუ არა ექსპრეზიდენტი და თქვენ, პირადად რა პოზიცია გაქვთ ამასთან დაკავშირებით?
- ზუსტად ეს იწვევს იმ კითხვის ნიშნებს, რომელიც არსებობს. ეს არ არის სრულფასოვანი შიმშილობა. 30 დღეზე მეტია, რაც ე.წ. შიმშილობა აქვს გამოცხადებული, რასაც ნორმალურ ვითარებაში ორგანიზმი ვერ გაუძლებდა. რამდენადაც ვიცი, მას კომატოზური მდგომარეობა არ აღენიშნება და მხოლოდ სისუსტე აქვს, რაც გასაკვირი არაა. ამიტომ მისი შიმშილობა ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს.
მმართველი გუნდი ხომ არ აპირებს შევიდეს ციხეში, რათა ადგილზე გაეცნოს ვითარებას?
- კიდევ ერთხელ, ხაზგასმით ვიმეორებ, სააკაშვილი არის ერთ-ერთი მსჯავრდებული, რომელსაც კანონით განსაზღვრული უფლებები აქვს და შესაბამისად, ადმინისტრაცია იზრუნებს მასზე. სხვა, დანარჩენი ამ ადამიანზე აქცენტირება არარეალურია. ვერავინ ვერ იქნება პრივილეგირებულ მდგომარეობაში.
კი ამბობთ, რომ რიგითი პატიმარია, მაგრამ ფაქტია, მნახველებს ვერ აუდის ყოფილი პრეზიდენტი. სხვა პატიმრებთან შედიან ასე მნახველები? ხომ შეიძლება ანალოგიური პრეტენზია სხვებმაც გამოთქვან?
- თუ ჩვენ გადავხედავთ სიას, ძირითადად, პატიმარ სააკაშვილთან შედიოდნენ ადვოკატები, რომლებსაც კანონით აქვთ ამის უფლება და ოჯახის წევრები, რომლებსაც კანონით აქვთ განსაზღვრული ყოველდღიური ვიზიტები. აგრეთვე, ამ სიაში შედიან პოლიტიკოსები, პარლამენტის წევრები, რომლებიც მისი პარტიის წარმომადგენლები არიან. მათი სულიერი ლიდერი, მოძღვარი დაპატიმრებულია, რასაც არ ეთანხმებიან და ამიტომ აქტიურობენ და შედიან მის სანახავად. როგორც კანონში წერია, პარლამენტის წევრს უფლება აქვს შევიდეს ნებისმიერ ციხეში და ინახულოს მსჯავრდებული. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ის არის მსჯავრდებული, რომლის დანაუშაულებებთან დაკავშირებით განაჩენი გამოტანილი აქვს სასამართლოს. წლების განმავლობაში, იგი თავს არიდებდა მართლმსაჯულებას და პლუს ამას, უკანონოდ გადმოკვეთა საზღვარი. ორ დანაშაულზე 6 წელი აქვს მისჯილი, რამდენიმე საქმეზე კი პროცესი ახლაც გრძელდება. ამიტომ, ამ ადამიანთან დაკავშირებით, განსხვავებული მიდგომა არ გვექნება. უბრალოდ, გაუმართლა და მისი თანაგუნდელები არიან ფრაქციის წევრები, რომლებიც სარგებლობენ კანონით და მასთან ხშირად შედიან.
სააკაშვილისთვის ნოემბერი საკმაოდ წარმატებული თვეა, ერთხელ, „ვარდების რევოლუციით“ მოახერხა ხელისუფლებაში მოსვლა. რევოლუციისკენ მოწოდებამ მისგან კიდევ გაიჟღერა. როგორ ფიქრობთ, ამჯერადაც მოახერხებს ამას?
- ვერ დაგეთანხმებით, რომ ნოემბრის თვე სააკაშვილისთვის არის წარმატების სიმბოლო. საპირწონედ გავიხსენებდი 7 ნოემბერს. როდესაც არსებობს 2007 წლის 7 ნოემბერი, რა დროსაც მოუწია პრეზიდენტის თანამდებობის დატოვება ვადაზე ადრე, ვერანაირად ვერ დაგეთანხმებით, რომ ნოემბრის თვე მისთვის წარმატებულია. რაც შეეხება მის მოწოდებებს, არჩევნების ვითომდა გაყალბებასთან დაკავშირებით, ჯერ ერთი, ამასთან დაკავშირებით არ უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, ხოლო თუ თავის სატელიტურ ტელევიზიებს უყურებს, ვურჩევდი, რომ გადაერთო და მოუსმინოს საერთაშორისო დამკვირვებლების მაღალ შეფასებებს, თუ რამდენად კონკურენტუნარიან გარემოში ჩატარდა თვითმმართველობის არჩევნები. შესაბამისად, ყველა ის გეგმა, რაც მსჯავრდებულ სააკაშვილს და მისი გუნდის წევრებს ჰქონდათ, წყალში ჩაეყარათ. დარჩათ ერთადერთი გზა - რევოლუცია, რომლის განხორციელების საშუალებას არავინ არ მისცემს.
ეს ქვეყანა იმართება დემოკრატიული პრინციპებით. საზოგადოების უმრავლესობამ „ოცნებას“ ნდობა კიდევ ერთხელ გამოუცხადა. ქართველ ხალხს „ოცნება“ წარმოუდგენია იმ ძალად, რომელმაც 2024 წლამდე უნდა გააგრძელოს ქვეყნის მართვა. ოპოზიციას ყველა გეგმა ჩაუვარდა - აქციაზე ათასი კაციც ვერ შეაგროვეს. სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება 9 წლის განმავლობაში არის თავისუფალი და დამოუკიდებელი და არც აქციებზე ექმნება ოპოციზიას ხელი სიტყვის თავისუფლად გამოხატვაში. ჩვენ პატივს ვცემთ მოქალაქეების მცირე ჯგუფის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ გარკვეული პოზიციები ღიად და საჯაროდ დააფიქსირონ. თუმცა, თუკი იქნება მცდელობა იმისა, რომ კონსტიტუციური წყობას, ქვეყნის შემდგომ განვითარებასა და უსაფრთხოებას საფრთხე შეუქმნან, ამას კანონის ფარგლებში შესაბამისი პასუხი გაეცემა. ყველა, ვინც ამას გაბედავს, კანონის წინაშე წარსდგება და პასუხს აგებს.
რამდენადაც ნოემბერი „ნაციონალური მოძრაობასთან“ „ვარდების რევოლუციასთან“ და ხელისუფლებაში მოსვლასთან ასოცირდება, იმდენად აღნიშნული თვე მათთვის საბედისწეროც არის და ეს თქვენც აღნიშნეთ. თუმცა, დაივიწყეს და სწორედ პირველ ჯერზე 7 ნოემბერს დააანონსეს აქცია, ანუ იმ დღეს, როდესაც ხალხი დაარბიეს და ტელეკომპანია „იმედში“ შეიჭრნენ. აღნიშნულ საქმეზე ექს-პრეზიდენტი მსჯავრდებულია...
- ისინი არა მხოლოდ პოლიტიკურად არიან ჩამოშლილნი, მორალურადაც სახე დაკარგეს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, „ნაციონალური მოძრაობა“ არ უნდა აანონსებდეს 7 ნოემბერს აქციას. 7 ნოემბერს, როდესაც მთელმა საზოგადოებამ გაიგო რა ჩაიდინეს. ამიტომ, მათი მხრიდან მსგავსი განცხადება, შემდეგ მცდელობა იმისა, რომ გამოესწორებინათ და 6 ნოემბერს გადაეტანათ, კიდევ ერთხელ აჩვენებს მათ ამორალურ სახეს. არაერთხელ გვსმენია თავად მსჯავრდებული სააკაშვილისგან: „ჩვენ შევცდით და გარკვეული შეცდომები დავუშვით“ და საზოგადოების წინაშე ვითომდაც ბოდიში მოიხადეს, მაგრამ ზუსტად, აქციაზე ძალიან კარგად გამოვლინდა, რომ ეს ყველაფერი ფარსია. მათ არც ახსოვთ, რა მოხდა 7 ნოემბერს და თუ ახსოვთ, საერთოდ არაფრად არ თვლიან, რა მოხდა იმ დღეს.
ასევე მინდა გკითხოთ, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტზე შოტლანდიაში, გარემოს დაცვის კონგრესზე, სადაც ის ევროპელ ლიდერებს შეხვდა, შეხვდა ასევე საქართველოსთვის უკვე „კარგ მეგობარს“, შარლ მიშელს. რა გზავნილებით დაბრუნდება პრემიერი და თუ გაქვთ ინფორმაცია, კონრეტულად რა დიალოგი შედგა ირაკლი ღარიბაშვილსა და შარლ მიშელს შორის?
- ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია, რადგან შესაძლებლობაა საქართველოსთან მიმართებაში კიდევ ერთხელ გამოიკვეთოს მკაფიო მხარდაჭერა. ეს არის ვიზიტი, რომლის ფარგლებშიც, ჩვენი ქვეყნის პირველ პირს ექნება შესაძლებლობა, რომ თავის კოლეგებთან ჰქონდეს ძალიან ინტენსიური საკითხების განხილვა, რომელიც აქტუალურია. ასევე, ეს არის იმის შესაძლებლობა, რომ საქართველო, როგორც მნიშვნელოვანი პარტნიორი, გამოიკვეთოს საერთაშორისო ასპარეზზე.
რაც შეეხება შარლ მიშელთან შეხვედრას, ეს იყო მეგობრული შეხვედრა. შარლ მიშელს აქვს დეტალური ინფორმაცია ყველა იმ მოვლენასთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ვითარდება, მათ შორის არჩევნებთან მიმართებაშიც და ოპოზიციის ქმედებებზე.
დაბოლოს მინდა გკითხოთ, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, თვითმმართველობის არჩევნებზეც „ქართულ ოცნებას“ გამარჯვების მისაღწევად მეორე ტური დასჭირდა. რა დაგანახათ ამ არჩევნებმა, რა არის თქვენი მინუსები, რის გამოც მმართველ გუნდს მეორე ტურში მოუწია ბრძოლა?
- ჩვენ დემოკრატიულ სახელმწიფოს ვაშენებთ და საზოგადოების გადაწყვეტილებაა უმთავრესი. ვერანაირ ტრაგედიას ვერ ვხედავ იმაში, რომ რიგ ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში მეორე ტურის ჩატარება საჭირო გახდა. ესეც დემოკრატიის შემადგენელი ნაწილია. პატივს ვცემთ თითოეული მოქალაქის მიერ გაკეთებულ არჩევანს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის მხარდაჭერა, რომელიც ჩვენი გუნდის მიმართ ქართველმა ხალხმა გამოხატა. ახლა, ხელები უნდა დავიკაპიწოთ და მოსახლეობის პრობლემების გადაწყვეტაზე უნდა ვიფიქროთ.