გია ვოლსკი:  სააკაშვილი შეპყრობილია გარკვეული იდეით და ამ იდეას თუ გადაიტანს ფურცელზე, გვაქვს პატიმრების მოსაზრებები, რომელიც განიხილება ბიუროზე და შეიძლება, დღის წესრიგშიც აღმოჩნდეს განსახილველ საკითხებში

გია ვოლსკი:  სააკაშვილი შეპყრობილია გარკვეული იდეით და ამ იდეას თუ გადაიტანს ფურცელზე, გვაქვს პატიმრების მოსაზრებები, რომელიც განიხილება ბიუროზე და შეიძლება, დღის წესრიგშიც აღმოჩნდეს განსახილველ საკითხებში

სააკაშვილი არის შეპყრობილი გარკვეული იდეით და ამ იდეას თუ გადაიტანს ფურცელზე, გვაქვს პატიმრების შემოთავაზებები, მოსაზრებები, რომელიც განიხილება ბიუროზე და შეიძლება დღის წესრიგშიც აღმოჩნდეს განსახილველ საკითხებს შორის, - ასე ეხმიანება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი მიხეილ სააკაშვილის განცხადებას.

მისი თქმით, თუკი მას აქვს მოსაზრება, როგორ უნდა მოხდეს მისი გათავისუფლება, შეუძლია წარმოადგინოს. ვოლსკი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ერთადერთი მიზანი, რაც "ნაციონალურ მოძრაობას" რეალურად ამოძრავებს, რევოლუციური სცენარია.

"ხშირად ვიგებთ ხოლმე პატიმრების განცხადებებს ამა თუ იმ სამართლებრივი საკითხების შეცვლის თაობაზე, რამდენიმე საკითხი გამოვიდა კიდეც ბიუროზე. თუ რაიმე აქვს ასეთი მექანიზმი, ჩანაფიქრი სააკაშვილს, რომლითაც შეიძლება შეიცვალოს არსებული კანონმდებლობა, მსოფლიო სტანდარტი და ვიმსჯელოთ იმაზე, ქვეყანას როგორ წაადგება გათავისუფლების ის მეთოდი, რომელსაც სთავაზობს თავის მხარდამჭერებს, ამასთან დაკავშირებით შეიძლება სამართლებრივ ჭრილში გადავიყვანოთ (საუბარი), მაგრამ ასე მუდმივად რევოლუციურ რეჟიმში ამყოფოს თავის მხარდამჭერები, საზოგადოება, საერთაშორისო თანამეგობრობა და საერთოდ დისონანსის შემომტანი განცხადებები აკეთოს მუდმივად, რასაკვირველია, ვიღაცისთვის ეს საინტერესოა, დღის წესრიგს ქმნის, სკანდალურია, თუმცა, ეს ის არ არის, რაც სახელმწიფოს სჭირდება. სამუშაოა სხვა მიმართულებით სოფლის მეურნეობით დაწყებული, განათლების სისტემით დასრულებული. მიტინგებზე, სხვადასხვა შეხვედრაზე არ მალავენ უკვე, ჩანაწერებიც მოვისმინეთ, როგორ უნდა მოხდეს რევოლუციურ-დესტაბილიზაციური სცენარის განვითარება და ელოდებიან მითითებას, ბრძანებას პატიმრისგან.

პატიმარმაც არ დააყოვნა და ასეთი განცხადება გააკეთა, თუმცა, რაღაც სამართლებრივი ელემენტებიც ჩაირთო, რომ ვინმემ ეს არ დააბრალოს, მაგრამ ყველასთვის ნათელია, რომ რევოლუცია არის მათი ერთადერთი მიმართულება. ადამიანი არის შეპყრობილი გარკვეული იდეით და ამ იდეას თუ გადაიტანს ფურცელზე, გვაქვს პატიმრების შემოთავაზებები, მოსაზრებები, რომელიც განიხილება ბიუროზე და შეიძლება დღის წესრიგშიც აღმოჩნდეს განსახილველ საკითხებს შორის", - განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისათვის, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მისი გათავისუფლების პირობებში, ვადამდელი არჩევნები 10 დღეში ჩაინიშნება.